საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო ქიმიოტერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება.
პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი, მთავრობის დადგენილება გულისხმობს ცვლილებების შეტანას „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში.
საუბარია ცვლილებაზე, რომლის ამოქმედებასაც ონკოპაციენტების ნაწილი თვეების განმავლობაში ითხოვდა. კერძოდ, მათი მოთხოვნა იყო, თითო პაციენტის მკურნალობაზე გამოყოფილი წლიური 25 ათასლარიანი ლიმიტი მოხსნილიყო და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების დაფინანსება ულიმიტო გამხდარიყო.
ამ მოთხოვნის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნულ თანხაში შედიოდა როგორც მკურნალობის პროცესი და კვლევები, ისე მედიკამენტები. თუმცა პაციენტების ნაწილისთვის, სიმსივნის სახეობიდან გამომდინარე, ძვირადღირებული მედიკამენტები იყო საჭირო, რასაც 25 ათასლარიანი ლიმიტი არ ჰყოფნიდა.
„მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში; ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 16 აპრილით თარიღდება.
უახლესი
9 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა