დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველა პირობაა, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს - ალექსანდრე ძნელაძე

ყველა პირობაა, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს - ალექსანდრე ძნელაძე

2023-12-19 15:00:00

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძეს აქვს მოლოდინი, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განაკვეთს კიდევ შეამცირებს.

Business Insider Georgia-თან ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს.

„მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები, მიგვაჩნია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება იქნება დროული და ლოგიკური. ვფიქრობ, 2024 წელს გადაწყვეტილებები მიიღება უფრო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასების კუთხით. წელს საქართველოში უფრო ნაკლებია ინფლაციის მკვეთრი ზრდის რისკი, ვიდრე ეკონომიკური ზრდის შენელების. მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგი პროგნოზებია ამ თვალსაზრისით“, - ამბობს ძნელაძე.

მისი თქმით, რთულია პროგნოზირება, თუ რამდენი პროცენტული პუნქტით შემცირდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. „მაგრამ, ყველაზე უფრო ფრთხილი გადაწყვეტილება იქნება თუ ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს იგივე განაკვეთს“, - აღნიშნავს ძნელაძე.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, დეკემბრის ბოლო სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთო 25 საბაზისო პუნქტით 9.75%-მდე შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები