დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რაჭაში, სოფელ ხოტევში რესტორანი ,,კესანე - არ დამივიწყო“ ბიზნესის გაფართოებასა და მულტიფუნქციური სივრცის შექმნას გეგმავს

რაჭაში, სოფელ ხოტევში რესტორანი ,,კესანე - არ დამივიწყო“ ბიზნესის გაფართოებასა და მულტიფუნქციური სივრცის შექმნას გეგმავს

2023-12-06 15:00:11

რაჭაში, სოფელ ხოტევში, რესტორანი „კესანე - არ დამივიწყო“ ოფიციალურად მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნა. მოთხოვნა პირველივე სეზონზე აქტიური იყო, რამაც რესტორნის დამფუძნებელს გვანცა ყრუაშვილს ახალი იდეებისკენ უბიძგა და უკვე სარესტორნო ბიზნესის გაფართოების პროექტზე მუშაობს.

გრძელვადიან პერიოდში კი დაგეგმილი აქვს მულტიფუნქციური ტურისტული სივრცის შექმნა. როგორც თავად ამბობს, საოჯახო რესტორანი იმ ადგილასაა, სადაც ბავშვობა გაატარა და სახლთან მუდმივად ემოციური კავშირი ჰქონდა. სახელწოდებაც ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეირჩა.

,,ბავშვობის მოგონება უკავშირდება ბებოს, რაჭას და კესანეებს გაზაფხულობით, რომელიც ბებოს ძალიან უყვარდა. კესანეს ეძახდა „არ დამივიწყოს“ და ეს მოგონება ავსახეთ რესტორნის სახელწოდებაშიც  ,,კესანე - არ დამივიწყო», - ამბობს გვანცა ყრუაშვილი. ,,ბევრი სტუმარი გვყავდა, დაახლოებით ოთხი ათასზე მეტი ადამიანს ვუმასპინძლეთ. ნოემბერში დროებით შევაჩერეთ მუშაობა. სეზონური ფაქტორი მოქმედებს,  ამასთან, გაფართოების სამუშაოები დავიწყეთ და ამიტომ სეზონის დახურვა მოგვიწია.

ვიმედოვნებთ,  რომ ტურიზმი მომავალში უფრო გააქტიურდება რაჭაში, ჩვენც გავამრავალფეროვნებთ სერვისებს. შევეცდებით, ყველა სეზონზე მივიღოთ მომხმარებლები. სივრცისთვის რაც არის დამახასიათებელი,  კერძები ავთენტურია და წარმოდგენილია თანამედროვე ინტერპრეტაციით. კერძების ნაწილს ამზადებს დედა, ოჯახის ყველა წევრი გვყავს ჩართული, ასევე რამდენიმე ადამიანი დავასაქმეთ, რომლებსაც ჩვენს წარმატებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.

გვინდა აქაურობა ტურისტულ სივრცედ ვაქციოთ. გვაქვს ცალკე ოთახი, სადაც განთავსებულია  ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. წელს ათზე მეტი მეღვინის პროდუქცია  წარმოვადგინეთ. გვინდა ჩვენი სივრცე ადგილობრივი მომწოდებლებისთვის ვაქციოთ ერთგვარ ჰაბად, რომ მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და სტუმრებისთვის გაცნობა შევძლოთ. ვგეგმავთ, რომ ღვინის გარდა სხვა პროდუქტები დავამატოთ, სადაც ჩვენი ღვინისა და კერძების არა მარტო გაყიდვა იქნება შესაძლებელი, არამედ ადგილზე დაგემოვნებაც“, - ამბობს გვანცა ყრუაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მთლიანად სარესტორნო ბიზნესის განვითარებაზე არიან ორიენტირებული, ხოლო სამომავლოდ ეტაპობრივად სხვადასხვა სერვისი ჩაეშვება.

„პირველ რიგში, გვინდა სარესტორნო ბიზნესი გავაფართოოთ და ჩვენივე წარმოებული ნატურალური პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებელს. ასევე გვინდა სასტუმროს მიმართულება დავამატოთ. ლოჯისტიკური  ჯაჭვი შევკრათ ბიზნესებს შორის და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას დავეხმაროთ. დავამატებთ ასევე გასართობ ინფრასტრუქტურას, რომ ,,კესანე - არ დამივიწყო“ რეგიონში საინტერესო მულტიფუნქციური სივრცე გახდეს“, - ამბობს გვანცა ყრუაშვილი.

რაც შეეხება სამზარეულოს, კერძების უმეტესობა რაჭული ავთენტური სამზარეულოდანაა, რომელიც თანამედროვე ელემენტებით არის გამდიდრებული. აქტიურ სეზონზე რესტორანში 12 ადამიანი იყო დასაქმებული, გაფართოების შემთხვევაში მათ რაოდენობა, დაახლოებით 50%-ით გაიზრდება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები