დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეწარმეები პურის ფასის შენარჩუნებას მოგების შემცირების ხარჯზე შეძლებენ - მალხაზ დოლიძე

მეწარმეები პურის ფასის შენარჩუნებას მოგების შემცირების ხარჯზე შეძლებენ - მალხაზ დოლიძე

2023-05-30 17:00:35

ხორბლის გადამამუშავებელი წარმოებაში პრობლემის მოგვარებას მთავრობა ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებით ცდილობს. საბაჟო მოსაკრებლის ნაცვლად, ფქვილის იმპორტიორებს 10 ივნისიდან იმპორტის საფასურის გადახდა მოუწევთ, რაც ტონაზე 200 ლარს შეადგენს.

პურის მწარმოებლების ინფორმაციით, ცვლილება 1 ტომარა ფქვილის დაახლოებით 12 ლარით გააძვირებს.

2023 წლიდან ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით 15 ლარით შემცირდა. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 52-55 ლარი ღირს.

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის შეფასებით, ამ დონის სხვაობით პურის ფასის შენარჩუნებას შეძლებენ, თუმცა მწარმოებლებს მოგება შეუმცირდებათ.

დოლიძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ფქვილისა და პურის მწარმოებლებმა მეხორბლეების სასარგებლოდ დათმეს. შექმნილ სიტუაციაში, როგორც დოლიძე Business Insider Georgia - თან ამბობს, შესაძლებელია მთავრობამ პურის წარმოებაში გადასახადის შემცირებაზე იფიქროს, რადგან ფქვილის გაძვირებით პურის თვითღირებულების ხარჯი იზრდება.

„ხორბლის გადამამუშავებელი მრეწველობა ბოლო პერიოდში ფქვილის იმპორტის გამო ძალიან დაზარალდა, გვესმის მათი პრობლემა, ამიტომ საბოლოოდ ვარჩიეთ შეთანხმება ისე, რომ ყველას ცოტ-ცოტა დაგვეთმო. მართალია, ფქვილი არ დაიბეგრება, მაგრამ რეალურად მაინც გვიწესდება გადასახადი, ეს არის იმპორტის დროებითი საფასური, რის გადახდაც ყველა შემომტანს დაეკისრება. შესაბამისად, 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 12 ლარით გაგვიძვირდება. ეს ის მაჩვენებელია, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. ამდენად შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ეს მოხდა პურის მრეწველების ხარჯზე, ამიტომ ჩვენც ველოდებით, რომ გაითვალისწინებენ მდგომარეობას და სხვა სახის შეღავათს გაგვიწევენ გადასახადების კუთხით, რაც ბიზნესს რეალურად სჭირდება“, - აცხადებს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 29 მაისს მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

მხარეები აღნიშნავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები