დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა წერია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ინტერნეტიზაციის ხელმისაწვდომობის აუდიტის ანგარიში

რა წერია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ინტერნეტიზაციის ხელმისაწვდომობის აუდიტის ანგარიში

2024-03-01 19:56:00

აუდიტის სამსახურმა ინტერნეტიზაციის ხელმისაწვდომობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რისკი იმისა, რომ 2025 წლისათვის დაგეგმილი ღონისძიებები დროულად ვერ დასრულდება არის მაღალი.

საქართველოს 2018 წლის განახლებული კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება“, რის საფუძველზეც სახელმწიფოს დაეკისრა პოზიტიური ვალდებულება, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს ინტერნეტით სარგებლობა საქართველოს მოსახლეობისათვის.

როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშში წერია, ხარისხიან ინტერნეტთან წვდომის თანაბარი შესაძლებლობა არა მარტო ადამიანის ფუნდამენტური, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების და უფლებების რეალიზებისთვისაა საჭირო, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ინტერნეტტექნოლოგიებს ეფუძნება თანამედროვე საბანკო და ანგარიშსწორების სისტემები, ელექტრონული კომერციის, ელექტრონული ჯანდაცვის, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების, სკოლების მართვის საინფორმაციო და სხვა სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნესპროცესების მაქსიმალურ გამარტივებას, დროითი, ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვას, ინფორმაციის მიმოცვლისა და ადმინისტრირების გამარტივებას. საქართველოს ლანდშაფტის სირთულის გათვალისწინებით, მაღალმთიან რეგიონებში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის არსებობა არა მხოლოდ განათლების, ბიზნესის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვისაა აუცილებელი, არამედ კლიმატურ-გეოგრაფიული და განსახლების თავისებურებების გამო მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2022 წლებში ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტთან წვდომა შინამეურნეობების 84-88%-ს ჰქონდა, ხოლო მათ შორის უდიდესი წილი, 91%-93%, საქალაქო ტიპის დასახლებულ პუნქტებზე მოდიოდა. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობებიდან ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს 2020-2022 წლებში 86-89% პროცენტი გამოიყენებდა და ამ შემთხვევაშიც მეტი წილი ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობაზე მოდის.

მნიშვნელოვანი განსხვავებაა ტერიტორიულ ერთეულებს შორის ინტერნეტის დაფარვის კუთხითაც. ამ მიმართულებით ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, სადაც ინტერნეტთან წვდომის პროცენტული მაჩვენებელი 2020-2022 წლებში 53-72%-ს შეადგენდა, ხოლო საუკეთესო, 92-95%-იანი დაფარვით თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გამოირჩევა.

„ფიზიკურ ხელმისაწვდომობასთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ფინანსური ხელმისაწვდომობაც. მსოფლიო ბანკის მიერ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებად კლასიფიცირებულ, ევროპისა და პოსტსაბჭოთა 13 ქვეყანას შორის, საქართველო თვეში 1მბ/წმ ინტერნეტის საშუალო ფასით 2022 წელს − მე-8, ხოლო 2023 წლის მონაცემებით მე-10 ადგილს იკავებს.

არსებული გამოწვევების დასაძლევად უკანასკნელ წლებში სახელმწიფოს მხრიდან, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ციფრული ბაზრის ჰარმონიზების პროექტის − EU4Digital ინიციატივის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ასევე მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი − Log-in Georgia, რომლის განმახორციელებლის ფუნქცია საქართველოს მთავრობის N375 დადგენილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, სსიპ − საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობით დაფუძნებულ ა(ა)იპ − ოუფენ ნეტს დაეკისრა“, წერია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ქმედითია სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გეგმა-გრაფიკი და პროექტების მიმდინარეობა

მსოფლიო ბანკის ინდიკატორების თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის პროექტ − Log-in Georgia-ს ფარგლებში მოწყობილმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის კაბელის საორიენტაციო სიგრძემ უნდა შეადგინოს 5000 კმ. 2022 წელს დასრულებულ და 2023 წლის მდგომარეობით არსებული სამუშაოების მოცულობა (მიმდინარე პროექტების ჩათვლით) შეადგენს 1,700 კმ-ს, რაც მისაღწევი სამიზნე მაჩვენებლის 34%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ 2022-2023 წლების სამუშაოები გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო შეფერხებით მიმდინარეობს და წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ვერ ესწრება, რისკი იმისა, რომ 2025 წლისათვის დაგეგმილი ღონისძიებები დროულად ვერ დასრულდება, მაღალია.

სამიზნე გეოგრაფიული არეალების შერჩევის კრიტერიუმები

უკანასკნელი ათწლეულების სწრაფმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ციფრულ სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა ინტერნეტის სისწრაფისა და ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობა. არსებული გამოწვევების დასაძლევად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეადგინეს „ეროვნული გეგმები“, რომლებიც წარმოადგენს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების სახელმწიფო პროგრამებს და შედგენილია ინდივიდუალური მიდგომებით, ქვეყნების სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით. საქართველოსთვის შერჩეული მოდელი მოიცავს შუა მილის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც გულისხმობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მშენებლობას და ღია დაშვების წერტილების მოწყობას სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში, რომლის შერჩევა ხდება ორი კრიტერიუმის საშუალებით:

  • თეთრი ზონები;
  • მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის.

დადგენილების თანახმად, მოსახლეობის რაოდენობის განსასაზღვრად გამოყენებული უნდა იყოს უახლესი საყოველთაო აღწერის შედეგები, რომელიც უკანასკნელად 2014 წელს ჩატარდა. შესაბამისად, ს/გ არეალის შერჩევის კრიტერიუმი ეყრდნობა მოძველებულ ინფორმაციას და ვერ ასახავს ფაქტობრივად არსებულ მდგომარეობას. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგი დასახლებები, რომლებიც 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებით ექცეოდნენ პროგრამის ფარგლებში, ფაქტობრივი მონაცემებით აღარ შეესაბამება სამიზნე გეოგრაფიული არეალის კრიტერიუმს, რადგან მცხოვრებთა რიცხოვნობა შემცირდა და ამჟამად 200 მოსახლეზე ნაკლებია; ხოლო რიგ შემთხვევებში, მოსახლეობის არასაკმარისი რაოდენობის გამო პროგრამის ფარგლებს მიღმა დარჩენილ სოფლებში, განახლებული ინფორმაციით, მცხოვრებთა რიცხოვნობა აჭარბებს 200-ს.

ფართოზოლოვანი ინტერნეტის ფინანსური ხელმისაწვდომობა

საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ სამიზნე მაჩვენებელს საქართველოს მოსახლეობისთვის, 2025 წლის ბოლომდე, მაღალსიჩქარიანი (100 მბ/წმ და მეტი) ინტერნეტის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. თუმცა აღნიშნული სამიზნე მაჩვენებელი სტრატეგიით ან პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულ გაზომვად ან/და დროში გაწერილ ინდიკატორებად არ არის გადაყვანილი. უკეთესი პრაქტიკის მიხედვით, ფინანსური ხელმისაწვდომობის ინდიკატორი, როგორც წესი, განისაზღვრება ინტერნეტის საცალო ფასისა და შინამეურნეობის/ერთი სული მოსახლის საშუალო თვიური შემოსავლის (ან მშპ-ის, მეშ-ის) თანაფარდობით.

მაგალითად: ITU-ს ანგარიშებისა და Broadband Commission-ის ფართოზოლოვანი ქსელების მხარდაჭერის 7 მიზნის თანახმად:

  • 2025 წლამდე − ინტერნეტი შეიძლება ჩაითვალოს ხელმისაწვდომად, როდესაც ის საშუალო თვიური შემოსავლის 5%-ზე ნაკლებია;
  • 2025 წლისთვის − ინტერნეტი ხელმისაწვდომია, თუ ის დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე ყოველთვიური მთლიანი ეროვნული შემოსავლის (GNI) 2%-ზე ნაკლებია.

2021-2023 წლების მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელით მოსარგებლე ოპერატორების მიერ ფიზიკური პირებისთვის შეთავაზებული საწყისი პაკეტი 15 მბ/წმ ხოლო, ყველაზე სწრაფი 30 მბ/წმ-ია და მათი ღირებულება თვეში 26 – 35 ლარს შეადგენს, რაც 2%-იან ბარიერთან საკმაოდ ახლოა; რაც შეეხება 100 მბ/წმ-იან ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტპაკეტს, მისი ღირებულება საშუალოდ თვეში 100 ლარს შეადგენს, რაც საქართველოს შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავლის 7%-ია, თუმცა შესაბამისი ინდიკატორის არარსებობის გამო, შეუძლებელია იმის შეფასება თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული მონაცემი ფინანსურად ხელმისაწვდომად ქვეყნის მასშტაბით. იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამა ძირითადად სასოფლო ტიპის დასახლებებზეა ორიენტირებული, ხოლო მსგავს დასახლებებში საშუალო შემოსავალი ქვეყნის საშუალო შემოსავალთან შედარებით, უფრო დაბალია, ოპერატორების მიერ შეთავაზებული მაღალხარისხიანი ინტერნეტის ღირებულების პროცენტული წილი საშუალო შემოსავალთან მიმართებით უფრო გაიზრდება.

2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა სულ მოიცვა 8 მუნიციპალიტეტი. აქედან, 6-ში პროგრამის ფარგლებში, 36 პოტენციური საცალო ინტერნეტის სერვისის მიმწოდებლიდან, ოპერირებს მხოლოდ 4 ინტერნეტპროვაიდერი. რაც შეეხება საპილოტე პროექტებს, ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ამჟამად მოქმედი 17 ინტერნეტპროვაიდერიდან პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში ოპერირებს მხოლოდ 2 – „ეარნეტი“ და „სქაიტელი“ და წარმოადგენენ აღნიშნულ არეალებში მოქცეულ დასახლებულ პუნქტებში მაღალხარისხიანი ინტერნეტის უკონკურენტო საცალო მიმწოდებლებს.

ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ აუდიტის პერიოდში ინტერნეტპროვაიდერების მხრიდან პროგრამით დაინტერესება არ იყო მაღალი. გარდა იმ ფაქტორისა, რომ პროგრამა გათვლილია კომერციულად არამიმზიდველ არეალებზე, აღნიშნული გარემოება ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ დაგეგმვის ეტაპზე სათანადოდ არ შეფასებულა პროვაიდერების საჭიროებები და არ მომხდარა იმ მინიმალური პირობების იდენტიფიცირება, რომლის შემთხვევაშიც კერძო ოპერატორები იქნებოდნენ დაინტერესებულნი მომსახურების მიწოდებით აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში. ასევე, მიუხედავად აუდიტის ობიექტების მიერ გამართული საინფორმაციო ღონისძიებებისა, აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასრულებული და მიმდინარე სტატუსის მქონე პროექტების ტერიტორიაზე მოქმედი ინტერნეტპროვაიდერებიდან, პროგრამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ნაწილი ფლობს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები