დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამ განაპირობა სესხების ტემპის ზრდა

რამ განაპირობა სესხების ტემპის ზრდა

14-05-2024 18:00:00

უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციამ 2024 წლის მარტში 49.7% შეადგინა.

როგორც სებ-ის „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული, მარტის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.6 პპ-ით 64.3%-მდე, ხოლო იურიდიული პირების 0.3 პპ-ით 38.8%-მდე შემცირდა.

ამავდროულად. ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, მარტში, წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით 60.6%-მდე შემცირდა.

იმავდროულად, მარტში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.9 პპ-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპის მატება ეროვნული ვალუტით დაკრედიტების აჩქარებამ განაპირობა.

„კერძოდ, მარტში, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპი 19.3%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 10.7 პპ-იანი წვლილი შეადგინა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) წლიურად 14.9%-ით, 24.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 6.6 პპიანი წვლილი შეიტანა.

უცხოური ვალუტით დაკრედიტების აჩქარება ბიზნესის ტიპის სესხების ზრდას უკავშირდება. თუმცა აღსანიშნავია, ლარის ბიზნესის სესხების მზარდი ტენდენციაც. ჯამურად, ბიზნესის სესხების წვლილი დაკრედიტების ზრდაში 10.4 პპ-ია. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.0 პპ-ზე შეადგინა“, - აღნიშნულია „თვის მიმოხილვაში“.

მარტში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პპ-ით შემცირდა და 12.8% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით 15.1%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 8.7%-მდე გაიზარდა.

მარტში, იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 11.9%-მდე შემცირდა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი იგივე დონეზე 11.5%-ზე შენარჩუნდა.

მარტში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით გაიზარდა და 9.0%-ის დონეზეა. უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.2 პპ-ით 7.2%-მდე გაიზარდა. მარტში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით გაიზარდა და 44.8%-ს გაუტოლდა.

იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით 64.0%-მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 0.1 პპ-ით 28.0%-მდე შემცირდა. მარტში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 79.9 მლნ ლარით გაიზარდა და 491.9 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 39.8% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

მარტში საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 7.3 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად 1,105.2 მლნ ლარით გაიზარდა) და 50.7 მლრდ ლარი შეადგინა. სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 16.8%-ით გაიზარდა, მეტწილად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით. მარტში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 641.9 მლნ ლარით (2.5%-ით) გაიზარდა და 26.0 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა, ფიზიკური პირების დეპოზიტების მატებამ გამოიწვია. რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით 532.3 მლნ ლარით გაიზარდა. სამთავრობო სექტორის დეპოზიტები 186.7 მლნ ლარით გაიზარდა.

მარტში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით შემცირდა და 6.5% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 7.9%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად 1.6%-ზე შენარჩუნდა.

რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 1.2 პპ-ით შემცირდა და 10.3% შეადგინა, ხოლო აშშ დოლარის ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 2.1%-ის დონეზეა. ევროს ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით გაიზარდა და 1.0%-ს შეადგენს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები