დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთი მიზნად ისახავს ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის სიმძლავრის გაზრდას - თოყაევი

ყაზახეთი მიზნად ისახავს ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის სიმძლავრის გაზრდას - თოყაევი

2023-05-24 11:00:46

ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გზით, აზახეთი აპირებს სისტემატურად გაზარდოს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) შესაძლებლობები.  

ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიანში ცენტრალური აზია-ჩინეთის სამიტზე განაცხადა,

„ჩინეთი-ცენტრალური აზია-ევროპის მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია. ამ ეტაპზე ამ არტერიამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა 

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დასძინა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი არის მთავარი ტვირთგამგზავნი, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება ამ მარშრუტის მაქსიმალური და უწყვეტი დატვირთვის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ვიწვევთ ჩინელ პარტნიორებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის კასპიის ზღვის პორტების შესაძლებლობების გაფართოების, მათი საქმიანობის დიჯიტალიზაციისა და სატრანსპორტო გემების ერთობლივი წარმოებისთვის“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, ყაზახეთ-თურქმენეთი-ირანის რკინიგზის პოტენციალის გამოყენება ასევე დიდ პერსპექტივებს უხსნის ორ ქვეყანას.

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დასძინა, რომ ეს მარშრუტი მნიშვნელოვანი რგოლია აღმოსავლეთ აზიიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებამდე ერთ-ერთი უმოკლესი მარშრუტის განვითარებისთვის. 

ცნობისთვის, საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. ქვეყნის მთავრობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ მოერგებიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უკრაინის ომის შედეგებს -  გააფართოებენ სატრანსპორტო თანამშრომლობა და დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის ოქტომბერში  თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (შუა დერეფანი) საერთო კრება გაიმართა, სადაც შუა დერეფნის წევრი ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.

ჯერ კიდევ მაშინ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები