მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექპერტმა და ამერიკელმა პროფესორმა რენე ჰობსმა მედიაწიგნიერების კუთხით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. მედიაწიგნიერების საჭიროების შესახებ ექსპერტმა „42°პარალელისთვის" მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა, ყურადღება ამ მიმართულებით ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ - „საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით, როგორც იმის ნაწილმა რასაც „ფეიკ ნიუსის" კრიზისს ვეძახით: დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსული პროპაგანდის გავრცელებით ზეგავლენის მოსახდენი სისტემური კამპანიებით, ბოტების და ტროლების გამოყენებით, ყველანაირი მექანიზმით რათა მოახდინონ ადამიანის გონებაში იმფილტრაცია გართობის, ინფორმაციის და დარწმუნების კუთხით."
პროფესორმა მოზარდებისა და მთლიანად საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის მედიის როლსა და გავლენაზე ისაუბრა და გამოწვევებთან გასამკლავებლად მედიაწიგნიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მედიაწიგნიერება მეტია ვიდრე ცრუ ინფორმაციის პრობლემის შესწავლა. მედია ჩვენი ცხოვრების ყველა ნაწილზე მოქმედებს, როცა როგორც მშობელი ბავშვს ვზრდით, მედია ძალიან ეფექტური ძიძაა, არა?! მიეცი ბავშვს ტაბლეტი და თავისუფალი ხარ, შეგიძლია საათობით მიატოვო, მაგრამ მედიის გამოყენებით ბავშვების აღზრდას თან ახლავს უამრავი პრობლემა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამას უკავშირდება ბავშვებში ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა, თვითშეფასების და ღირებულებების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული პრობლემები. რა თქმა უნდა პრობლემურია სოციალური კავშირებიც, უნარი - შეიძინონ მეგობრები. მაგალითად, 15 წლის ბიჭი, რომელსაც მხოლოდ ვიდეო თამაშების მეშვეობით აქვს სხვა ბავშვებთან კონტაქტი, ადამიანის განვითარების ჯანმრთელი გზა არ არის. მშობლები და მასწავლებლები აღიარებენ, რომ მედია ბევრ სარგებელს გვთავაზობს, რომ ბავშვს ეფექტურ კომუნიკატორად ჩამოყალიბებაში დაეხმარება, თუმცა არის ზიანიც." - განაცხადა რენე ჰობსმა.
პროფესორმა ასევე მედიაწიგნიერების უნარების ფართო საზოგადოებამდე მიტანის აუცილებლობასა და მედიაწიგნიერების განათლების სისტემაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ პირდაპირ იმ მიდგომას აღვწერთ, რომელიც აკადემიური კულტურიდან მომდინარეობს. იმიტომ, რომ დავდიოდით უნივერსიტეტში, კოლეჯში, და გვასწავლიდნენ, რომ ინფორმაციას გააჩნია იერარქია. სულ ზემოთ იყო ლიტერატურა და სადღაც ძირში იყო მედია. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ახლა საგანმანათლებლო ინსტიტუტებს მართავს, ქედმაღლური შეხედულება აქვს მასობრივ ინფორმაციაზე, რაც საშუალებას აძლევს არ მიაქციონ ყურადღება ინფლუენსერებს „იუთუბიდან", არც პოპულარული დოკუმენტური ფილმების შემქმნელებს, არც ბლოგერებს - მედიასთან დაკავშირებით ეს საერთოდ არ არის კრიტიკული აზროვნება - ეს ძალიან ზედაპირული დამოკიდებულებაა. სწავლებისადმი ჩვენი მიდგომის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ ქედმაღლური შეხედულების დაძლევაა. ადამიანებმა ხარისხი ხის სხვა და სხვა შტოებად უნდა განიხილონ: შეიძლება იყოს ხარისხიანი კომიქსი, ხარისხიანი მიმი, ხარისხიანი „პოდკასტი" და როდესაც ვიცვლით შეხედულებას ხარისხიან მედიასთან დაკავშირებით, ეს ხსნის გაცილებით მეტ შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, სკოლაში სწავლა მხოლოდ პაწაწინა სეგმენტია და მედიაწიგნიერების უნარები მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ისწავლო." - განაცხადა მედიაწიგნიერების ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, მედიაგანათლების ლაბის დამფუძნებელი და მედიის კვლევების, განათლების დარგში 12 წიგნის ავტორი, ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი, საქართველოში ComCom-მა, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სპეციალური მოწვევით ჩამოიყვანა. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტმა ქართველ სტუდენტებთან საჯარო ლექცია ჩაატარა, სადაც მედიაწიგნიერები როლზე, პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში დემოკრატიული საზოგადოებისთვის მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და მსოფლიო მასშტაბით მედიაწიგნიერები სწავლების არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.
უახლესი
3 საათის წინ
თბილისი ჰილს სამთო გარბენი3 საათის წინ
რაგბის ტური გენუასა და ნიცაში - TBC Concept22 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს