დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვახტანგ ბურკიაშვილმა ჰააგაში ფინანსური განათლების ახალი პროექტის გახსნით შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ვახტანგ ბურკიაშვილმა ჰააგაში ფინანსური განათლების ახალი პროექტის გახსნით შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2023-11-27 12:43:53

ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა, ჰააგაში ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის" (OECD/INFE) ფინანსური განათლების ახალი 5-წლიანი პროექტის გახსნით შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ტექნიკური მხარდაჭერის ახალი პროექტი საქართველოსთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანას (ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა, მონტენეგრო,  ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა) აერთიანებს და რეგიონში ფინანსური განათლების ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ქვეყნებში ფინანსური წიგნიერების სფეროში მიღწეული პროგრესი და სამომავლო მუშაობის გზები შეაფასეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ფინანსური განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ინოვაციურ მიდგომებზე, განსაკუთრებით ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც ახალგაზრდებისა და მოწყვლადი სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების საჭიროებებზეა მორგებული.

პანელზე "ფინანსური განათლება და ფინანსური წიგნიერება: ახალი გამოწვევები და სტრატეგიული პრიორიტეტები" ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა და ის ნაბიჯები გააცნო, რომელიც ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა გადადგა. საუბარი შეეხო, ასევე, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის 2023 წელს განახლებულ დოკუმენტს, რომელიც ქვეყანაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და ფინანსური განათლების არსებულ გამოწვევებს უფრო მიზნობრივად პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების პირველი ეროვნული სტრატეგია 2016 წელს შეიმუშავა. თავდაპირველი დოკუმენტი ძირითადად საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნებოდა და ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ცოდნის ამაღლებასაც ისახავდა მიზნად.

"ფინანსური განათლების განახლებული სტრატეგია უკვე ქვეყანაში დაგროვილ გამოცდილებას, გამოწვევებსა და კვლევებს ეყრდნობა და ის უფრო მეტადაა მორგებული ქვეყნის სპეციფიკურ გამოწვევებზე. შესაბამისად, ახალი სტრატეგიის ფარგლებში მიზნები უფრო დაკონკრეტდა, ესაა ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობა და მათი მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება. ასევე, მოსახლეობის გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
 



პირველი სტრატეგიის მიღებიდან 6 წლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა გაცილებით მეტი თავდაჯერებულობა, გამოცდილება და თანამოაზრეებს შორის უკეთესი ურთიერთგაგება გვაქვს, მეტად ამბიციური შედეგების მისაღწევად. ვიმედოვნებ, რომ სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და აქტიური კონსულტაციებით, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ კარგი შედეგების მიღწევას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გამოსცა. რაც უდავოდ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მისაღები და მისასალმებელი პარტნიორი ქვეყანაა", - განაცხადა ვახტანგ ბურკიაშვილმა. 

ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელისა" (OECD) და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ტექნიკური დახმარების ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის. "მადლობა განვლილი 5 წლის განმავლობაში თქვენი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის ჩვენი ქვეყნის ფინანსური განათლების ამაღლების საქმეში. ვიმედოვნებთ, მომდევნო 5 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება, რამდენადაც ამ ეტაპზე ჩვენც მეტი გამოცდილებით და შემართებით ჩავერთვებით პროექტში", - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს ვახტანგ ბურკიაშვილმა.

საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობა ნიდერლანდების დედოფალმა მაქსიმამ მიიღო. მან  თავის გამოსვლაში ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. აღსანიშნავია, რომ დედოფალი წლებია, აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლების საქმეში.

შეხვედრა ნიდერლანდების პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა სიგრიდ კააგმა და OECD-ის გენერალურმა მდივანმა მათიას კორმანმა გახსნეს.

ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელი" (OECD/INFE) 2008 წელს ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ხდება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 110-ზე მეტი ქვეყნის 240-ზე მეტ საჯარო სტრუქტურას აერთიანებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები