დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ ჩვენი ავტოპარკი გაახალგაზრდავდეს - ვაჟა იორდანიშვილი

რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ ჩვენი ავტოპარკი გაახალგაზრდავდეს - ვაჟა იორდანიშვილი

2023-06-14 10:37:59

საავტომობილო სფეროს რეგულაციები ერთ-ერთი პირობაა, რომ ავტოპარკი გაახალგაზრდავდეს. „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების გამგეობის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის შეფასებით, ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილება სერიოზულ გავლენას მოახდენს და დროთა განმავლობაში მკვეთრად შემცირდება დახარვეზებული მანქანების რაოდენობაც.

„ვფიქრობ, რომ სატრანსპორტო დარგის რეგულაციები დაგვიანებულიცაა, უფრო ადრე უნდა მიეღოთ ზომები. მთავარია, რომ საკითხი დაიძრა. პრემიერის გზავნილი მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით: პირველი, რომ აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტი, რომელიც გარემოს ძირითადი დამაბინძურებელია.

ცნობილი ფაქტია, რომ ავტომობილები ჯერ გადიან ტექინსპექტირებას, შემდეგ იღებენ კატალიზატორებს და ხდება მათი რეალიზაცია. ახლა ჩაბარების მოტივაცია არ ექნებათ, რაც ეკოლოგიის კუთხითაც კარგ შედეგს მოგვიტანს.

მეორე გზავნილი 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვას ეხება. მისასალმებელი ნაბიჯია, ჩვენს სამეზობლოშიც ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს. ბაზარი მთლიანად ასაკოვანი ავტომობილებით არის გაჯერებული.

ამიერიდან ავტოპარკის გაახალგაზრდავებას შეეწყობა ხელი. რაც შეეხება ადგილობრივ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი სიცოცხლისუნარიანობა შენახვა-მოვლის პირობებზეა დამოკიდებული, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ ჩვენი ავტოპარკი გაახალგაზრდავდეს", - ამბობს ვაჟა იორდანიშვილი და დასძენს, რომ რეფორმა მთლიანად სატრანსპორტო სფეროზე დადებითად აისახება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიის, ასევე უსაფრთხოების მხრივაც.

„კომპლექსური მიდგომა დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობას შეამცირებს. რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება 1,6 მილიონი იყო და ტექინსპექტირებაზე 800 000 ავტომობილი მოდიოდა. ველოდები, რომ გარკვეულწილად გაიზრდება მიმართვიანობა ტექინსპექტირებაზე და გზებზე გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შემცირდება, რეფორმაც ამას ემსახურება", - აცხადებს იორდანიშვილი  Business Insider Georgia-თან.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ორი პრობლემური და დამაბინძურებელია: მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. პრემიერის განცხადებით, გადაწყვეტილია, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი დაწესდეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

18 საათის წინ

20 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები