დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ხარვეზები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა შპს „სანდასუფთავების“ საქმიანობაში

რა ხარვეზები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა შპს „სანდასუფთავების“ საქმიანობაში

2024-03-01 21:05:00

აუდიტის სამსახურმა შპს „სანდასუფთავების“ საქმიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ უწყებამ „სანდასუფთავების“ 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი განახორციელა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვასთან, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ  შპს „სანდასუფთავებამ“ სათანადოდ ვერ უზრუნველყო თავისუფალი ფულადი სახსრების მართვა, რაც დამატებითი შემოსავლის მიღებას უზრუნველყოფდა. 

საწვავის ხარჯვაში არსებული ხარვეზები - შპს „სანდასუფთავებაში“ არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სამსახურებრივი დანიშნულებით საწვავის ხარჯვის დადასტურებას. შედეგად, ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე ექსპერტის მიერ დადგენილ ნორმასთან შედარებით, ზედმეტად ჩამოწერილია არანაკლებ 147,770 ლიტრი საწვავი. ამასთანავე, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით მიღებული ავტომანქანების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების დადასტურების გარეშე ჩამოწერილია 94,727 ლიტრი საწვავი. 

ბაზრის კვლევის ხარვეზები - სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ბაზრის კვლევა სათანადოდ არ არის ჩატარებული, რომლის შედეგად 14 შემთხვევაში პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით შემცირებულია 368,001 ლარით. აღნიშნული გარემოება ერთი პრეტენდენტის არსებობის პირობებში წარმოშობს ფულადი სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკებს. 

შრომის ანაზღაურების ხარვეზები -  შპს „სანდასუფთავებაში“ არსებულმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის ფაქტობრივად გატანილი მოცულობების დადგენაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა, ვერ მივიღეთ რწმუნება შრომის ანაზღაურებისათვის გაწეული ხარჯი და მომსახურებისათვის მიღებული შემოსავალი, რამდენად შეესაბამება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მოცულობას. 

პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების და მიმწოდებელთან ანგარიშსწორების ხარვეზები - სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება, რიგ შემთხვევებში ხარვეზებითაა განხორციელებული.

აუდიტის სამსახურმა „სანდასუფთავებისთვის“ 5 რეკომენდაციაც შეიმუშავა:

რეკომენდაცია №1:  

შემუშავდეს ისეთი კონტროლის და მართვის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრებით დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

რეკომენდაცია №2: 

შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე ექსპერტის მიერ დადგენილი ნორმის შესაბამისად საწვავის ხარჯვას. ამასთანავე, პარტნიორთან შეთანხმებით, გონივრულ ვადაში განიხილოს უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით მიღებული ავტომანქანების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების, საწვავის ხარჯვის და ფინანსური ხარჯების გაწევის მიზანშეწონილობის მდგომარეობა.

რეკომენდაცია №3: 

შპს „სანდასუფთავების“ ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის სრულფასოვნად ჩატარებას და შესყიდვის საგნის სავარაუდო ფასის სწორად განსაზღვრას.

რეკომენდაცია №4: 

შპს „სანდასუფთავებამ“ შეიმუშაოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის გატანის მომსახურების მიმდინარეობაზე ეფექტიან ზედამხედველობას, ხარვეზების დროულად გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას. ამასთანავე, დაადგინოს არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზები და გაატაროს სათანადო ღონისძიებები.

რეკომენდაცია №5: 

შპს „სანდასუფთავების“ ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პრეტენდენტების მიმართ ერთგვაროვან მიდგომას, განსახორციელებელი მომსახურების სათანადო მონიტორინგს და ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების მიხედვით თანხების ანაზღაურებას.

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები