რა გეგმები აქვს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური პროდუქციის მწარმოებელ „ქეთო'ს“
ქეთო'ს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს გაფართოებას გეგმავს. Business Insider Georgia-სთან ქეთო'ს დამფუძნებელმა ქეთი მელაძემ განაცხადა, საკმაოდ ნეგატიური 2023 წლის შემდეგ ქეთო'ს გეგმებს დუშეთში აგროტურისტული მიმართულების განვითარება წარმოადგენს, სადაც მცირე მეწარმე ჯემების წარმოებასაც გადაიტანს.
„წარმოება პანდემიის პერიოდში დავიწყე. თავიდან საქმიანობა დავიწყე წიწაკის ჯემებით. პირველი პროდუქტი იყო წიწაკის ჯემი კომშით და შემდეგ ეტაპობრივად დავამატე სხვადასხვა ხილის არომატები, ეს იყო ფეიხოა, ლეღვი, ჟოლო და სხვა. ზოგადად წიწაკის ჯემების გარდა ვაწარმოებ მურაბებსაც, თუმცა ამ მურაბებში დამატებულია სხვადასხვა სახის მწვანილის არომატი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ატმის მურაბას ვაკეთებ როზმარინით, მაყვალს ქონდრით, ხახვის მურაბას ვამზადებ საფერავით და ლურჯი მოცვით“, - განუცხადა მცირე მეწარმემ Business Insider Georgia-ს.
ქეთი მელაძის განმარტებით, ქეთო'ს პროდუქცია მთლიანად მისი რეცეპტებით არის დამზადებული.
ბრენდი ამჟამად წარმოდგენილია ბაზარი ორბელიანზე, სადაც „ქეთო'ს“ საკუთარი შოუ-რუმი აქვს.
„ვთანამშრომლობ სხვადასხვა რესტორნებთან და სასტუმროებთან. ასევე რამდენიმე მაღაზიასთან“, - განმარტა ქეთი მელაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებას ყოველწლიურად დაახლოებით 50%-ით აფართოებს, 2023 წელი გაყიდვების კუთხით საკმაოდ ნეგატიური იყო.
„2023 წელი საკმაოდ ცუდი იყო ჩემთვის. მოტივაცია დაკარგული მაქვს. ფაქტობრივად თავიდან უნდა დავიწყო ყველაფერი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დუშეთში ვაპირებ წარმოების გადატანას. ვფიქრობ, რომ 2024 წელი უფრო კარგი და წარმატებული იქნება.
დუშეთში უკვე აშენებული მაქვს შენობა, სადაც მურაბების, ჯემების და საწებლების გარდა ვფიქრობ პროდუქციის ჩამონათვალი გავზარდო და სხვა ასორტიმენტიც შევთავაზო მომხმარებლებს“, - ამბობს მცირე მეწარმე.
ირკვევა, რომ დუშეთში ქეთი მელაძე წარმოების გარდა ტურისტული მიმართულების განვითარებასაც აპირებს და ტურისტებისთვის სხვადასხვა სახის მასტერკლასის ჩატარებას გეგმავს.
დღეს ბრენდი ქეთო'ს პროდუქციის მყიდველი ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ტურისტებიც არიან.
„ბაზარი ორბელიანზე პროდუქციას მაინც ტურისტები ყიდულობენ. როდესაც გამოფენებზე გავდივარ ჯემებს და მურაბებს ყიდულობენ როგორც ქართველები ისე ტურისტები. აქტიურად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში, რომ ჩემი პროდუქცია უფრო მეტმა გაიცნოს და მისი ცნობადობა გაიზარდოს“, - აღნიშნა ქეთი მელაძემ.
ქეთო'ს პროდუქციის შეკვეთა ონლაინ, ბრენდის ფბ-გვერდიდანაც არის შესაძლებელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები