დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამორიცხულია, უფრო კლების მოლოდინი არსებობს  - საბანკო ასოციაცია

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამორიცხულია, უფრო კლების მოლოდინი არსებობს - საბანკო ასოციაცია

2023-06-21 02:30:26

მონეტარული პოლიტიკის უახლოეს სხდომაზე, რომელიც ხვალ, 21 ივნისს გაიმართება, შესაძლოა, რეფინანსირების განაკვეთი შემცირდეს.

როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამორიცხულია და ცვლილებასთან დაკავშირებით უფრო კლების მოლოდინი არსებობს.

„დაველოდოთ რეალურად, ეროვნული ბანკი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. უკანასკნელ წლებში დიდი გამოწვევა იყო რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ახლა ველოდებით, რომ შემსუბუქების მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები. ყოველ შემთხვევაში, განაკვეთის ზრდას არ ვვარაუდობთ, თუმცა რა მაჩვენებლით, პროგნოზი გამიჭირდება", - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შესაძლოა 9%-ს ჩამოსცდეს, იმ შემთხვევაში თუკი ეკონომიკაში მკვეთრი უარყოფითი ცვლილებები არ იქნება.

„ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებულიც იყო, რომ თუ მკვეთრად არ შეიცვლება ეკონომიკური მდგომარეობა, წლის ბოლომდე 9%-მდეც შემცირდებოდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ამ პერიოდში სავარაუდოდ უფრო მეტად შეიძლება გააქტიურდეს ბაზარი საკრედიტო პორტფელის ზრდის კუთხით", - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 21 ივნისსაა დაგეგმილი.

10 მაისს გამართულ სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები