დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის აჩქარებას - ლაშა ქავთარაძე

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის აჩქარებას - ლაშა ქავთარაძე

2023-09-13 13:19:45

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ Business Insider Georgia-თან ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,25% პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება შეაფასა.

მისი  თქმით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ინფლაცია და რეგიონში მიმდინარე სიტუაცია, რის გამოც ფრთხილი ნაბიჯი გადადგა.

ამასთან, ლაშა ქავთარაძემ Business Insider Georgia-თან მონეტარული პოლიტიკის შემცირების ორი ინდიკატორი დაასახელა, რასაც სებ-ის გადაწყვეტილებაზე ჰქონდა გავლენა:

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,25% შემცირება 10%-მდე მოსალოდნელი იყო, რადგან ყველა ინდიკატორი ფასებთან დაკავშირებით ამას მიუთითებდა. ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდებოდა ფასების დინამიკას, თუ როგორ განვითარდებოდა. აგვისტოში წლიურ ჭრილში 6,1%-ით არის გაზრდილი ადგილობრივი ფასების დინამიკა, მაგრამ წინა თვეებთან შედარებით შემცირებას აჩვენებს. მისი კონტრიბუცია მთლიან ინფლაციაში 3%-ს ჩამოსცდა და აგვისტოში 2,9% შეადგინა.

ასევე მეორე ინდიკატორი იყო საბაზო ინფლაცია, რომელიც წინა თვეებში მაღალ დონეზე ნაწილდებოდა, თუმცა აგვისტოში ჩამოსცდა 3%-ს და 2,5% შეადგინა. ფაქტობრივად, ეს მაჩვენებელი 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ასეთი დაბალი არ ყოფილა. ეს ორი ინდიკატორი იმაზე მეტყველებს, რომ ეროვნული ბანკი განაგრძობდა მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. ამასთან აგვისტოში მთლიანმა ინფლაციამ 0,9% შეადგინა“,- განაცახდა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე წლის ბოლომდე დარჩენილი იყო 4 სხდომა (დღევანდელის ჩათვლით) და ეს მიუთითებდა იმაზე, რომ ეროვნული ბანკი თანაბრად მიჰყვებოდა განაკვეთის შემცირების სქემას.

„განაკვეთის 0,25% პუნქტით შემცირება წლის ბოლომდე ყოველ სხდომაზეა მოსალოდნელი და როგორც ეროვნული ბანკის წინა პრესრელიზშია აღნიშნული, მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9,5%-მდე შემცირდეს“, - აღნიშნა ქავთარაძემ. 

რაც შეეხება გავლენას ეკონომიკაზე, როგორც ლაშა ქავთარაძე აცხადებს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას აქვს მაკის ეფექტი და სხვა მაკრო მაჩვენებლებზე გავლენა გვიან ექნება.

მისი პროგნოზით, სებ-ის ამ გადაწყვეტილებას გავლენა მაკროეკონომიკაზე 2024 წლის პირველ ნახევარში აისახება. 

რაც შეეხება ფასებზე ზემოქმედებას, როგორც ლაშა ქავთარაძე აღნიშნავს, მონეტარული პოლიტიკა მაინც მკაცრია.

„უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია და მისი შემცირება ნაკლებადაა მოსალოდნელი 2024 წლის პირველ ნახევარში. ეს უფრო ახალი წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, როცა ფედერალური სისტემა და ევროპის ცენტრალური ბანკი დაიწყებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ამიტომ მისი გავლენა ფასების დონეზე უმნიშვნელო იქნება.

რაც შეეხება გავლენას ეკონომიკურ აქტივობაზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ხელს შეუწყობს ეროვნულ ვალუტაში აქტივობის მცირედით დაჩქარებას, რადგან როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მცირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ლარში დაკრედიტება უფრო ხელსაყრელი იქნება.

ამასთან, გავლენა ექნება დოლარიზაციის მაჩვენებელზე. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს სესხების დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდეს“, - აღნიშნა ქავთარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები