დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში

2024-02-10 18:11:00

გიზიარებთ ბლოგს: დიდი ხანია, რაც ვაჭრობაზე გლობალური ეკონომიკის უდიდესი ნაწილი მოდის. ამ სექტორში კი საუკუნეების განმავლობაში ფუნდამენტურად არაფერი იცვლებოდა, თუმცა ბაზარზე ელექტრონული კომერციის პლატფორმების გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

Amazon-მა და Alibaba-მ მსოფლიოს დაანახეს, რომ სასურველი ნივთების შესაძენად ფიზიკურ მაღაზიებში მისვლა, რიგებში დგომა და ჰიპერმარკეტების უსასრულო სექციებში საათების კარგვა არ იყო საჭირო. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტად გაიზარდა იმ პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალიც, რომელთა შეძენა ონლაინში გახდა შესაძლებელი, ნებისმიერი ადგილიდან და თან რაც მთავარია, ნებისმიერ დროს.

ელექტრონული კომერციის განვითარებაში ლომის წვლილი ჯეფ ბეზოსს და მის მიერ დაფუძნებულ Amazon-ს მიუძღვის, რომელიც პირველობას უკვე ათწლეულებია არ თმობს. კომპანიის საბაზრო შეფასება 1 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს, Google-ისა და Nvidia-ს გვერდით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე Amazon-ის აქციების ღირებულება 60%-ითაა გაზრდილი, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ზრდას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. კომპანია ყოველწლიურად 500 მილიარდი დოლარის შემოსავალს აგენერირებს, ინტერნეტში განხორციელებული ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი კი სწორედ მასზე მოდის, რასაც შეუბღალავი რეპუტაცია და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება განაპირობებს.

Amazon-ის საპირწონედ, პლანეტის მეორე მხარეს, არანაკლებ გამორჩეულმა მეწარმემ, ჯეკ მამ 1999 წელს ჩინეთში Alibaba დააფუძნა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გარე სამყაროსთან აკავშირებს. საბითუმო ვაჭრობის კუთხით, Alibaba-მ ნამდვილი ტექნოლოგიური რევოლუცია მოახდინა, რისი წყალობით, ის აზიის ისტორიაში უმსხვილესი კომპანია გახდა.

ამჟამად Alibaba-ს კაპიტალიზაცია $172 მილიარდს შეადგენს, თუმცა 2020 წელს ის $840 მილიარდს აღწევდა. ასეთი მკვეთრი დაღმასვლა ჯეკ მას და ქვეყნის მთავრობის დაპირისპირებას უკავშირდება, რის შემდეგაც კომპანია პოლიტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა Alibaba-ს ელექტრონული კომერციის პლატფორმასთან მიმართებით ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა, ის ისევ ის ბიზნესია, რომელსაც ინვესტორები ცოტა ხნის წინ $840 მილიარდად აფასებდნენ. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ანალიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ პოლიტიკური კლიმატის გამოსწორების შემდეგ, Alibaba ისევ დაუბრუნდება თავისი დიდების მწვერვალს.

Alibaba-ს გარდა, ჩინეთის ბაზარზე კიდევ ერთი გიგანტი ოპერირებს და მისი სახელწოდება Pinduoduo-ა. მისი საბაზრო შეფასება ერთ წელიწადში 50%-ითაა გაზრდილი და ამჟამად $187 მილიარდს შეადგენს. მართალია, Pinduoduo-ს ამჟამად ინვესტორები Alibaba-ზე უფრო მეტად აფასებენ, თუმცა ამ კომპანიების მასშტაბებისა და შესაძლებლობების შედარება უბრალოდ შეუძლებელია, რადგან, გამოწვევების მიუხედავად, Alibaba ისევ ისეთი დომინანტი მოთამაშეა ჩინეთის ბაზარზე, როგორც ადრე იყო.

ელექტრონული კომერციის ბაზარზე უხვად არიან წარმოდგენილნი რევოლუციონერებიც, სწორედ ასეთია კანადური Shopify, რომელიც დასავლურ ბაზარზე Amazon-ის მთავარი კონკურენტია. მისი აქციების ღირებულება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 400%-ითაა გაზრდილი, რაც ამ ინდუსტრიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. კომპანიის საბაზრო ღირებულება ამჟამად $103 მილიარდს შეადგენს და ის საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება.

ზოგადად, ელექტრონული კომერციის ხსენებისას, პირველ რიგში, მოქალაქეებს ტექნიკის ან ტანსაცმლის მაღაზიები ახსენდებათ, რადგან სწორედ ესენია ის პროდუქტებით, რომელთაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ყიდულობენ e-commerce პლატფორმების მეშვეობით. ონლაინ ვაჭრობაზე ფიქრისას, ცოტას თუ გაახსენდება ავტომობილები, რომელთაც ქართველები ყველაზე ხშირად ვყიდულობთ ხოლმე ონლაინ პლატფორმების დახმარებით. საქმე ისაა, რომ საქართველოს იმპორტსა და ექსპორტში პირველ ადგილს ავტომობილები იკავებს, უფრო კონკრეტულად, გასულ 2023 წელს ქვეყანაში 3 მილიარდ 162 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, ამ მოცულობის უდიდესი ნაწილი კი აშშ-ის ბაზარზე და აუქციონების პლატფორმა Copart-ზე მოდის.

თავად Copart-ი საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რომლის საბაზრო შეფასება 48 მილიარდ დოლარს აღწევს და ის ავტომობილების გაყიდვის მიმართულებით გლობალური ლიდერია. თავისი არსით, Copart-ი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაზე იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ კომპანიას. 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის ზრდით სარგებლის მიღება და Copart-ის, Amazon-ისა თუ სხვა ნებისმიერი საჯარო კომპანიის აქციების შეძენა მობილბანკში ისევე მარტივადაა შესაძლებელი, როგორც ამ პლატფორმებიდან სასურველი ნივთების გამოწერა.    

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები