დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კვერცხის წარმოება პიკზეა, მარკეტებში ფასი აქციების პირობებში შემცირდება - „კუმისის“ დამფუძნებელი

კვერცხის წარმოება პიკზეა, მარკეტებში ფასი აქციების პირობებში შემცირდება - „კუმისის“ დამფუძნებელი

2024-04-23 10:00:00

კვერცხის წარმოება პიკზეა, აღდგომის დღესასწაულისთვის კვერცხის მოხმარება იზრდება და წარმოების დაგეგმვისას თადარიგი დავიჭირეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა.

„კუმისის“ დამფუძნებლის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე მზარდი მოთხოვნის ფონზე კვერცხის დეფიციტი არ იქნება და მოსალოდნელია, რომ რითეილ სექტორში აქციების პირობებში პროდუქტზე ფასი შემცირდეს კიდეც.

„ყველა საფრინველე მაქსიმალურადაა დატვირთული, რომ შესაბამისი რაოდენობის კვერცხი მივაწოდოთ ბაზარს. შეფერხება არც მოცულობისა და არც რაოდენობის კუთხით არ იქნება. რაც შეეხება ფასს, რითეილის ქსელში იქნება ფასდაკლების აქციები, რაც პარტნიორებთან უკვე შეთანხმებულია, ამიტომ კვერცხზე ფასის ზრდას გამოვრიცხავ“, - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

თუმცა რა ნიშნულამდე შემცირდება კვერცხის ფასი, კუმისის დამფუძნებელი ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება სავაჭრო ქსელებზე.

რაც შეეხება წარმოებას, როგორც კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელი ამბობს, საქართველოში ინდუსტრია ზრდას აჩვენებს, რაზეც რამდენიმე ფაქტორს ჰქონდა გავლენა: „რუსეთში კვერცხის დეფიციტი დაიწყო, რაც სხვადასხვა მიზეზებით იყო გამოწვეული. კერძოდ, ვეტერინარული პრობლემებით და ასევე ფასთან მიმართებით იყო შეზღუდვები. საქართველოში წარმოების ზრდა წაახალისა თურქეთიდან კვერცხის იმპორტის შემცირებამ. თურქეთმა კვერცხის სარეალიზაციოდ რუსეთი შეარჩია, რადგან უფრო დიდი ბაზარია და ძირითადად ამ ქვეყანაში ექსპორტზე გადაერთო“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი.

სტატისტიკაც აჩვენებს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში კვერცხის იმპორტი შემცირებულია. 

საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში 1,549.55 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 6,310.23 ცალი კვერცხის, ხოლო 2023 წლის იანვარ-მარტში 1,846.85 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 19,480.36 ათასი ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები