დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროდრომის რეკონსტრუქციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროდრომის რეკონსტრუქციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა

23-11-2023 11:30:18

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროდრომის განვითარებისა და რეკონსტრუქციისათვის ასაფრენ/დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და საჰაერო ხომალდების სადგომის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 1 200 000 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი განაცხადი 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

ტენდერში გამარჯვებული ვლდებულია, რომ მომსახურების გაწევა და სრული საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 კალენდარული დღის ვადაში განახორციელონ. აღნიშნული ვადა არ მოიცავს სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზისთვის განსაზღვრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. საავტორო ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს მთელი მშენებლობის განმავლობაში.

თელავის აეროდრომის  რეკონსტრუქციისათვის ასაფრენ დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და საჰაერო ხომალდების სადგომის პროექტირებას, არსებული პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა დაპროექტდეს ICAO-ს კოდური აღნიშვნით C კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე განისაზღვროს თელავის აეროდრომის პირობებში კრიტიკული საჰაერო ხომალდის CRJ 200 შერჩევით.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელია არსებული ასაფრენ/დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია, ახალი სამიმოსვლო ბილიკებისა პროექტირება და ბაქნის გაფართოება ისე, რომ შესაძლებელი იყოს სამი საანგარიშო საჰაერო ხომალდის ერთდროულად მომსახურება.

გამაგრებული გვერდულის სიმტკიცე უნდა იყოს არანაკლებ 1/3 ადზ-სი და ძირითადი სამიმოსვლო ბილიკებისა. მომზადდეს ასევე ბილიკებზე საჰაერო ხომალდების მოძრაობის სქემა და ბილიკების შესაბამისი მარკირების პროექტი. შესაბამისად, საჭიროა ამ სისტემის ერთიანი საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა. სისტემა უნდა დაპროექტდეს ისე, რომ მოიცვას აეროპორტის წითელ ხაზებში არსებული მთელი ტერიტორია. ასევე თუ პროექტი მომზადდება ისეთი ტექნიკური გადაწყვეტით, რომ იგულისხმებს სანიაღვრე წყლის ნაკადების აეროპორტის ტერიტორიიდან გაყვანას, განსაზღვრული უნდა იყოს როგორ მოხდება მისი შემდგომი წარმართვაც.

ცნობილია, რომ თელავის აეროდრომი „მიმინო“ 2024 წლიდან შიდა ფრენების მომსახურებას დაიწყებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სექტემბერში განაცხადა, მოხდება არსებული აეროპორტის რეკონსტრუქცია და მისის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი 1,7 კმ-მდე დაგრძელდება.

„შიდა ავიაციის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თელავის აეროპორტის რეკონსტრუქციას ვიწყებთ. აქ ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ასევე დაგრძელდება არსებული ასაფრენ/დასაფრენი ზოლი და 1,7 კმ გახდება. შესაბამისად ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან, ასევე ამბროლაურთან და მესტიასთან, სადაც იცით, რომ საკმაოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურა გააჩნია სახელმწიფოს და ასევე ბათუმთან. დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ტურისტს ერთი დღის განმავლობაში შეუძლია საზღვაო კურორტიდან ძალიან მნიშვნელოვანი გასტრო ენეოლოგიური კურორტი მოინახულოს. ასევე ძალიან საინტერესო ადგილებს ეწვიოს მთაში, იგივე მესტიაში. შიდა რეგულარული რეისები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ტურისტს ასევე შიდა ავიაციის განვითარებას“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, პროექტის წინასწარი ბიუჯეტი 25 მლნ ლარია, თუმცა თანხა პროექტირების დასრულების შემდეგ დაზუსტდება.

მინისტრი ამბობს, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ თელავის აეროპორტში მცირე ბორტებით საერთაშორისო რეისების მიღებაც იქნება შესაძლებელი, ხოლო შემდგომ გაფართოების ეტაპზე კი „მიმინო“ ჩარტერულ რეისებსაც მიიღებს.

„თელავის აეროპორტს სტატუსი ექნება საერთაშორისო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ყველა საერთაშორისო სტანდარტს დავაკმაყოფილებთ. ეს არის პირველი ეტაპი იმისათვის, რომ შიდა ფრენები განხორციელდეს ეფექტურად. უცხოეთიდან მცირე ბორტების მიღების საშუალება გვექნება. თუმცა ტერმინალში გათვალისწინებული იქნება ყველა ის ოპერაცია, რაც საერთაშორისო გადაზიდვებისთვის არის აუცილებელი. ხოლო შემდეგი ფაზის პირობებში კი ჩვენ შეგვეძლება, რომ უფრო ფართო, იგივე ჩარტერული რეისების მიღება მოვახერხოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები