დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა აქვს რუსულ ხორბალზე ფასების კლების ტრენდს საქართველოსა და რეგიონზე - ლევან სილაგავას შეფასება

რა გავლენა აქვს რუსულ ხორბალზე ფასების კლების ტრენდს საქართველოსა და რეგიონზე - ლევან სილაგავას შეფასება

2023-09-07 17:00:40

საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასი წლიურ ჭრილში 15-20%-ითაა შემცირებული. როგორც Business Insider Georgia-თან საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, ​საქართველოში ხორბალი ფაქტობრივად ზღვით აღარ შემოდის და მისი ტრანსპორტირება ხდება ლარსიდან.

„რუსეთიდან შემოტანილ ხორბალზე ფასების კლების ტრენდია, რადგანაც რუსეთში დიდი რაოდენობით ხორბალია ჩარჩენილი.

საქართველოში ფასები წელს ხორბალზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15-20%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება ივლისის ფასების აგვისტოსთან შედარებას  ფასის ვარდნამ 10-12% შეადგინა.

დღეს ადგილზე შემოტანილი 1 ტონა ხორბალის ფასი $220 ფარგლებშია, ანუ სადღაც 730 ლარად ვღებულობთ, დღგ-ს ჩათვლით“, - აცხადებს ლევან სილაგავა. 

რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, როგორც სილაგავა აღნიშნავს ევროპას თავისი ხორბალიც აქვს გასაყიდი და საკუთარი ბაზრის დივერსიფიცირებას ცდილობს, ხოლო უკრაინასა და რუსეთს კი ხორბლის რეალიზაციაში პრობლემები აქვთ. 

„თუ ხორბლის ბაზარს დავაკვირდებით, მას შემდეგ რაც რუსეთმა „ხორბლის დერეფანი“ დატოვა, ძალიან დიდი გამოწვევა გახდა შავი ზღვიდან ხორბლის მსოფლიო ბაზრებზე მიწოდება. საუბარი მაქვს უკრაინულ ხორბალზე. გადამისამართება მოხდა მდინარე დუნაის მხრიდან. იცით, რომ რუსეთმა, მას შემდეგ რაც შეთანხმებიდან გამოვიდა, უკრაინის პორტებზე მორიგი სარაკეტო დარტყმები განახორციელა, ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ალტერნატიულ მიმართულებაზე, დუნაის პორტზეც განხორციელდა სარაკეტო დარტყმები და შესაბამისად ევროპის მიმართულებითაც შემცირებულია  გადაზიდვები. თუმცა აქ არის გარკვეული სპეციფიკა, თავად ევროპის ქვეყნები არიან როგორც მწარმოებლები, ისე ექსპორტიორები, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, რუმინეთი, ბულგარეთი. თავისი ხორბალი აქვთ გასაყიდი.

ამ დროისათვის აკრძალულია უკრაინული ხორბლის გატანა ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში: პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთში და სხვა. მთლიანობაში თავად ევროპაშიც არ არის ცუდი მდგომარეობა ხორბლის მხრივ, ქვეყნებს თავისი სამყოფი და საექსპორტო ხორბალიც აქვთ. ეს ქვეყნები მხარს უჭერენ ადგილობრივ ფერმერებს, რათა საექსპორტო ბაზრებზე მათი ხორბალი გაიყიდოს.

ახლა რაც შეეხება რუსულ ხორბალს, შავი ზღვით ხორბლის გატანაზე შეფერხებებია და ეს ეხება რუსულ ხორბალსაც. ვიცით, რომ სანქციები აქტიურად მუშაობს, მაგრამ არა ხორბლის გატანაზე. სანქცია მუშაობს იმ გემებზე, რომელიც რუსულ ხორბალს ტრანსპორტირებას გაუკეთებენ. სწორედ ამიტომ დატოვა რუსეთმა „ხორბლის დერეფნის“ ხელშეკრულება. ისინი ცდილობენ, რომ ხორბლის მიწდება მსოფლიო ბაზარზე მაქსიმალურად შეძლონ. 

რუსეთისთვის მეორე უარყოფითი ფაქტორი ის არის, რომ მას შემდეგ რაც უკრაინის ინფრასტრუქტურა დაბომბა უკრაინელებმაც რამდენიმე დარტყმა განახორციელეს შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტის მიმართულებით, რამაც შეფერხება გამოიწვია. 

აქედან გამომდინარე საკითხი შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ. შავი ზღვის მარცხენა მხარე ანუ დასავლეთი მხარე, თურქეთის მიმართულება ფაქტობრივად შეფერხებულია, და ხორბლის ის რაოდენობა ვეღარ გადის რუსეთიდან. 

თუმცა აღმოსავლეთი მხარე, რომელშიც საქართველოც მოიაზრება მათ შორის აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად შუა აზიაც, ხორბალი მკვეთრად იაფდება. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს ვერ გააქვს ექსპორტზე ხორბალი დაწოლა მიდის რუსეთის შიდა ბაზარზე“, - აცხადებს სილაგავა. 

საქართველოში 2023 წლის 7 თვეში $27 მილონის ხორბლის იმპორტი განხორციელდა. ზრდა 39,9%-ია. გასული წლის 7 თვეში ქვეყანაში $19 მილიონის ხორბალი იმორტირდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები