დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამომავლოდ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებისას, რისი წინაპირობებიც სახეზეა, კერძო სექტორის რეიტინგიც უფრო უკეთესი იქნება - ოთარ ნადარაია

სამომავლოდ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებისას, რისი წინაპირობებიც სახეზეა, კერძო სექტორის რეიტინგიც უფრო უკეთესი იქნება - ოთარ ნადარაია

2024-03-29 18:30:00

„ზოგადად საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება, როგორც ქვეყნისათვის, ასევე ფინანსური თუ სხვა ინდუსტრიაში ოპერირებადი ბიზნესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს მაჩვენებელი ასახავს რისკიანობას და შესაბამისად ზეგავლენას ახდენს მოზიდული სახსრების ღირებულებაზე“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კი, თავის მხრივ, უკვე აისახება როგორც ბიზნესზე, ასევე მოსახლეობაზე უფრო მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთების კუთხით.

„უნდა აღინიშნოს, რომ სარეიტინგო სააგენტოების შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, ბანკების, სხვა კომპანიების რეიტინგი დიდწილად დამოკიდებულია ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე. საკუთრივ, კერძო სექტორის რეიტინგი სუვერენულზე მაღალი ვერ იქნება. ისევე, როგორც, რეიტინგის გაუმჯობესება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და არაერთი წლის განმავლობაში გრძელდება.

თავისთავად, საქართველოს შემთხვევაშიც მსგავსი ვითარებაა. ამასთან, დაზუსტების კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ მოხდა არა რეიტინგის გაუმჯობესება, არამედ არსებული რეიტინგის დადასტურება და ე.წ. პერსპექტივის, ანუ მოლოდინის, ნეგატიურიდან სტაბილურისაკენ ცვლილება. ეს პირველ რიგში სწორედ საქართველოს სუვერენულ რეიტინგს შეეხო და აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ავტომატურად, მოხდა თიბისისა და სხვა ბანკების პერსპექტივის ანალოგიური გაუმჯობესება. შესაბამისად, სამომავლოდ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებისას, რისი წინაპირობებიც ჩვენი აზრით სახეზეა, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ კერძო სექტორის რეიტინგიც უფრო უკეთესი იქნება“ - აღნიშნავს თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.

Moody's რეიტინგულმა სააგენტომ (Moody's) დღეს დაადასტურა სს საქართველოს ბანკის (საქართველოს ბანკი) და სს თიბისი ბანკის (თიბისი ბანკი) გრძელვადიანი დეპოზიტების Ba2 რეიტინგი, ასევე სს ლიბერთი ბანკის (Liberty) გრძელვადიანი დეპოზიტების Ba3 რეიტინგი და შეცვალა მისი რეიტინგული შეფასება უარყოფითიდან სტაბილურზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები