დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზის სადგურებზე ინტერესი დიდია, გამოჩნდნენ პოტენციური ინვესტორები ევროპიდან და ჩინეთიდან - Helios Energy

მზის სადგურებზე ინტერესი დიდია, გამოჩნდნენ პოტენციური ინვესტორები ევროპიდან და ჩინეთიდან - Helios Energy

2023-10-31 17:00:15

მზის ენერგია, როგორც განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი წყარო, საქართველოში სულ უფრო მოთხოვნადი მიმართულება ხდება.  თუმცა ქარისგან განსხვავებით, ჯერჯერობით მზის მხოლოდ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები გვხვდება.

Business Insider Georgia- თან Helios Energy-ის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია ამბობს, რომ 2023 წელს კომპანია 8 მეგავატ სიმძლავრეზე გავა. 

„მზის სადგურებთან მიმართებით ინტერესი დიდია.  აქტიურია საწარმოების სექტორი, ამ კუთხით ტენდენცია არ შენელებულა. ამ მიმართულებითაც ზრდა გვაქვს, მაგრამ მოთხოვნა გაჩნდა მზის დიდი სადგურების მშენებლობაზე. მანდ გაცილებით უფრო მაღალია ინტერესი. კერძოდ, ინტერესდებიან ფიზიკური პირები, მათ შორის გამოჩნდნენ ინვესტორები. სურვილი აქვთ, რომ 2 მეგავატიდან ზემოთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები ააშენონ“, - ამბობს თორნიკე დარჯანია.

მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით პოტენციური ინვესტორების პორტფელი დივერსიფიცირებულია: „ძირითადი მიმართულება არის ევროპა. გამოვყოფდი გერმანიას. არის ინტერესები ჩეხეთიდან, ჩინეთიდან. ბაზარზე არიან რუსი და უკრაინელ ინვესტორები, აქვთ რამდენიმე პროექტი.  თუმცა არ ვიცი მათი პროექტები რამდენად განხორციელდება“, - ამბობს დარჯანია.

რაც შეეხება რეგიონებს, Helios Energy-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ყველაზე აქტიური აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებია, მათ შორის კახეთი.

„აქტიურია თბილისი, კახეთი შიდა ქართლი. ალბათ იმის გამო, რომ ინდუსტრია თავმოყრილია აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენი პროექტების 90% აღმოსავლეთ საქართველოში განვახორციელეთ.

ვგეგმავთ, რომ 2023 წელს 8 მეგავატ სიმძლავრეზე გავალთ“.

Helios Energy-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში მზის ენერგიის განვითარებას პერსპექტივა აქვს და ბიზნესი CDF აუქციონებმა წაახალისა. „სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 300 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე 60 მეგავატია დადგმული სიმძლავრე. უნდა აშენდეს 5-ჯერ იმაზე მეტი ვიდრე დღეს გვაქვს“, - ამბობს დარჯანია.

შეგახსენებთ, რომ CFD-აუქციონებში 24-მა საინვესტიციო პროექტმა გაიმარჯვა. აქედან 14 ჰიდროელექტროსადგური;  2 ქარის ელექტროსადგური და 10 მზის ელექტროსადგურია. 

  •  უდაბნოს მზის ელ სადგური - 6 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,3;
  •  ილიაწმინდას მზის ელ სადგური - 30 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,35;
  •  ჯეოსთილის 50 მგვტ მზის ელ სადგური - 20 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,5;
  •  ბადიაურის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  სახენისი 1 მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  გამარჯვების მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  ვარდისუბნის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  ქედის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  ელდარის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  საგარეჯოს 1 მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9.

14 ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 149 მეგავატი; 2 ქარის ელექტროსადგურის 77 მეგავატი, ხოლო მზის 10 ელექტროსადგურის სიმძლავრე 70 მეგავატი იქნება.

შეგახსენებთ, რომ CFD-აუქციონებში განაცხადების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყო და 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ 78 განაცხადი შევიდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები