დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ მცირდება მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი

რატომ მცირდება მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი

2023-11-03 14:00:09

საქართველოს ეკონომიკის ზრდის პარალელურად ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი მცირდება. მაგალითისთვის, აგრო სექტორის წილი მშპ-ში 9.2%-იდან 7.0%-მდე შემცირდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

„ეს ტენდენცია მოსალოდნელი იყო, და ამ მაჩვენებლით საქართველო შესადარი ქვეყნების საშუალო მონაცემს ედრება“, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშშია ნათქვამი.  

  • საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წმინდა იმპორტიორია, გარდა ხილისა

საქართველო არის ხილის ექსპორტიორი, ხოლო დანარჩენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ბოსტნეული, მარცვლეული, ხორცი) წმინდა იმპორტიორი.

ასევე, კვერცხის და რძის ადგილიობრივი წარმოება სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას.

ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ხილისა და ხორცის წარმოება, ხოლო ერთწლოვანი კულტურების, ბოსტნეულისა და მარცვლეულის წარმოება შედარებით მერყევია. 

  • ხილის წარმოება 2016-22 წლებში წლიურად საშუალოდ 4.5%-ით გაიზარდა და 642.6 მლნ კგ შეადგინა

 ხილის წარმოებაში წამყვანია ყურძენი, ატამი და ვაშლი. აქედან ყურძენი ძირითადად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში გამოიყენება, ხოლო ატამი და ვაშლი წამყვანი საექსპორტო პროდუქტებია. მზარდია ასევე ხილის იმპორტიც, რომელიც 2016-2022 წლებში გაორმაგდა და 91.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის ზრდა ძირითადად იმ პროდუქტებზე მოდის, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს, მაგალითად ბანანი, ავოკადო, ტროპიკული ხილი. 

  • ხილის მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და უფრო მაღალშემოსავლიან ბაზრებზე გასვლა

ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა კაკლოვნებზე, კენკრასა და ატამზე. ეს პროდუქტები შერჩეულია საქართველოში ამ კულტურის წარმოების მაღალი ზრდის პოტენციალით და ევროკავშირის იმპორტის ზომის მიხედვით. ამასთან, სოფლის მეუორნეობის განვითარების სააგენტო ამ კულტურების განვითარების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს. 

  • ბოსტნეულის წარმოებამ საქართველოში 333.1 მლნ კგ შეადგინა 2022 წელს

წამყვანი პროდუქტია კარტოფილი, პომიდორი და კიტრი. ამ პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება სეზონურად, თუმცა არასეზონურ თვეებში იმპორტი ბევრად მაღალია, შედეგად საქართველო ბოსტნეულის წმინდა იმპორტიორია.

  • ბოსტნეულის ჯამურმა თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 2022 წელს  74.5%-ს შეადგინა, ხოლო წმინდა იმპორტმა 33.0 მლნ აშშ დოლარი

ბოსტნეულის ქვე-სექტორისთვის მნიშვნელოვანია სათბურების განვითარება წარმოების სეზონურობის გათვალისწინებით და შესანახი მეურნეობების განვითარება პროდუქტის ვარგისიანობის გასახანგრძლივლებლად. 

  • საქართველო მარცვლოვნების იმპორტიორია

2022 წელს მარცვლოვნების მოხმარებამ 1,000 მლნ კგ შეადგინა, საიდანაც 370.5 მლნ კგ ადგილობრივი წარმოება, ხოლო დანარჩენი იმპორტი იყო, ჯამურად 96.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ხორბალი ძირითადად ფქვილის მისაღებად გამოიყენება და მისი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 2022 წელს 22%-ს შეადგენდა. შედარებით მაღალია თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი სიმინდის შემთხვევაში და ის 62%-ს შეადგენს.

  • სოფლის მეურნეობის ბიზნესის ბრუნვამ 2022 წელს 915.5 მლნ ლარს შეადგინა, რაც ჯამურად ბიზნეს სექტორის ბრუნვის მხოლოდ 0.7%-ია.

სექტორში არსებული 2,700 კომპანიიდან მხოლოდ 7 არის მსხვილი და 32 საშუალო ზომის, რაც სექტორის გამსხვილების პოტენციალზე მიუთითებს. ბიზნესის ზრდის პოტენციალი მაღალია ყველა ქვესექტორში, როგორც შინამეურნეობების ჩანაცვლების, ასევე კომპანიების გამსხვილების და ახალი საწარმოების შექმნის ხარჯზე. სექტორის ბრუნვის 50.7% მოდის მეცხოველეობის დარგზე, 16.7% მრავალწლოვან კულტურებზე, 12.5% ერთწლოვან კულტურებზე, 7.3% აკვა კულტურაზე, ხოლო დანარჩენი 12.8% დამხმარე მომსახურებებზე. 

  • ჩვენ ვხედავთ სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობებს როგორც პირველადი წარმოების ნაწილში, ასევე გადამუშავების მიმართულებით

ამასთან, სხვადასხვა სახელმწიფო პროიგრამების გათვალსიწინებით სექტორის მიმზიდველობა მაღალია. დღეის მდგომაროებით, სექტორისთვის მთავარი გამოწვევებია ეფექტურობის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

  • საქართველოში საშუალო მოსავლიანობა შესადარის ქვეყნებზე დაბალია

​​​​​​​საქართველოს სოფლის მეურნეობა ხასიათდება შინამეურნეობების მაღალი წილით და მცირე ზომის მეურნეობებით. მცირე მეურნეობებისთვის რთულია მაღალტექნოლოგიური  ბიზნესის წარმოება, რაც, შესაბამისად, ამცირებს მოსავლიანობას. ბიზნესის შემთხვევაში საშუალო მოსავლიანობა ხშირ შემთხვევაში ორჯერ მეტია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე, რაც ცხადყოფს, რომ ბიზნესი ბევრად უფრო ეფექტურია. საშუალო მოსავლიანობის გაზრდისათვის საჭიროა სექტორში ინვესტიციები მიზნობრივი კულტურების მიხედვით, ტექნოლოგიების დანერგვა, აგრონომებისა და პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება, ჯიშების სწორედ შერჩევა, კრიზისების მენეჯმენტი, მოსავლის აღების შემდგომ პროდუქტის ვარგისიანობის გახანგრძლივება და საწარმოთა გამსხვილება მასშტაბის ეკონომიურობის მისაღწევად. 

„საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის მთელი რიგი საკითხებთან ერთად კრიტიკულად მნიშვბნელოვანია პროდუქტის სტაბილურად მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მოსავლის აღების შემდგომ პროდუქციის სწორედ შენახვა, დასაწყობება და ხარისხის შენარჩუნება ტრანსპორტირებისას“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის ანგარიშში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

23 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები