დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან დავითაშვილი: საზოგადოებას  ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს დაფინანსების წარმომავლობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტული ინტერესების გამოხატვასთან

ლევან დავითაშვილი: საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს დაფინანსების წარმომავლობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტული ინტერესების გამოხატვასთან

2024-04-04 14:04:00

„ჩვენმა გუნდმა ძალიან მკაფიო განმარტებები გააკეთა „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა - ის კითხვები, რომლებიც შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს, პასუხგაცემულია. ამაში რაღაც განსაკუთრებული სირთულე, ან კონსპირაციის ელემენტის დანახვა ძალიან რთულია", - პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შესახებ მედიისთვის განმარტება გააკეთა. 

 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ბევრმა წარმატებულმა დასავლურმა დემოკრატიამ მიიღო. ამასთან, მისი ინფორმაციით, ასეთი კანონმდებლობის მიღება აქტიურად განიხილება ევროკავშირში. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, როდესაც ევროკავშირი საუბრობს ასეთი კანონმდებლობის მიღებაზე, ეს ემსახურება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებას იმისთვის, რომ გამჭვირვალე იყოს დაფინანსების წყაროები ყველა ორგანიზაციისთვის.

 

„აქაც მხოლოდ ერთ რამეზეა საუბარი - მოხდეს ძალიან მკაფიო ანგარიშგება დაფინანსებასთან დაკავშირებით. მეტი არაფერზეა საუბარი, სხვა ტიპის პასუხისმგებლობას ეს კანონი არ ითვალისწინებს. თქვენ იცით, რომ ნებისმიერ საფინანსო ოპერაციაზე თითოეული მოქალაქე, ბიზნესი არის ანგარიშვალდებული, ეს არის სხვადასხვა პრინციპით განსაზღვრული. და არის სექტორი, რომელსაც ანგარიშვალდებულება ამ ეტაპამდე არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ჩნდება იმის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება, რომ ამ მიმართულებითაც დაფინანსების წყაროებზე არსებობდეს მკაფიო ინფორმაცია და მოხდეს ანგარიშგება. მხოლოდ ამაზეა საუბარი", - განმარტავს ეკონომიკის მინისტრი.

 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომლის გამოც მნიშვნელოვანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხია. მისი თქმით, ძალიან ბევრი ორგანიზაცია მოქმედებს კონკრეტული ინტერესების შესაბამისად, რაც ხშირ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც ბევრი ეკონომიკური პროექტის საზიანოდ შეიძლება იყოს მიმართული.

 

„ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ გამჭვირვალობაზე - რომ გამჭვირვალედ არსებობდეს ინფორმაცია დაფინანსების წარმომავლობაზე და ამან შეიძლება ბევრ კითხვას გასცეს ხოლმე პასუხი ბევრ მომენტში. ჩვენს საზოგადოებას, რა თქმა უნდა,  ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს დაფინანსების წარმომავლობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტული ინტერესების გამოხატვასთან", - აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები