საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო ბაზარს, ხოლო მეორე შემთხვევაში სამშენებლო-დეველოპერულ სექტორს.
სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „რეპსოლი" საავტომობილო საწვავით ვაჭრობის ბაზარზე მოქმედებს, ხოლო შპს „იბერკომპანი" ავტოგასამართი სადგურების ოპერირებისა და იჯარით გაცემის ბაზარზე. ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2022 წელს შეადგინა 1 311 160 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 487, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1250, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=949.7, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ შპს „რეპსოლის" მიერ შპს „იბერკომპანის" საკუთრებაში არსებულ 4 ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
რაც შეეხება მეორე კონცენტრაციას - შპს „მნკორპი" ფეროშენადნობთა რეალიზაციის სფეროში ოპერირებს, ხოლო შპს „ლექსველი" სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში. სააგენტოს მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარზე 2022 წლის ბრუნვის მოცულობამ 8 084 435 501 ლარი შეადგენა, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=63.96, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მნკორპი" კონცენტრაციის განხორციელებამდე არ მოქმედებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად ადგილი არ ექნება კონცენტრაციის - HHI ინდექსის ცვლილებას.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კონცენტრაციები ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
2023 წლის 9 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 22 459 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. დღეის მდგომარეობით, სააგენტომ 8 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
უახლესი