დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქარიშხალი ჭიქაში - რეალურად, რაზე გამოუწერეს საჯარიმო ოქმები ბალდის კანიონზე მომუშავე კომპანიას

ქარიშხალი ჭიქაში - რეალურად, რაზე გამოუწერეს საჯარიმო ოქმები ბალდის კანიონზე მომუშავე კომპანიას

2024-01-12 15:55:00

მას შემდეგ, რაც ბალდის კანიონის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროტესტის ანატომიის შესწავლა დავიწყეთ, კარგად გამოჩნდა, როგორ ქმნიან პროტესტის მონაწილეები ბუზისგან სპილოს; როგორ ცდილობენ, ატეხონ ქარიშხალი ჭიქაში და გამოიწვიონ უაზრო ხმაური. ბრალდებები, რომლებსაც პროტესტის მონაწილეები ინვესტორს უყენებენ, საკმაოდ მძაფრად ჟღერს. ამ დრომდე ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას 6 ჯარიმა დაუწერა. კანონის ენა და სამართალდარღვევათა სათაურები პროექტის მოწინააღმდეგეების წისქვილზე ასხამს წყალს და აბსოლუტურად სხვა განცდას ტოვებს, რომელიც რეალობისგან მოწყვეტილია. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ თითოეული მათგანი და ახლა მოგიყვებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

მოდი, თანმიმდევრობით მივყვეთ:

ჯარიმა N1 - სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება.

რა თქმა უნდა, პროტესტის რამდენიმეკაციანი ჯგუფი ამ სათაურს განმარტების გარეშე გაიძახის, რაც საკითხში ჩაუხედავ ადამიანებს აფიქრებინებს, რომ კომპანია ადგილზე მართლაც საასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს და ამით რაიმე სარგებელს ნახულობს. შეიძლება, შეთქმულების თეორიების მოყვარულებმა ისიც კი იფიქრონ, რომ კანიონიგადათხარესდა ტურისტულ პროექტს კი არ ახორციელებს, რეალურად, კომპანია იქ რაიმე ძვირფასს ეძებს. მათი მიზანიც სწორედ ესაა - თავგზა აუბნიონ ადამიანებს და მცდარი შთაბეჭდილება შეუქმნან.

რა მოხდა სინამდვილეში - ინვესტორის შესვლამდე გარკვეული პერიოდით ადრე იქ ვიღაცამ მიწა უკანონოდ გაჭრა და მოჭრილი მიწა პირდაპირ ხევში ჩაუძახა. როდესაც კომპანია პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ბილიკის მოწყობას შეუდგა, ნაყარი მიწა დაიძრა. ეს რომ არ გაგრძელებულიყო და იქ მუშაობაც და სამომავლოდ გადაადგილებაც უსაფრთხო ყოფილიყო, კომპანიამ კედლის გამაგრება დაიწყო. ფუნდამენტისთვის მიწა ამოთხარეს, როდესაც ფუნდამენტი ჩაასხეს, გამაგრებაც დაიწყეს და შესაბამისად, ეს ამოთხრილი მიწაც უკანვე მიაყარეს. ამ უკან მიყრილ იგივე მიწას, რომელიც იმ ადგილიდან არსად წასულა, უწოდებენ პროტესტის მონაწილეები სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებას.

დიახ, არ მოგესმათ.

ჯარიმა N2 - მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილება

ამ შთამბეჭდავი სათაურის მიღმაც თურმე პრიმიტიული ამბავი იმალება. კომპანიის საიჯარო ტერიტორიას (სიგრძე 500 . ხოლო სიგანე 50 .) და გზას შორის სატყეო მეურნეობის მიწის პატარა მონაკვეთი მდებარეობს, რომელიც ზოგან 50 სმ-ის სიგანისაა, ზოგან - 4 მეტრის. იმისათვის, რომ კანიონიდან გზაზე ცივილიზებულად გამოსვლა შესაძლებელი გამხდარიყო, უნდა მოწყობილიყო აღნიშნული გამოსასვლელი, რათა იქ მომუშვე ადამიანებსაც ბილიკით ესარგებლათ და სამომავლოდ ტურისტებსაც ტალახში არ ევლოთ. ამ ბილიკის მოსაწყობად, მიწის 10-სანტიმეტრიანი ფენა მოიჭრა. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილებაც სწორედ ამას ნიშნავს.

ამ შემთხვევაში, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული მონაკვეთი უკვე შედის კომპანიის საიჯარო ტერიტორიაში და ბილიკის მოწყობის ნებართვაც არსებობს. ამიტომ, ეს ჯარიმა განა მხოლოდ პროტესტის მონაწილეების მხრიდან არასწორად არის ინტერპრეტირებული, არამედ საერთოდ არც უნდა გამოწერილიყო.

ჯარიმა N3 - სახელმწიფო ტყის ფონდის უკანონო დაკავება.

ესეც ზემო ორის მსგავსი შემთხვევა და აბსურდის ჟანრის მორიგი ღირსეული წარმომადგენელია. რა შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომელსაც ეუბნებიან, რომ ინვესტორი ტყის ფონდის ტერიტორიას უკანონოდ იკავებს? ალბათ, ბევრ სხვადასხვა, მაგრამ მძიმე ვითარებას წარმოიდგენს. აუცილებლად შეადარეთ რამდენიმე წამის წინ თავში მოსული აზრები იმ რეალობას, რასაც ახლა გეტყვით:

კომპანიას ადგილამდე მოჰქონდა სამუშაოებისთვის საჭირო მასალა, რომელსაც, ბუნებრივია, პირდაპირ კანიონში ვერ ჩაყრიდა. ადგილზე ცლიდნენ და შემდეგ მუშებს შიგნით შეჰქონდათ. სწორედ ჩამოცლის პროცესის დროს გამოიძახეს პროტესტის მონაწილეებმა ზედამხედველობის სამსახური, რომელმაც სახელმწიფო ტყის ფონდის უკანონო დაკავებაზე საჯარიმო აქტი გამოწერა. ტერიტორია, სადაც შეტანამდე უნდა ჩამოეცალათ, რასაკვირველია, ტყის ფონდისაა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიის საიჯარო ტერიტორია მხოლოდ უშუალოდ კანიონის 500-მეტრიანი მონაკვეთია. ეს „დარღვევა“ შინაარსით ისეთივე დარღვევაა, როგორსაც შეშას რომ მოიტანს ოჯახი დიდი მანქანით და ეზოს ჭიშკართან, გვერდით ჩამოცლის, მერე კი ეზოში ასაწყობებს. დიდი მანქანა შეშას რომ ცლის, ამ მომენტში მეზობელმა რომ გამოიძახოს ზედამხედველობის სამსახური - მანდაც დაიწერება ოქმი - ტერიტორიის უკანონოდ დაკავებაზე. აბსურდია, ხომ?

სექტემბრიდან დღემდე მსგავსი შემთხვევა ზედამხედველობის სამსახურმა 4-ჯერ დააფიქსირა ანუ 4 ასეთი საჯარიმო ოქმი შედგა.

სულ ეს იყო. ეს ის 6 „ჯარიმაა“, რომელსაც პროექტის მოწინააღმდეგე ჯგუფი მთელი სიმძაფრით და შესაბამისად, სხვაგვარად წარმოაჩენს. აღსანიშნავია, რომ არცერთი მათგანი არ არის ჯარიმა, რომლის გადახდაც კომპანიას დაეკისრა. ჯერ ამ ოქმებმა სასამართლო უნდა გაიაროს და ჯარიმად შემდეგ შეიძლება იქცეს.

ნიშანდობლივია, რომ პროტესტის ბირთვი იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და სხვის თვალში ბეწვს ხედავენ, ხოლო საკუთარში დირესაც ვერ ამჩნევენ. უკვე ვნახეთ, როგორ წარმოაჩინეს მათ ინვესტორის ჯარიმები, მაგრამ საინტერესოა, რა ქნეს სხვების, მათ შორის, მათი მხარდამჭერების მიერ მიღებულ ჯარიმებზე?!

მაგალითად, პროტესტის მხარდამჭერმა, ნინო სილაგავამ, მდინარეში ბეტონი ჩაასხა და თვითნებურად მოაწყო გადასასვლელი. ეს ჩვენს ნაცნობ აქტივისტებს არ გაუპროტესტებიათ. პირიქით, ამართლებდნენ და ამბობდნენ, ეს მთელ სოფელს უნდოდაო. თანაც, როგორც ვიცით, იმ ბეტონის გადასასვლელით სარგებლობისთვის ადამიანები გარკვეულ თანხასაც იხდიდნენ.

მოკლედ, ერთი ხელით, ბუნების შემნარჩუნებელ და დამცველ ეკოტურისტულ პროექტს გარემოს მტრად რაცხავენ, ხოლო მეორე ხელით, მდინარის დაბეტონებას მიესალმებიან.

მათ, ასევე, არაფერი უთქვამთ მაშინ, როცა ვიღაცამ ტყის ტერიტორიაზე გზა უკანონოდ გაჭრა, მაგრამ ზედამხედველობის სამსახური გამოიძახეს, როცა ინვესტორს, სხვათაშორის ზუსტადაც რომ ამ მართლაც კანონდარღვევის გამო , კედლის გამაგრება დასჭირდა.

ასეთი პარალელი ბევრია, პროტესტის ანატომიაც მალე უფრო და უფრო ნათელი გახდება. დღეს მხოლოდ ამ ჯარიმებზე მოგიყევით.

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები