დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი წლის განმავლობაში ბევრი აქტივობა განვახორციელეთ, რომ სტრატეგია შეგვესრულებინა და სასიამოვნოა, რომ ბევრი კომპონენტი გადაჭარბებით შესრულდა - მიხეილ ხიდურელი

სამი წლის განმავლობაში ბევრი აქტივობა განვახორციელეთ, რომ სტრატეგია შეგვესრულებინა და სასიამოვნოა, რომ ბევრი კომპონენტი გადაჭარბებით შესრულდა - მიხეილ ხიდურელი

2023-12-06 09:48:49

"სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი აქტივობა განვახორციელეთ იმისთვის, რომ სტრატეგია შეგვესრულებინა და სასიამოვნოა, რომ სტრატეგიის ბევრი კომპონენტი გადაჭარბებით შესრულდა“ - ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა Invest in Georgia-ს 2020-2023 წლების საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

საანგარიშო პერიოდში სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად, საქართველოში ინვესტიციები განახორციელეს ისეთმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიცაა: Indorama, Girteka, Teleperformance, Concentrix, TEPCO და სხვები.

"მოვიზიდეთ 25 პროექტი, შევქმენით 6 000 სამუშაო ადგილი და მილიარდ ლარს მიაღწია ინვესტიციების რაოდენობამ, რომელიც კონკრეტულ სექტორებში მოვიზიდეთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ქვეყნის საინვესტიციო სტატისტიკა, ეს სააგენტოს სამიზნე მაჩვენებელია. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკას თუ შევხედავთ, განვითარებულ ქვეყნებში საინვესტიციო სააგენტოებს მთლიანი FDI-ის მხოლოდ 10% აქვთ, ამ მონაცემებს ჩვენი სააგენტო სრულად აკმაყოფილებს.

უნდა გამოვყოთ ის დიდი კომპანიები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში საქართველოში შემოვიყვანეთ - რამდენიმე წლის წინ, ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ინდუსტრია და მსოფლიოს ტოპ 10 კომპანიიდან, ოთხი უკვე საქართველოშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ რეპუტაციისთვის - ამ კომპანიებში ხელფასები არის მაღალი, ქვეყანაში შემოაქვთ ცოდნა და ამ ყველაფრით ჩვენ ვხვდებით მსოფლიო რუქის ნაწილი, რადგან ქართველ დასაქმებულს აქვს საშუალება, გახდეს გლობალური კომპანიის წევრები.

არამხოლოდ სერვისების მიწოდების ნაწილია სააგენტოს პორტფელში, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იაპონურ გიგანტზე, ენერგოკომპანია TEPCO-ზე, გვქონდა საუბარი Masdar-ზე და რა თქმა უნდა Indorama-ზე, გიგანტ ქიმიური მწარმოებელზე, რომელმაც შეიძინა „რუსთავის აზოტი“ და ყოვლდღიურად ახორციელებს უფრო მეტ ინვესტიციას.

რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ახალ სტრატეგიაზე მუშაობას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ვაპირებთ მუშაობის დაწყებას ახალ სექტორებზე და დარწმუნებული ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მალე უფრო მეტი შედეგი გვექნება“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს დირექტორის თქმით, აღსანიშნავია რომ, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, სააგენტო წარმატებით უზიარებს გამოცდილებას პარტნიორ ქვეყნებსაც.

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ანგარიშის პრეზენტაცია კი სტუმრებს სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.

INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს სექტორი და ინვესტორი კომპანიები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები