დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ არ დასრულდა გათვალისწინებულ ვადებში ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

რატომ არ დასრულდა გათვალისწინებულ ვადებში ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

2023-11-01 11:00:35

რატომ არ დასრულდა გათვალისწინებულ ვადებში ხიხაძირი-ხიხანის 7 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია? როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა“ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა და პროექტის დასასრულებლად ახალი ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო.

ირკვევა, რომ დეპარტამენტსა და შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი”-ს შორის 2020 წლის 27 ივლისის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. №82-20 ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ახორციელებდა ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის კმ21+200 - კმ28+000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2022 წლის 21 სექტემბერს დეპარტამენტის მიერ ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება, ამოქმედდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია და შესაბამისი თანხა ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. ასევე, კომპანიას დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 5 სექტემბერს დეპარტამენტის მიერ გამოცხადდა ტენდერი ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი - ხიხაძირის საავტომობილო გზის კმ21+200-კმ28+000 მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. წინადადებების მიღება დასრულდა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, თუმცა ტენდერი არ შედგა.

2023 წლის 11 ოქტომბერს განმეორებით გამოცხადდა ტენდერი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ, გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშოები, რომლის ვადაც განისაზღვრება სამუშაოების დაწყებიდან 16 თვით.
„ასევე გაცნობებთ, რომ დეპარტამენტსა და კომპანიას შორის 2020 წლის 9 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. №54-20 ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია აწარმოებდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმას მონაკვეთის (ლოტი 1.1) ხულო - გოდერძის უღელტეხილის კმ 0+000-კმ 4+007 მონაკვეთის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.

კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2022 წლის
5 აგვისტოს დეპარტამენტის მიერ ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება, ამოქმედდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია და შესაბამისი თანხა ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

ასევე, კომპანიას დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომელიც დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის და პირგასამტეხლოს თანხის ამოღების მიზნით მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე, გაცნობებთ, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპანიის მიმართ გახსნილია რეაბილიტაციის რეჟიმი“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

22 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები