დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას მოვუყვებით შვილიშვილებს — ისტორიული მატჩის განხილვა

რას მოვუყვებით შვილიშვილებს — ისტორიული მატჩის განხილვა

2024-03-30 16:27:00

გიზიარებთ ბლოგს: 2024 წლის 26 მარტი – ეს თარიღი ოქროს ასოებით შევა ქართული ფეხბურთის და არამარტო, ზოგადად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 30-წლიანი ოცნებისა და ლოდინის შემდეგ საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველომ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საბერძნეთს უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, 120-წუთიანი ნულოვანი ფრისა და წარმოუდგენელი დრამის შემდეგ, პენალტების სერიაში მოახერხა გამარჯვება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმანახევარფინალში ლუქსემბურგთან დაცდილ სათამაშო ტაქტიკასა (3-4-2-1) და შემადგენლობას არ უღალატა, ერთადერთი შეტევის წინა ხაზში გიორგი მიქაუტაძე ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაციამოხდილი ხვიჩა კვარაცხელიათი ჩაანაცვლა:

მამარდაშვილი – კვერკველია, კაშია, დვალი – კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია – ჩაკვეტაძე, კვარაცხელია – ზივზივაძე.

რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებსა და მის ურუგვაელ მთავარ მწვრთნელს, გუსტავო პოიეტს, მათი სათამაშო სქემაც და თერთმეტეულიც ნახევარფინალში ყაზახეთთან (5-0) გამოყენებულის (4-3-3) იდენტური იყო:

ვლახოდიმოსი – ბალდოკი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი – ბაკასეტასი, კურბელისი, მანტალოსი – მასურასი, იოანიდისი, პელკასი.

პირველი ტაიმი

თამაში ძალიან მძიმედ დაიწყო და თითოეულ მინიეპიზოდს ეტყობოდა ამ ერთი კონკრეტული დაპირისპირების მნიშვნელობა – ყველა ორთაბრძოლა მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე იყო ხისტი და აგრესიული, შედეგად, მატჩის მთავარმა არბიტრმა, სიმონ მარჩინიაკმა 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათიც უჩვენა ფეხბურთელებს – ბუდუ ზივზივაძისა და ხვიჩა კვარაცხელიასაქტიურობამ ბერძენთა 4-მცველიანი ხაზიდან 3 მოთამაშე გააყვითლა; თავის მხრივ ბუდუმაც მიიღო ყვითელი ბარათი ერთ-ერთ ორთაბრძოლაში ზედმეტი აქტიურობის გამო. ტაიმის მიწურულს კი აუტის ხაზთან და ჩვენს სათადარიგოს სკამთან ახლოს დაძაბულობის დროს მსაჯმა სათადარიგო სკამზე მყოფი მეკარე, გიორგი ლორია მოედანზე შესვლის გამო გააწითლა კიდეც.

ტაიმმა, ძირითადად, უმომენტოდ ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით ბოლო წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის ძალიან ჭკვიანურ დარტყმა-ჩაწოდებას სტანდარტული მდგომარეობიდან, როცა ბერძენთა მეკარემ, ოდისეას ვლახოდიმოსმა დიდი გაჭირვებით მოიგერია ბურთი კუთხურზე.

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი შედარებით დაბნეულად დავიწყეთ, ბერძნებმა აშკარად გადააწყვეს გუნდი და უფრო მეტად ეჭირათ ბურთი, ფიზიკურ ორთაბრძოლებში უფრო მეტადაც აქტიურობდნენ, მოიპოვეს უპირატესობა, თუმცა ჩვენი დაცვის ხაზისა (დვალი – კაშია – კვერკველია) და საყრდენი ზონის (ქოჩორაშვილი – კიტეიშვილი), ფაქტობრივად, უშეცდომო თამაშმა ერთი მომენტიც კი არ შეაქმნევინა გუსტავო პოიეტის გუნდს. ჩვენს კართან იყო გაუთავებელი ჩაწოდებები, კუთხურები (საერთო ჯამში 8 კუთხური მოგვიწოდეს ბერძნებმა), თუმცა 90 წუთის განმავლობაში საქმე რეალურ მომენტამდე არ მისულა. ჩვენი მხრივ, ვცდილობდით კონტრიერიშზე თამაშის აწყობას, რიგ მომენტებში გამოგვდიოდა და საჯარიმომდე ვაღწევდით, რიგ მომენტებში კი ბერძენთა ნახევარდაცვაც სწორი ჩამშლელი განლაგებითა და დაცვის ხაზის დაზღვევით გვპასუხობდა.

დამატებითი ტაიმები

დამატებითი 15-15-წუთიანი ტაიმები კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ნერვების ომი აღმოჩნდა – გარდამავალი უპირატესობა და რეალური მომენტების გაცვლა-გამოცვლა გრძელდებოდა ბოლომდე მთელი ნახევარი საათის განმავლობაში; ფეხბურთელებს ეტყობოდათ დაღლა, თუმცა ბერძენთა მხარეს ფიზიკური მომზადებითა და დაუღალაობით გამოსარჩევია ლივერპულის მარცხენა მცველი, კოსტას ციმიკასი, რომელიც არც ერთი წამით არ გაჩერებულა მთელი 120 წუთის განმავლობაში, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ არ გამოსდიოდა თავისი ფლანგიდან ჩაწოდებები და უმრავლესობა გიორგი მამარდაშვილის ადვილი ნადავლი ხდებოდა; ჩვენი შემადგენლობიდან კი კიდევ ერთხელ გაგვაოცა 24 წლის ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა – ის უდავოდ საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში, ციმიკასის მსგავსად, არ შეუსვენია არც ერთი წამი, იბრძოდა თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე, შესანიშნავად ანაწილებდა ბურთს ნახევარდაცვის ყველაზე უფრო წითელი ზონიდან, სხეულის სწორი მოძრაობითა და თამაშის უბადლო ხედვით მან საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა, ტემპისა და დინამიკის კონტროლი. თუკი ნახევარფინალში ბუდუ იყო მატჩის გმირი და საუკეთესო მოთამაშე, ფინალში – ეს იყო ქოჩორა!

პენალტების სერია

როგორც მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა თქვა, გიორგი ქოჩორაშვილმა თავისი ინიციატივით დაარტყა ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი თერთმეტმეტრიანი და გაიტანა კიდეც! მატჩის კიდევ ერთმა გმირმა, გიორგი მამარდაშვილმა კი ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, მეტოქის პირველი თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოახერხა!

საქართველო: ქოჩორაშვილი -✅ დავითაშვილი – ✅ მიქაუტაძე – ❌ დვალი – ✅ კვეკვესკირი – ✅

საბერძნეთი: ბაკასეტასი – ❌ მასურასი – ✅ ბუხალაკისი – ✅ იაკუმაკისი – ❌

გავიტანეთ ხუთიდან ოთხი თერთმეტმეტრიანი, მეტოქემ კი ოთხიდან ორი გააცუდა, შესაბამისად, პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ 4-2 და ასე გავედით ისტორიაში პირველად დიდ საფეხბურთო ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე!

ჯერ ზეიმისა და დიდი სიხარულის პერიოდია – დრო გვჭირდება, გავიაზროთ, რა მოხდა, რა მოხდება მომავალში, რომ წინ კიდევ უფრო სასიამოვნო ნაწილი გველოდება: საქართველო გახდა გერმანიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის 22-ე მონაწილე – F ჯგუფი, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან პორტუგალიათურქეთიდა ჩეხეთი.

საქართველო VS თურქეთი – 18 ივნისი, 20:00 საათი, ქალაქი დორტმუნდი;

საქართველო VS ჩეხეთი – 22 ივნისი, 17:00 საათი, ქალაქი ჰამბურგი;

საქართველო VS პორტუგალია – 26 ივნისი, 23:00 საათი, ქალაქი გელზენკირხენი.

საქართველო ფორმაშია!

ავტორი: გიორგი ყორღანაშვილი

უახლესი

53 წუთის წინ

59 წუთის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები