დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში ევროპელი ტურისტების კლების შედეგად, სასტუმრო სეგმენტში ფასები შეიცვალა - შალვა ალავერდაშვილი

ქვეყანაში ევროპელი ტურისტების კლების შედეგად, სასტუმრო სეგმენტში ფასები შეიცვალა - შალვა ალავერდაშვილი

2023-10-03 19:00:36

საქსტატის ინფორმაციით, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ფასები წლიურ ჭრილში 7%-ით, ხოლო თვიურ ჭრილში 0.3%-ითაა გაძვირებული.

კონკრეტულად კი სასტუმროების მომსახურების ტარიფები სექტემბერში 2022 წლის სექტემბერთან შედარებით 3.1%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო სექტემბერი აგვისტოსთან შედარებით 1,5%-იან კლებას.

როგორც Business Insider Georgia-სთან  სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტში ფასების ზრდაა, ხოლო 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტში კლება.

დღეისათვის ბაზარი დაყოფილია ორ ნაწილად, არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტი, სადაც ფასები გაზრდილია საშუალოდ 25-30%-ით. იმავდროულად, დღეს 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასად, 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში ვუშვებთ ტურისტებს. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები ძალიან შემცირებულია და კლება პანდემიამდელ მდგომარეობასთან შედარებით, თითქმის 50%-ა.

ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ დღეს ქვეყანაში ევროპელი ტურისტები არ შემოდიან. ეს იყო მთლიანად ის ნიშა, რომელსაც ეჭირა 80-დან 130-150 დოლარამდე ფასების რეგისტრი. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები მუშაობენ 200 დოლარზე ზემოთ ფარგლებში, ხოლო 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასები ამ ეტაპისთვის 55-60 დოლარია, რაც პანდემიამდელ ფასებთან შედარებით 50%-ით დაბალია.

ეს არის უკრაინის ომის ძირითადი შედეგი. ევროპისთვის, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპისთვის საქართველო აღიქმება, როგორც უკრაინასთან ერთად მყოფი ქვეყანა, სადაც ჩასვლა (მათი აზრით) საშიშია“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

კითხვაზე, ევროპელი ტურისტების დანაკლისის შევსება მოხერხდება თუ არა ჩინელი ტურისტების ხარჯზე, სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ჩინეთი ახლად გახსნილი ბაზარია და შესაბამისად ახლა იწყება ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემოყვანაზე მუშაობა.

წინასწარ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. ჩინელი ტურისტებიც, ამ ეტაპისთვის არ გამოირჩევიან როგორც მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, უფრო საშუალომხრაჯველ ტურისტებში გადიან“, - აცხადებს ალავერდაშვილი.

მისი თქმით, სასტუმროების მომსახურების ფასი დგება მოთხოვნიდან გამომდინარე.

ამ ქვეყანაში სასტუმროების და სასტუმრო ნომრების რაოდენობა იმდენადაა გაზრდილი, რომ ტურისტების შემოდინება ვერ ეწევა სასტუმრო ნომრების ზრდის რაოდენობას.

გეტყვით, რომ წელს სასტუმროებში მატება გვაქვს მაღალმთიან რეგიონებში. ზაფხულის მაგალითზე ბაკურიანში სასტუმროებში სტუმრების რაოდენობის 25%-იანი ზრდა გვაქვს. სამაგიეროდ ქობულეთის და ურეკის სასტუმროებში 35%-იანი კლება. რაც გარკვეულწილად ზღვის დაბინძურების შიშსაც უკავშირდება და ძალიან ბევრმა, განსაკუთრებით შიდა ტურისტმა, გადაწყვიტა მაღალმთიან კურორტებზე დაისვენოს. პირდაპირ, რომ ვთქვათ, ბაკურიანის ზაფხულმა აჯობა ზამთარს.

შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომშარშანდელთან შედარებით სასტუმროებში ფასები გაზრდილი ფიზიკურად ვერ იქნება, რადგანაც 2022 წელს დოლარის კურსი იყო სხვა. თუ საქსტატი ფასებს ითვლის დოლარში, შესაძლოა, ფასებში მატება იყოს, მაგრამ თუ ლარში ითვლის, მაშინ სასტუმროების ფასები შარშანდელთან შედარებით ლარში შემცირებულია“.

ალავერდაშვილის განმარტებითვე, სასტუმროების მოგების მარჟა - GOP, გასულ წელთან შედარებით 15%-ით არის შემცირებული. სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიების ხარჯების ზრდა, რაც ძირითადად გამოისახება შარშანდელთან შედარებით ხელფასების და პროდუქტების ფასების ზრდით, სასტუმროების GOP წლიურ ჭრილში 15%-ითაა შემცირებული, ხოლო 2017 წელთან შედარებით კი 70%-ით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები