დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მშენებარე მშრალი პორტი ლოგისტიკური ჰაბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება - ჯემალ ინაიშვილი

მშენებარე მშრალი პორტი ლოგისტიკური ჰაბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება - ჯემალ ინაიშვილი

2024-05-10 16:40:00

თბილისის სიახლოვეს მსხვილი ლოგისტიკური პროექტის, თბილისის მშრალი პორტის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება.

როგორც  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, ოქტომბრიდან მშრალი პორტი აქტიურად ჩაერთვება შუა დერეფნის ლოგისტიკურ საქმიანობაში. 

„საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. ზუსტად ჩვენი ლოგისტიკური ჰაბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება. მშრალი პორტის მშენებლობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ვგეგმავთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ პირველი ფაზის გახსნის ცერემონიალს გავმართავთ და ეს მშრალი პორტი აქტიურად ჩაერთვება დერეფნის ლოგისტიკურ საქმიანობაში“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.  

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. 

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში აჰმედ ბინ ალი ალ საეგის შეხვდა და მასთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილი და აჰმედ ბინ ალი ალ საეგი თბილისის სიახლოვეს მსხვილი ლოგისტიკური პროექტის - თბილისის მშრალი პორტის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრნენ.

პროექტს ქართველ პარტნიორ  შპს თბილისი დრაი პორტთან ერთად უმსხვილესი არაბული კორპორაცია ADP განახორციელებს. ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო - ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართო რეგიონს. კერძოდ, იგი მოიცავს საკონტეინერო ეზოებს, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 200,000 TEU და საბაჟო-სასაწყობე მეურნეობას  (A და B კლასის საწყობები საერთო ფართით  12,300მ2).

ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზებას და სტიმულს მისცემს სხვა ინვესტორებსაც, რათა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდნენ. 
 

უახლესი

1 საათის წინ

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები