დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, პრიორიტეტულ ბაზრებზე ექსპორტი იზრდება - ოთარ შამუგია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, პრიორიტეტულ ბაზრებზე ექსპორტი იზრდება - ოთარ შამუგია

2023-06-03 14:44:00

 

წელს მე-15 ვმასპინძლობთ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენას, რომელიც ყოველწლირად უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს. დღეს მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„სახელმწიფო წლებია არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რის შედეგადაც, დღეს, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო 8000 წლოვანი უწყვეტი რთველის ისტორიით ღვინის სამშობლოა. ყოველწლიურად გვაქვს ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი. შარშან განვახორციელეთ რეკორდული რაოდენობის, 103 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი, რაც 23 მლნ-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მასშტაბური რიცხვებია;

წელსაც, მნიშვნელოვანია, რომ ვინარჩუნებთ ზრდის ამ დინამიკას. ეს არის ჩვენი, კერძო სექტორის და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის შედეგი და, დარწმუნებული ვარ, ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. მომავალ წლებში, სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ რესურსებს გამოყოფს იმისათვის, რომ ჩვენი ღვინო ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და გამოფენაზე იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მეწარმეებს უნდა ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქართული ღვინისთვის პრიორიტეტული ბაზრებია ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი და სამხრეთ კორეა.

მისივე თქმით 2022 წელს საქართველოდან აშშ-სა და პოლონეთში ღვინის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა. „ჩვენთვის თითქმის ყველა პრიორიტეტულ ბაზარზე ჩვენ გვქონდა ექსპორტის ზრდა და ამ დინამიკას დარწმუნებული ვარ რომ შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო გავზრდით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO კავკასიის რეგიონში, მეღვინეობის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს.

წელს, გამოფენაში WINEXPO 2023 შვიდი ქვეყნის (საქართველო, იტალია, გერმანია, უნგრეთი, თურქეთი, უკრაინა და სომხეთი) 200-მდე კომპანია საკუთარ პროდუქციასა და სერვისს სთავაზობს დამთვალიერებელს. გამოფენაზე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი საწარმოების, მცირე, საშუალო და საოჯახო მარნების პროდუქციის გარდა,  წარმოდგენილი იქნება ღვინის ინდუსტრიაში არსებული ტექნოლოგიები, შესაფუთი და დამხმარე მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, სასუქები,  აქსესუარები, სერვისები და სხვ. WinExpo 2023 მწარმოებლებთან ერთად, მასპინძლობს ექსპორტიორებს, სომელიეებს, სასტუმროების, რესტორნების, სავაჭრო ქსელებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან.

გამოფენის ფარგლებში, გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 40-მდე მცირე, საშუალო და საოჯახო მარანი გამოფენის სტუმრებს საკუთარ პროდუქციას, სხვადასხვა სახის ღვინოს, მათ შორის ქვევრისა და ბიოდინამიურ ღვინოებს,   გააცნობს. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართველი მწარმოებლებისთვის გააცნონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს, მოიძიონ პარტნიორები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის WINEXPO მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს, რომ გამოფენა პრესტიჟულია, ხოლო ქართული ღვინისადმი  ინტერესი გაზრდილია.

WinExpo Georgia 2023-ის მხარდამჭერები არიან  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023  2-4 ივნისს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე სივრცეში 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე გაიმართება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები