დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქროს ბაზარზე ფასის ზრდის მოლოდინი ცხადადაა გამოკვეთილი, მოსალოდნელია, მცირე კორექციაც - Galt & Taggart-ის ანალიტიკოსის შეფასება

ოქროს ბაზარზე ფასის ზრდის მოლოდინი ცხადადაა გამოკვეთილი, მოსალოდნელია, მცირე კორექციაც - Galt & Taggart-ის ანალიტიკოსის შეფასება

2024-04-01 16:00:00

უნცია ოქროს ფასმა $2265-ს გადააჭარბა, რაც 1,6%-ით აღემატება ბოლო სავაჭრო  სესიაზე დაფიქსირებულ ღირებულებას. რატომ ძვირდება ოქრო და როგორია მოლოდინი? ამ საკითხზე Business Insider Georgia Galt & Taggart-ის უფროს ანალიტიკოსს  სერგი ყურაშვილს ესაუბრა.

როგორც Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი აღნიშნავს, ოქროს ფასმა გასულ კვირებში რამდენჯერმე გააუმჯობესა თავისი რეკორდი და ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ზრდა თებერვლის შუა პერიოდიდან იღებს სათავეს

„განმსაზღვრელი ფაქტორები 2023 წლის ზრდაშიც აქტუალური იყო. მათგან სამი მთავარი ფაქტორი ცენტრალური ბანკები, ჩინური მოთხოვნა და მიმდინარე გეოპოლიტიკური რისკებია.

გეოპოლიტიკური რისკები - რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს გასული წლის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში ომიც დაემატა, რამაც, თავის მხრივ, წითელი ზღვის კრიზისიც გამოიწვია. როგორც წესი, ძვირფასი მეტალი რისკების ჰეჯირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნედლეულია, შესაბამისად, მსგავსი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ინვესტორებს გაეზარდათ ოქროზე მოთხოვნა.

ჩინეთი - ჩინელი ინვესტორების მზარდი მოთხოვნა ადგილობრივი რისკების შედეგია. პანდემიის შემდეგ ჩინურ ეკონომიკას გაუჭირდა წინანდელ ზრდის ტრენდზე დაბრუნება, გაჩნდა კრიზისი როგორც საფონდო ბირჟაზე, ასევე უძრავი ქონების ბაზარზე. ზოგადად, უძრავი ქონება ჩინელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ალტერნატივაა, თუმცა, ამ სექტორში არსებული კრიზისის ფონზე, გაიზარდა მოთხოვნა ოქროზე - როგორც ჰეჯირების საშუალებაზე. შედეგად, 2023 წელს, ოქროს სამომხმარებლო მოთხოვნა (ტონა) 15%-ით გაიზარდა ჩინეთში. გარდა საცალო ინვესტორებისა, მნიშვნელოვანი იყო ჩინური ცენტრალური ბანკის როლიც, რომელმაც 2023 წელს ჯამში 225 ტონა ოქრო შეიძინა რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით (და ტოპ შემსყიდველი იყო ცენტრალურ ბანკებს შორის).

რამდენიმე ფაქტი ადასტურებს, რომ ჩინეთში კვლავ რჩება ოქროზე მაღალი მოთხოვნა:

გარდა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა, გაზრდილია ოქროში ინვესტირება ჩინური საპენსიო ფონდების, სადაზღვევოებისა და სხვა სამთავრობო ინსტიტუტების მხრიდან.

მზარდია იმ ჩინური ETF-ების პერფორმანსი რომელიც ოქროსა და ოქროს მომპოვებელ კომპანიებში აკეთებენ ინვესტიციებს.

მაგალითისთვის, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებლის, Zijin Mining-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 26%-ით არის გაზრდილი და 15 მარტს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ჩინეთში ოქროს სამომხმარებლო იმპორტმა 367 ტონა შეადგინა 2024 წლის პირველ ორ თვეში, რაც 2023 წლის ანალოგიური მაჩვენებლისგან 51%-იანი ზრდაა. ჩინური ახალი წლის პერიოდში ოქროს სამკაულების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 24%-ით იყო გაზრდილი“, - ამბობს სერგი ყურაშვილი.

მისი შეფასებით,  ცენტრალური ბანკების გავლენა ოქროს ფასზე ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს.

„პირველ რიგში, 2022 წლიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მათი მოთხოვნა რეზერვების დივერსიფიკაციაზე, რასაც ოქროს მეშვეობით აკეთებენ. შედეგად, თუ მაგალითად 2015 წელს ოქროს წილი გლობალურად რეზერვებში 8.2% იყო, 2023 წელს ამ რიცხვმა 14.4%-ს მიაღწია. ზრდის მთავარი განმსაზღვრელები განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკები არიან და მოსალოდნელია რომ ეს მოთხოვნა კვლავ გაგრძელდება. გარდა უშუალო შესყიდვებისა, ოქროს ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ცენტრალური ბანკების მიერ დაწესებულ საპროცენტო განაკვეთებს. როგორც აშშ-ს, ისე სხვა დიდი ეკონომიკების ცენტრალური ბანკების მხრიდან მოსალოდნელია მიმდინარე წელს განაკვეთების კლება, რამაც ოქროს ფასზე დადებითად უნდა იმოქმედოს“, - ამბობს უფროსი ანალიტიკოსი.

ამასთანავე, მისი თქმით, მსგავსი სწრაფი მატების ფონზე, შესაძლებელია ველოდოთ მცირე კორექციასაც, „თუმცა ანალიტიკოსების მიხედვით, ჩინური მოთხოვნა  კორექციის პირობებში საკმაოდ ძლიერ ბუფერს წარმოადგენს ფასისათვის. ამ ეტაპზე, ოქროს ბაზარზე ცხადად არის გამოკვეთილი ზრდის მოლოდინი, თუმცა მთავარ რისკად აშშ-ს მაკროეკონომიკური ფაქტორები სახელდება. მაგალითად, ინფლაციის ან/და სხვა მაჩვენებლების მონაცემებს შეუძლია ფედერალურ რეზერვს უბიძგოს კვლავ გადადოს განაკვეთების შემცირების დრო, რაც აქამდეც მომხდარა. ეს ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა, რამაც შესაძლოა ოქროს ფასის ზრდას შეუშალოს ხელი“.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები