დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა მზადაა

ქვეყანაში ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა მზადაა

2023-06-26 09:30:03

ელექტროენერგიის წარმოების დანაკარგების შემცირების მიზნით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ისეთი ელექტროენერგეტიკული საქმიანობის განხორციელება, როგორიცაა ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება.

ელექტროენერგიის შენახვა გულისხმობს მისი შენახვის პროცესს შემდგომი გამოყენებისთვის. ამ ეტაპზე, საქართველოში ქსელში ინტეგრირებული ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეა არ არსებობს, მაგრამ არსებობს აღნიშნულის განხორციელების ინტერესი, როგორც დარგის, ისე პოტენციური ინვესტორების მხრიდან. თუმცა, აღნიშნული შეუძლებელია შესაბამისი ნორმატიული ბაზის გარეშე. აქვე, აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა, როგორც სისტემა, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის დასაყოვლებლად, რაც უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ეფექტურად გამოყენებას, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უფრო მდგრადი და საიმედო ენერგეტიკული სისტემის მისაღწევად.

კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ ნორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების შექმნისა და მისი ოპერირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას. აღნიშნულის შესაბამისად, კანონის ტერმინთა განმარტების მუხლში კანონპროექტით ემატება ახალი ცნებების განმარტებები.

კერძოდ, კანონში ხდება ელექტროენერგიის შენახვის, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერატორის ცნებათა განმარტება და მათი ლეგალური დეფინიციების ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ამავე მიზნით, კანონს ემატება ტერმინი ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება. აღნიშნულის შესაბამისად, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება მიჩნეულ იქნება ელექტროენერგეტიკული საქმიანობის ერთერთ სახედ, ხოლო ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება, როგორც ელექტროენერგეტიკული საქმიანობის ერთ-ერთი სახე დაექვემდებარება კომისიის მიერ ლიცენზირებას.

თუმცა, კანონში ჩნდება საგამონაკლისო ნორმებიც, რომლით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება არ საჭიროებს ლიცენზირებას - მაგალითად, როდესაც ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის სიმძლავრე არ აღემატება 15 მეგავატს, ან როდესაც ოპერირებას ახორციელებს ელექტროენერგიის მწარმოებელი, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა არის მის მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის შემადგენელი ნაწილი და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შესანახად, ან როდესაც ოპერირება ხდება მომხმარებლის მიერ, შენახული ელექტროენერგიის მხოლოდ საკუთარი მოხმარების მიზნით.

ასეთ შემთხვევებში, კანონპროექტის მიხედვით, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირების საქმიანობის დაწყება ექვემდებარება კომისიისთვის შეტყობინებას. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ იქმნება სამართლებრივი საფუძველი ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების შექმნისა და ოპერირებისათვის აუცილებელი დამატებითი მოთხოვნებისა და წესების, შემდგომში დამატებითი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რეგულირების მიზნით. შესაბამისად, კანონპროექტი კომისიას ანიჭებს ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირების წესების დამტკიცების უფლებამოსილებას.

ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობებთან მიმართებით ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კანონპროექტი ადგენს ზოგად წესს, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის/გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის განვითარება, ფლობა, მართვა ან ოპერირება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა დროსაც დასაშვებია ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების ფლობა, განვითარება, მართვა ან ოპერირება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები