დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
OnWay ლოქერების სერვისს ამატებს - როგორ ვითარდება შიდა გადაზიდვების ბიზნესი

OnWay ლოქერების სერვისს ამატებს - როგორ ვითარდება შიდა გადაზიდვების ბიზნესი

2024-03-22 18:00:00

ქართული საკურიერო კომპანია OnWay, რომელიც თავის მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებულ მომსახურებას სთავაზობს მალე ლოქერებით მომსახურების სერვისს დაამატებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია OnWay-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა თამარ გოგოლაშვილმა განაცხადა, ლოქებები მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსება და სამომავლოდ მათი რაოდენობა გაიზრდება. 

„ახალი პროდუქტის შექმნა გვინდა ლოქერების სახით. საუბარი მაქვს თვითმომსახურების ლოქერებზე, რომელიც მთელს საქართველოში და თბილისში ყველა უბანში დამონტაჟდება. ლოქერებს მალე კიდევ უფრო მასიური სახე მიეცემა. ლოქების გამოყენებით, მომხმარებელს შეეძლება როგორც გაგზავნა, ისე ამანათების მიღება.

ეს ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, თუმცა ონლაინ მაღაზიებიც აქტიურად ისარგებლებენ.

მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება ამანათის უკან დაბრუნება. უფრო გამჭვირვალე და საიმედო გახდება პროცესები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ბაზარს. დღეს e-commerce-ს ბაზარი ჯამური რითეილის 2%-ია და მისი წილი მზარდია“, - აღნიშნა თამარ გოგოლაშვილმა.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, OnWay ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და ამ დროისათვის მხოლოდ ქვეყნის შიგნით გადაზიდვებს ემსახურება. 

„წლიდან წლამდე კომპანია 30%-ით იზრდება. ზოგადად 2020 წლამდე საკმაოდ სტაბილურად ვიზრდებოდით, მაგრამ 2020 წლიდან უკვე ძალიან სწრაფად გავიზარდეთ. 2020 წელს, ანუ პანდემიის დროს ჩვენი შეკვეთების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა, იქიდან გამომდინარე, რომ OnWay აქტიურად მუშაობდა.

აღნიშნულ პერიოდში ბევრი კომპანია გაურკვეველი ვითარების ფონზე გაჩერდა. ჩვენ შესაბამისი საშვები გვქონდა და ვმუშაობდით, რაზეც აქტიურად ვეთანამშრომლებოდით სახელმწიფო უწყებებს. შესაბამისად, პანდემიის დროს ჩვენი შეკვეთები სწრაფად გაიზარდა და არც მერე გაგვიჩერებია განვითარება.

სწორედ აღნიშნულ დროს დავიწყეთ SOFT-ზე მუშაობა და გავაკეთეთ ლოგისტიკური SOFT, რაზეც დღეს დგას ჩვენი სისტემა. ამან კი კიდევ უფრო მაღალი კონკურენტული უპირატესობა მოგვცა. როდესაც ახალი SOFT დავნერგეთ აღმოჩნდა, რომ სწორედ ასეთი SOFT სჭირდებოდა იმ ონლაინ მაღაზიებს, რომლებიც მაშინ იდგამდნენ ფეხს, ანუ საუბარი მაქვს უფრო თანამედროვე ციფრულ და ინტელექტუალურ გადაწყვეტილებებზე. სწორედ ეს მაღალი ზრდა ამ ახალი SOFT-თაც არის განპირობებული, რადგანაც საკმაოდ კონკურენტული პროდუქტი შევქმენით“, - აღნიშნა OnWay-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა.

თამარ გოგოლაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადაზიდვების ბაზარი მზარდია, მასაც ახასიათებს გარკვეული სეზონურობა.

„ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გაქვს შავი პარასკევიდან, ნოემბრის ბოლო კვირიდან დეკემბრის ბოლომდე, ანუ საახალწლოდ, ასევე მაღალი სეზონია უკვე ზაფხულში“, - ამბობს თამარ გოგოლაშვილი.

ირკვევა, რომ OnWay-ს კლიენტების დიდი ნაწილი კორპორატიულია, უმეტესწილად კი ონლაინ მაღაზიები არიან.

OnWay თანამშრომლობს თითქმის ყველა ონლაინ მაღაზიასთან, რომელიც საქართველოშია: Veli store, isurve, Vendoo და სხვა. 

„ვთანამშრომლობთ როგორც დიდ ისე პატარა ონლაინ მაღაზიებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებთან და ასე შემდეგ. ჩვენი კლიენტები არიან ფიზიკური პირებიც, მაგრამ საკმაოდ მცირე რაოდენობით, რადგანაც არ ვაკეთებთ კომუნიკაციებს“, - აცხადებს OnWay-ს დამფუძნებელი. 

კომპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბაზარზე OnWay-ს უპირატესობები დიდია.

„პირველ რიგში OnWay-ს კონკურენტული უპირატესობა არის ციფრული SOFT და გამჭვირვალობა. შეიძლება SOFT დღეს სხვასაც ქონდეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში აქვს საკმაოდ ბევრი ფუნქცია. მაქსიმალურად ვართ მორგებული პროცედურების თვალსაზრისით ინტერნეტ და ონლაინ მაღაზიებს. გაქვს მომხმარებელთა მხარდაჭერის მაღალი ხარისხი. კარგად გვესმის, რა უნდა ონლაინ მაღაზიებს და რა არის მათი საჭიროებები. გაქვს ასევე თანხის კურიერთან გადახდის სერვისი, რაც მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი კლიენტების კეთილდღეობაზე. ჩვენი პარტნიორი ონლაინ მაღაზიების კლიენტების 50%-ი მაინც იხდის ქეშით.

ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს უნდობლობა და დაბალი ინფორმირებულობა, ურჩევნიათ ჯერ ხელში დაიჭირონ ნივთი და მერე გადაუხადონ კურიერს“, - აცხადებს OnWay-ს დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს OnWay-მ მთელს საქართველოში 1 მლნ-ზე მეტი გზავნილი გადაზიდა, რაც თვეში დაახლოებით 100 000-მდე გზავნილია. მიმდინარე წელს თვის განმავლობაში კომპანია 100 000-ზე მეტ გზავნილს ემსახურება და შესაბამისად კომპანიის მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ 2024 წელს 1,5 მლნ-მდე გზავნილს მოემსახურება. 

დღეს OnWay-ს ქვეყნის მასშტაბით 10 ოფისი აქვს.

რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრის გარდა საერთაშორისო ბაზრით დაინტერესებას სამომავლოდ არ გამორიცხავენ, თუმცა OnWay-ს უახლოეს გეგმებში საერთაშორისო გადაზიდვების დაწყება არ შედის. 

„საერთაშორისო კუთხით სამომავლოდ ალბათ განვვითარდებით, მაგრამ შიდა ბაზარიც იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ვერც კი ვასწრებთ ტემპების დაწევას. წელს უფრო მოვახერხეთ ტემპთან დაწევა. იმდენად მაღალია ზრდა, რომ ამას დიდი ინვესტიციები სჭირდება. საოპერაციო კუთხით ბევრი რამეა საჭირო. კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა არის 300-მდე, ხოლო კურიერების რაოდენობა დაახლოებით 150-მდე. შესაბამისად კადრების მომზადება და ოფისების გახსნა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე ახალ რაოდენობაზე გადაწყობას დრო სჭირდება“, - აცხადებს OnWay-ს დამფუძნებელი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები