დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნაწილში გვექნება კარგი შედეგები - ოთარ შამუგია არაბთა საამიროებთან თავისუფალ ვაჭრობაზე

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნაწილში გვექნება კარგი შედეგები - ოთარ შამუგია არაბთა საამიროებთან თავისუფალ ვაჭრობაზე

23-11-2023 14:00:46

ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა და ხელშეკრულებაა და შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი Business Insider Georgia-სთან საუბრისას საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას. 

მინისტრის თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის კუთხით კარგი შედეგების მოლოდინი არსებობს. 

„ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნაწილში ჩვენ გვექნება კარგი შედეგები ამ კუთხით. მე მქონდა შეხვედრა ამ ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ წარმომადგენლებთან. ისინი ჩამოსულები იყვნენ საქართველოში და მათ აქვთ ინტერესი სხვადასხვა პროდუქციის საქართველოდან ექსპორტის მიმართულებით. ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესს, ფერმერებს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 

მინისტრს კონკრეტული კომპანია არ დაუსახელებია, მაგრამ სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციების მიხედვით, მაისში ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო კომპანიის „ლულუ გრუპ ინტერნეიშენალ“ (LuLu Group International) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი და კომპანიის კუთვნილ სავაჭრო ქსელში განთავსების საკითხი განიხილეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარკვეული ქართული პროდუქტი LuLu Group-ის სავაჭრო ქსელის რამდენიმე ობიექტში უკვე იყიდება.

აღნიშნულ შეხვედრაზე LuLu Group International-ის დირექტორმა, სალიმ მუსალიამ აბუმ (Salim M.A) აღნიშნა, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია, შესაბამისად, კომპანიას სურვილი აქვს გაზარდოს საქართველოდან იმპორტი. 

„LuLu Group-ი ოპერირებს მსოფლიოს 23 ქვეყანაში (გალფის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, ამერიკისა და ევროპის ქვეყნები), სადაც ფლობს საცალო ვაჭრობის ქსელს LuLu (248 ჰიპერმარკეტი და 24 სავაჭრო ცენტრი) და სადისტრიბუციო კომპანიებს. კომპანიის წლიური ბრუნვა 9 მილიარდი აშშ დოლარია. ჩვენ სურვილი გვაქვს, სავაჭრო ქსელში ქართული ხილი, ბოსტნეული, მშრალი ხილი, თხილეული, ცხვრის ხორცი და სხვა პროდუქცია იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა სალიმ მუსალიამ აბუმ და მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს მწარმოებლებს და მოლაპარაკება აწარმოოს სამომავლო თანამშრომლობისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში ფიტო და ვეტერინარული სერტიფიკატების გაცემა საერთაშორისო სტანდარტით ხდება. ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რომ წარმოებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სტანდარტებს.
LuLu Group International-ი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უმსხვილეს სავაჭრო კომპანიას წარმოადგენს. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს საცალო ვაჭრობის, ჰიპერმარკეტების და სავაჭრო ცენტრების მართვის, პროდუქციის წარმოება-გადამუშავების, საბითუმო დისტრიბუციის, სასტუმრეობისა და უძრავი ქონების განვითარების მიმართულებებს. LuLu Group International-ში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 60 000-ს აღემატება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები