დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარკინგის გამტარუნარიანობას 700 სატვირთო ავტომობილამდე გავზრდით - „ლგ ტრანსი“

პარკინგის გამტარუნარიანობას 700 სატვირთო ავტომობილამდე გავზრდით - „ლგ ტრანსი“

2024-03-11 17:15:00

კომპანია „ლგ ტრანსი“, მცხეთის მუნიციპალიტეტში „სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალის“  გაფართოებას გეგმავს. 

როგორც Business Insider Georgia-ს „ლგ ტრანსის“ ერთ-ერთმა დირექტორმა მამუკა ფრიდონაშვილმა განუცხადა, სატვირთო ავტომობილების პარკინგი ექსპლუატაციაში 2023 წლის 11 ოქტომბერს შევიდა და 400 სატვირთო ავტომობილზეა გათვლილი. თუმცა, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების მიხედვით,  „ლგ ტრანსი“ 2025 წლის ივლისამდე პარკინგის გამტარუნარიანობას 700 სატვირთო ავტომობილამდე გაზრდის. 

პარკინგის მოსაწყობად კომპანიამ მიწა სახელმწიფოსგან 25 წლიანი იჯარით აიღო და წლის განმავლობაში 400 000 ლარამდე საიჯარო თანხის გადახდა უწევს. იმავდროულად კომპანიას 30 ადამიანი უნდა დაესაქმებინა, თუმცა დღეისათვის უკვე 65 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, საიდანაც 50 ადგილობრივია.

როგორც  მამუკა ფრიდონაშვილი ამბობს, გაფართოებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და უკვე გაყვანილია მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„პარკინგი ამჟამად 400 ავტომობილზეა გათვლილი, თუმცა იგეგმება, რომ ტერიტორია გაფართოვდება და საბოლოო ჯამში 700 ავტომობილზე იქნება გათვლილი.  რეალურად ნახაზები ისეა, რომ 1000 ავტომობილის განთავსებაც შეგვიძლია“, - ამბობს კომპანია „ლგ ტრანსის“ ერთ-ერთი დირექტორი. 

ირკვევა, რომ პარკინგზე ავტომობილების განთავსების ყოველთვიური მაჩვენებელი განსხვავებულია, რადგანაც ეს დამოკიდებულია ვითარებაზე  კობი-გუდაურის გზაზე და ასევე მეტეოროლოგიურ პირობებზე. 

„როდესაც კობი-გუდაურის გზა იკეტება, გუდაურიდან ხშირად რუსთავამდე გზაზე დგანან ტრაილერები. დღეს კი შესაძლებელია, რომ ის ავტომობილები, რომლებიც გზის ჩაკეტვის გამო ტრასაზე იდგნენ უკვე  სატვირთო ავტომობილების პარკინგზე ჩავიყვანოთ და აქ განვათავსოთ. აღარ მოხდება გზის დანაგვიანება, გზებიც აღარ იტვირთება და ავარიებიც აღარ ხდება“, - აცხადებს კომპანია „ლგ ტრანსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

მისივე განმარტებით, ამ დროისათვის ტერიტორიაზე მძღოლების მოსასვენებელი სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურა არ არის, მაგრამ სამომავლოდ მისი მშენებლობა იგეგმება.

„თუმცა ეს მიმართულება მაინცადამაინც მოთხოვნადი არ არის, რადგანაც ყველა სატვირთო ავტომობილს აქვს საძინებელი ადგილი მოწყობილი“, - ამბობს მამუკა ფრიდონაშვილი.

პროექტის განხორციელება „ლგ ტრანსს“ 9 მლნ ლარზე მეტი უკვე დაუჯდა და ცხადია ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან ერთად, ინვესტიციის მოცულობაც გაიზრდება. 

ამ დროისათვის სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალის „სტუმრების“ 50%-ი სომხეთში რეგისტრირებული ავტომობილები არიან, დაახლოებით 20%-ი საქართველოში რეგისტრირებული, ხოლო დანარჩენი კი თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. 

თუ რა პერიოდი გაჩერდება სატვირთო ავტომობილი პარკინგზე ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. 

„მაგალითად, ნოემბრის ბოლოს გზა 8 დღე იყო დაკეტილი და მეცხრე დღეს გავიდნენ ავტომობილები. მათი ვიზიტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე გზა რამდენად თავისუფალია.  თუ გზა თავისუფალია და ამინდებიც კარგია, მაშინ ამ ავტომობილებს დიდხანს დაყოვნება აღარ უწევთ. თუმცა როცა გზა დაკეტილია მაშინ შესაძლოა 10 დღეც გაჩერდნენ“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალზე მოთხოვნა სულ იქნება, რადგანაც აღნიშნული ინფრასტრუქტურა გზების სატვირთო ავტომობილებისგან განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. 

„პარკინგზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება. ლარსის საზღვარო გამშვები პუნქტი ზაფხულის პერიოდში ატარებს 500-დან 600 მანქანამდე, ზამთრის პერიოდში კი 400-დან 500-მდე“, - აღნიშნა მამუკა ფრიდონაშვილმა.

სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალი / Trucks Parking Central თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სივრცეა. ადგილზე მოქმედებს ყველა საჭირო სერვისი. საპარკინგე ზონით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს, განუსაზღვრელი დროით, 40 ლარად შეუძლია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები