დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ინტერესები აქვს აზერბაიჯანს საქართველოში - ილჰამ ალიევის ვიზიტის კონტექსტი

რა ინტერესები აქვს აზერბაიჯანს საქართველოში - ილჰამ ალიევის ვიზიტის კონტექსტი

2023-10-17 15:00:13

ილჰამ ალიევი საქართველოს ყველაზე ხშირი და სასურველი სტუმარი გახდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი 7 წლიანი პაუზის შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისს მეორედ ესტუმრა.

ალიევი არ წავიდა გრანადაში, იქ სადაც თითქმის მთელი მსოფლიო შეიკრიბა. ასე მან სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშიანიანთან, ევროკავშირის შუამავლობით ჩანიშნულ  შეხვედრაზე უარი განაცხადა. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა „საფრანგეთის დესტრუქციული პოზიცია, ასევე უთანხმოება პარიზსა და ბერლინს შორის შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით“. 

პარიზის დესტრქუციულ პოლიტიკაში ბაქო  საფრანგეთის თანხმობას გულისხმობს, რომლის თანახმადაც ელისეის სასახლე მზადაა, სომხეთთან სამომავლო კონტრაქტები გააფორმოს და ერევანს სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდოს.

„თუ რეგიონში ახალი კონფლიქტი მოხდება, პასუხისმგებელი საფრანგეთი იქნება“ - ამას აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს.

ილჰამ ალიევი საქართველოში გრანადის სამიტიდან ზუსტად სამი დღის შემდეგ ჩამოდის. ქართული მედიისთვის ეს მოულოდნელი ახალი ამბავი ხდება. ისევ როგორც ერთი წლის წინანდელი ვიზიტის შემთხვევაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მთავარი მასპინძელი ახლაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.

„თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, - ამბობს ილჰამ ალიევი ბოლო თბილისური ვიზიტისას.

ალიევი, რომ რეგიონში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურაა ამაზე აღარავინ დაობს, შესაბამისად მის ყოველ ვიზიტს თბილისში პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვა აქვს.

პოლიტიკურ კონტექსტში წლებია, მთავარია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, საქართველო მზადაა, ფასლიტატორის როლი იკისროს.

“დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება, სამშვიდობო შეთანხმება. სამშვიდობო შეთანხმება, ზოგადად, ვფიქრობ,  სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის. საქართველოს, ამ პროცესში, ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ იქნება ეს ფასილიტაციის, თუ ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში”, - ამბობს ილჰამ ალიევის თანდასწრებით ირაკლი ღარიბაშვილი.

კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა პირდაპირპროპორციულად განსაზღვრავს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. აქ დიაპაზონი  - ფართო, გეგმები - ბევრი და პოლიტიკური ნება აშკარაა.

ოფიციალური სტატისტიკა ამბობს, რომ აზერბაიჯანი ყოველ წელს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის ტოპ ხუთეულშია. მხოლოდ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, აზერბაიჯანი მეათე პოზიციას იკავებს. 2023 წლის II კვარტლის მონაცემებით კი, პირდაპირი აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობამ ჩვენს ქვეყანაში 9.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ვახდენთ პოტენციური ერთობლივი პროექტების  გამოვლენას ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქრურული განვითარების  სფეროებში“, -  დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერში აილჰამ ალიევის ვიზიტის შემდეგ.

და რა არის ეს პოტენციური პროექტები? ანუ რატომ აინტერესებს რეგიონის გამორჩეულ ლიდერს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა?

ერთ-ერთი ასეთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი შუა დერეფანია, რომლის განვითარების პერსპექტივაზე საქართველო და აზერბაიჯანი ყაზახეთთან კოორდინირებულად მუშაობენ. პროექტი რკინიგზისა და საავტომობილო გზების მოდერნიზაციას, პორტების გაფართოება/მშენებლობას გულისხმობს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერები მედიას ეუბნებიან, რომ რკინიგზაზე მასშტაბური სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჩვენს ქვეყანაში სარკინიგზო გზის მოდერნიზაციის პროექტი 2024 წელის ბოლოს უნდა დასრულდეს, შედეგად გამტარნუნარიანობის გაორმაგებას ელოდებიან. პარალელურად, ისტორიულ მნიშვნელობასა და სტრატეგიულ დანიშნულებს არ კარგავს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ამ შემთხვევაში მხარეების პროექტის დასრულებას სულ რამდენიმე თვეში ელოდებიან.

„ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებაზე წარმადობას გავახუთმაგებთ, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი შუა დერეფნის განვითარების პროცესში“, - ეს სიტყვები ილჰამ ალიევს ეკუთვნის.

მსოფლიოს უგრძესი ელექტროკაბელი შავ ზღვაში - ამ ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტში საქართველოსა და აზრებიაჯანის პარტნიორები რუმინეთი და უნგრეთი არიან, რომლის პრემიერ-მინისტრიც ჩვენს ქვეყანას გასულ კვირას ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტით სტუმრობდა. შეთანხმება ოთხ ქვეყანას შორის ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თანდასწრებით 2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში გაფორმდა. მაშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს უმნიშვნელოვანესი ამბავი მსოფლიოს ამ სიტყვებით ამცნო:

“დღეს მე ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ. პოტენციალით სავსე, იმედისმომცემი პარტნიორობა, ევროპაში მწვანე ენერგიის ნაკადისთვის. ენერგია, რომელსაც შეგვიძლია, დავეყრდნოთ ჩვენი საერთო მომავლისთვის“.

პროექტის ძირითადი პარამეტრების მიხედვით, რეკორდულად გრძელი 1 100 კილომეტრის, 1 000 მეგავატი სიმძლავრის ელექტროკაბელი აზრეიბაჯანულ ელექტროენერგიას ევროპაში გაიტანს და აქ საქართველო მთავარი რგოლია. ახლა როცა რუსეთი უკრაინაში გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ევროპა ასეთ პროექტებს იმედის თვალით შეჰყურებს, რუსეთზე თუნდაც უმნიშვნელო დამოკიდებულება აღარავის უნდა!

და რა თქმა უნდა ანაკლიის პორტი! ოფიციალურ ბაქოს, საქართველოს შავი ზღვის ეს პორტი ახლა ალბათ იმაზე მეტად აინტერესებს, ვიდრე ოდესმე და ანაკლიის პორტი თბილისისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების ფონზე, ალბათ ახლა იმაზე მეტ დანიშნულებას იძენს, ვიდრე ოდესმე. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ „ლიდერმა“ ალსან ბჟანიამ ხომ სულ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდანაც კი ჩანს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება.

გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პორტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი მიმართულება. ჩვენ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ყულევის პორტს ვფლობთ და შეგვიძლია მისი გაფართოებაც“, - ილჰამ ალიევმა ესეც თბილისში თქვა.

ანაკლიის პორტი აბრეშუმის გზის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მონაკვეთზე მდებარეობს და პორტის მიმართ აზერბაიჯანის ინტერესი ბუნებრივი და გასაგებია.

ანაკლიის პორტს ეკონომიკურ-პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უკვე ვიცით, რომ სულ ცოტა დარჩა სამშენებლო ტენდერის გამოცხადებამდე. ისიც გადაწყვეტილია, რომ სატენდერო პროცესს სახელმწოფო საწარმო „ანაკლიის საზღვარო ნავსადგური“ წარმართავს და მშენებელ კომპანიასაც ის შეარჩევს.

PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი გვეუბნება, რომ ილჰამ ალიევის ხშირი ვიზიტების ფაქტი სწორად არის შემჩნეული. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის გახშირებული სტუმრობა ოფიციალური ბაქოს მხრიდან საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესზე მიუთითებს. ხიშტოვანი ფიქრობს, რომ აზერბაჯანის სურვილი საქართველოსთან კიდევ უფრო კარგი მეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარეობს.

„საქართველოს როლი აზერბაიჯანისთვის კიდევ უფრო გაზარდა შუა დერეფნის პროექტმა. აზერბაიჯანისთვის ეს სავაჭრო გზა მნიშვნელოვანი ელემენტია ევროკავშირთან ურთიერთობის ფარგლებში, ეს კი ბუნებრივად ზრდის საქართველოს როლს“, - გვეუბნება გიორგი ხიშტოვანი.

ჩვენთან საუბარში PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ცალკე გამოყოფს ანაკლიის პორტის პროექტს. აზერბაიჯანის მხრიდან ამ პორტით დაინტერესება ანალიტიკოსს აფიქრებინებს, რომ გაცილებით მეტ პროცესებს აქვს ადგილი, ვიდრე საზოგადოებას საჯარო განცხადებებიდან ესმის.

„მნიშვნელოვან ფაქტად მესახება ალიევის განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რადგანაც ვიცით, რომ ამჯერად ღია საკონკურსო პროცესი მიმდინარეობს. დაფიქსრიდა ინტერესი ჩინეთის მხრიდან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან. ვფიქრობ, რომ იმაზე მეტ პროცესებს აქვს ადგილი, ვიდრე ჩვენ საჯარო განცხადებებიდან გვესმის. უკეთესი იქნება პროცესს ოფიციალური პირების მხრიდან მეტი ღიაობა ჰქონდეს, რადგან ამ ეტაპზე მაინც მარჩიელობა გვიწევს. ჩემი აზრით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ანაკლიის პორტი იყოს მსხვილი კონსორციუმის მიერ დაფინანსებული. სასურველია კაპიტალი იყოს შერეული. შერეულ კაპიტალში ვგულისხმობ კაპიტალს ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან, ამერიკიდან, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნიდან, თუნდაც შეიძლება ეს იყოს მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის სივრცეში ოპერირებს. ამით ჩვენ მოვახრეხებდით და  არ გავხდებოდით ზედმეტად დამოკიდებული ერთ დამფინანსებელზე. ეს როგორც წესი არის ძალიან მსხვილი ინვესტიციაა და ერთ ინვესტორზე დამოკიდებულება შეიძლება ეკონომიკური დამოკიდებულებიდან  პოლიტიკურ დამოკიდებულებაში გადაიზარდოს, რაც კარგი არ არის“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

რა სარგებელს მიიღებს საქართველო აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გარღმავებით? PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში ეს არის ქვეყნის შესაძლებლობა მსოფლიო რუკაზე დაიმკვირდოს თავი, როგორც რეალურმა სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა ჰაბმა.

„როდესაც ცენტრალური აზია, ჩინეთი ეძებს ეძებს ალტერნატიულ სავაჭრო გზებს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს, საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და დაფიქსირდეს როგორც სანდო პარტნიორი, ერთი მხრივ ევროკავშირელი მეგობრებისთვის და მეორე მხრივ ჩვენი მეზობლების თვალში, ცენტრალურ აზიაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ საქართველო დაფიქსირდეს მსოფლიო რუკაზე როგორც სუბიექტი, რომელსაც აქვს უნარები მსოფლიო ვაჭრობაში შეიტანოს წვლილი“, - გვეუბნება გიორგი ხიშტოვანი.

PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ახალი ეკონომიკური შეთანხმებისას ყველა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს რომ შეთანხმება იყოს მისი მოსახლეობის ინტერესში, ნებისმიერ პარტნიორთან უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველომ უნდა ნახოს სარგებელი.

და რა ინტერესი აქვს აზერბაიჯანს? რატომ ირჩევს ბაქო თბილისს სტრატეგიულ პარტნიორად?

„აზერბაიჯანის უჩვენოდ გაუჭირდება იმ ენერგეტიკულ ბაზრებზე გასვლა, რომელიც მის ინტერესშია. აქედან გამომდინარე პრეზიდენტ ალიევის ინტერესი, რომ საქართველოს ხშირად ეწვიოს სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენ მათთვის საინტერესოები ვართ და ეს არის აქტივი რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ“, - გვპასუხობს PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

ქვეყნების შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება სრულად პოლიტიკურ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. საქართველო და აზერბაიჯანი პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობსა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარს უჭერენ ერთმანეთს.

საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრება ბევრ წელს ითვლის. ყველაფერი კი ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის პერიოდიდან იწყება.

“ეს იყო გამოწვევებით აღსავსე პერიოდი. ეს იყო ბობოქარი პერიოდი და მათი ლიდერობა იყო გამორჩეული. ეს დაეხმარა აზერბაიჯანსა და საქართველოს გაეძლიერებინათ მათი დამოუკიდებლობა. მათი შრომისა და ძალისხმევის წყალობით დამოუკიდებელი საქართველო და დამოუკიდებელი აზერბაიჯანი განვითარების გზას ადგანან. ჩვენ მათი სამართალმემკვიდრეები ვაგრძელებთ მათ მიერ დაწყებულ საქმეს. კიდევ უფრო წინ გვყავს წაყვანილი ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ერები”, - თქვა თბილისში ბოლო ვიზიტისას ილჰამ ალიევმა.

როცა ილჰამ ალიევის თბილისურ ვიზიტზე ვწერთ გვერდს ვერ ავუვლით ერთ მნიშვნელოვან დეტალს -  რეგიონის ლიდერი უკვე მეორედ ისე ჩამოვიდა და ისე წავიდა საქართველოდან რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არც ერთხელ შეხვედრია. ვიზიტი პრეზიდენტების აუდიენციას არც ერთხელ ითვალისწინებდა!

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები