დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თხილის წარმოებით საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა

თხილის წარმოებით საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა

19-06-2024 14:25:00

Galt & Taggart-ის პროგნოზით 2030 წლისთვის ქვეყანაში, მოსავლიანობის გაუმჯობესების შემთხვევაში, თხილის წარმოება 25,2 მლნ კგ-ს მიაღწევს, მაშინ როდესაც 2023 წელს ქვეყანამ 13,1 მლნ კგ ნაჭუჭგაცლილი თხილის აწარმოვა. 

„თხილის წარმოება მერყევია. თხილის საშუალო მოსავლიანობის არსებული 0.62-დან 1.0-მდე გაუმჯობესების შემთხვევაში მოსალოდნელია წარმოების ზრდა 25.2 მილიონ კილოგრამამდე 2030 წელს“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

მსოფლიოში თხილის წარმოება მზარდია. ამასთან, თურქეთი უმსხვილესი მწარმოებელია და მისი წილი მსოფლიო თხილის წარმოების 71.0%- ია. საქართველო მე-6 ადგილზეა მსოფლიო თხილის წარმოების 2.5%-იანი წილით, რომელიც ქვეყნისთვის საექსპორტო პროდუქტია. ამასთან, თხილის უდიდეს ნაწილს ევროპის ქვეყნები მოიხმარენ შოკოლადის წარმოებისთვის.

საქართველოში თხილის ნარგავი ფართობი 70-72 ათასი ჰექტარია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიხედვით. აქედან, 44 ათასი ჰექტარი მცირე ზომის 3 ჰექტრამდე ბაღებს მოიცავს.

საქართველოში ძირითადად თხილის ჯიში - „ანაკლიური“ იწარმოება. ამასთან, წარმოება საკმაოდ მერყევია; 2018 წლამდე ვარდნა ფაროსანას უკავშირდება, ხოლო 2022-23 წლებში წარმოების ვარდნა ასახავს მომატებულ ნალექს და სხვა არახელსაყრელ გარემოებებს.

ირკვევა, რომ საქართველოში თხილის მოსავლიანობა დაბალია - 0.62 ტონა/ჰექტარზე (ნაჭუჭიანი). ამ მაჩვენებლით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება თურქეთს (1.03), აზერბაიჯანს (1.40) და მსოფლიო საშუალოს (1.13). მოსავლიანობის მსოფლიო საშუალომდე მომატების შემთხვევაში, საქართველოს აქვს წარმოების გაორმაგების პოტენციალი.

„აღსანიშნავია, რომ წარმოება საკმაოდ მერყევია, რაც მოსავლიანობის ცვალებადობას უკავშირდება. თხილის მოსავლიანობა საქართველოში დაბალია - 0.62 ტონა/ჰექტარზე (ნაჭუჭიანი). ამ მაჩვენებლით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება თურქეთის (1.03), აზერბაიჯანის (1.40) და მსოფლიო საშუალო (1.13) მოსავლიანობას.

მოსავლიანობის მსოფლიო საშუალომდე მომატების შემთხვევაში, საქართველოს აქვს წარმოების გაორმაგების პოტენციალი. თხილის სექტორის ზრდისთვის საჭიროა საშრობების და გადამუშავების განვითარება, რადგან ხარისხის შემცირებას იწვევს არასწორი პოსტ-ჰარვესტი. ამის გამო ყოველწლიურად იმატებს თხილის საშრობებში ინვესტიციები, მათ შორის სამთავრობო პროგრამების ფარგლებში“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

ქართული თხილი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის წლიური დინამიკა დაგვიანებით მიუყვება წარმოებას, რადგან მოსავალი იკრიფება აგვისტოში და შემდეგი წლის აგვისტომდე ექსპორტირება. 2023 წელს ექსპორტი შემცირდა წინა წლის მცირე მოსავლის შედეგად. ამასთან, ექსპორტის საშუალო ფასი 2023 წელს გაიზარდა (სექტემბრიდან დეკემბრამდე), რაც თურქეთის 2023 წლის აგვისტოში მოსავლის კლებით გამოწვეულ მსოფლიო ფასის მატებას უკავშირდება. ქართული თხილის ფასი მსოფლიო საშუალო ფასებს ჩამორჩება დაბალი ხარისხის გამო. 2023 წელს თხილის ექსპორტის 56.9% ევროპაში გავიდა.

„ევროკავშირს აქვს მკაცრი უსაფრთხოების ნორმები სასურსათო საქონელზე. ქართულ თხილს აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები ამ საკითხში, ნორმაზე მაღალი აფლატოქსინების შედეგად. ეს უკავშირდება ნერგების არასწორ მოვლას და არაეფექტურ მიწოდების ჯაჭვს. თხილის სექტორში ფრაგმენტირებულია როგორც წარმოება, ისე შენახვა. მწარმოებელი პროდუქტს აძლევს ინდივიდუალურ შემგროვებელს, რომელიც არალაბორატორიულად აფასებს მის პროდუქტს. შემდეგ შემგროვებელი თხილს აწვდის ინდივიდუალურ გადამამუშავებელს, რომელიც სარდაფის ტიპის საწყობებში ინახავს პროდუქტს და ჰიგიენური წესების დარღვევით ამუშავებს, რაც იწვევს სხვადასხვა პრობლემას, მათ შორის ჭარბ აფლატოქსინებს“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვლევაში. 

საქართველოდან თხილის ექსპორტის ნახევარი ევროკავშირში გადის. ამასთან, ევროკავშირში გატანილი თხილის ფასი საშუალოდ 6.2%-ით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ბაზრებზე. ევროკავშირის მიმართულებით თხილის ექსპორტის ზრდისთვის აუცილებელია სტაბილურად მაღალი ხარისხი, რომელიც კიდევ უფრო მაღალ საექსპორტო შემოსავლებს დააგენერირებს. ზოგადად, თხილის ფასს სხვადასხვა ბაზარზე განაპირობებს მისი საბოლოო დანიშნულება - უფრო მაღალი ფასი აქვს საცალო პროდუქტს, ვიდრე საწარმოო ინგრედიენტად შესყიდვის შემთხვევაში (მაგალითად შოკოლადის წარმოებისთვის).

Galt & Taggart-ის განმარტებით, თხილის სექტორის განვითარებისთვის საჭიროა დასაწყობების და გადამუშავების განვითარება, რადგან ხარისხის შემცირებას იწვევს არასწორი პოსტ-ჰარვესტი. ამის გამო, ყოველწლიურად იმატებს თხილის საშრობებში ინვესტიციები. 2023 წელს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში 8,256 ტონის ტევადობის საშრობების და 8 გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაფინანსდა. წარმოებას რაც შეეხება, 3 ჰექტრამდე თხილის ფართობების მფლობელებმა სახელმწიფოსგან 2023 წელს 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღეს მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლისთვის, რამაც მთლიანობაში 20.9 მილიონ ლარიანი სუბსიდია შეადგინა. სახელმწიფო ამ პროგრამას 2024 წელსაც აგრძელებს 20 მილიონ ლარიანი ბიუჯეტით.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოში თხილის წარმოება CAGR 6.6%-ით გაიზარდა 2016-22 წლებში და 585 მლნ კგ-ს მიაღწია 2022 წელს. ეს ზრდა ძირითადად განპირობებულია თურქეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში წარმოების ზრდით. ამასთან, 2022 წელს წარმოება საგრძნობლად გაიზარდა ყველა ტოპ-მწარმოებელ ქვეყანაში.

თხილის უდიდესი მომხმარებლები ძირითადად ევროპის ქვეყნები არიან; გერმანია, იტალია და საფრანგეთი ჯამურად 42.9%-ს მოიხმარენ. ეს უკავშირდება ევროპაში შოკოლადის წარმოებას, სადაც თხილი ერთ-ერთი უმთავრესი ინგრედიენტია.

თხილის მოხმარება მსოფლიოში 1 სულ მოსახლეზე სტაბილურია და საშუალოდ 0.08 კილოგრამია ყოველწლიურად. ამასთან, ქვეყნების მიხედვით ეს მაჩვენებელი არარელევანტურია, რადგან ბევრ ქვეყანაში მოხმარების მაღალი დონე შოკოლადის წარმოებაში თხილის გამოყენებას უკავშირდება.

უახლესი

15 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები