არ შეიძლება, რომ დოლარიზაცია მუდმივად ვამციროთ, რადგან არსებობს გარკვეული ბუნებრივი დონე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„დღევანდელი გათვლებით დედოლარიზაციის ბუნებრივი დონე არის დაახლოებით 30%. ჩვენ დღეს ჯერ კიდევ შორს ვართ ამ მიჯნისკენ, თუმცა წლების განმავლობაში გატარებულმა პოლიტიკამ შეამცირა დოლარიზაციის დონე.
შეგახსენებთ, რომ დეპოზიტებთან მიმართებით 50%-ზე ცოტა მეტია უცხოურ ვალუტაში დენომინირებული, ხოლო სესხებთან მიმართებით 45% ჩვენი სასესხო პორტფელის. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ გრძელვადიან გეგმაზე საბანკო სექტორთან ერთად, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ორმხრივი ძალისხმევის შედეგი. საბანკო სექტორის დაინტერესებულია, რომ მათი მსესხებლებიც იყვნენ მდგრადები“, - აღნიშნა თურნავამ.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ძირითადი ნაბიჯები გადადგა ჰეჯირებიეკენ, იმისთვის, რომ დოლარიზაციის რისკები შეამციროს.
„ჩვენი ღია ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონე ჯერ კიდევ წარმოადგენს გარკვეულ რისკებს და უფრო ზრდის ქვეყნის ეკონომიკის მოწყვლადობას გარე შოკებთან მიმართებით. რაც ჩვენ დავინახეთ პრაქტიკაში ეს ყველაზე ხშირად ასოცირდება სავალუტო კურსის ცვალებადობასთან.
ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, არამედ ეს არის ის მთავარი რისკი, რომელიც ნახსენებია წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების მიერ და ეს მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, როდესაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოში დააბანდონ თავისი კაპიტალი.
ჩვენთან საბანკო სისტემის მომხმარებლების დიდი ნაწილი მოწყვლადია. ვინც არ არის ჰეჯირებული, არ არის დაცული სავალუტო რისკებისგან. ამ კუთხით აუცილებელი ზომები მიმართულია იქითკენ, რომ სულ უფრო მეტი ჩვენი მომხმარებელი, იურიდიული თუ ფიზიკური პირი იყოს ჰეჯირებული, ანუ სავალუტო კურსის ცვალებადობისა და სავალუტო რისკებისგან უფრო დაცული.
ჩვენი მანდატის მნიშვნელოვანი ამოცანა არის ფინანსური სტაბილურობა, ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის გადასადგმელი ნაბიჯი.ამიტომ, ჩვენ ბოლო გადაწყვეტილებებით მეტი აქცენტი გავაკეთეთ ჰეჯირებაზე და არა მხოლოდ დედოლარიზაციაზე.
სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ჭერი არსებობს ლარში სესხებზე არაჰეჯირებულ მომხმარებელთან მიმართებით. პარალელურად, იმ მსესხებლებისთვის ვისაც შემოსავალი აქვს ვალუტაში, მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ იმავე ვალუტაში აიღონ სესხი. ეს არის გადადგმული ნაბიჯი ჰეჯირებიეკენ. რაც ნიშნავს, რომ რა ვალუტაშიც აქვს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შემოსავალი, იმ ვალუტაში ჰქონდეს მას სესხის აღების შესაძლებლობა“, - განაცხადა თურნავამ.
უახლესი
11 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა