დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეგიონის გეგმაა, რომ აჭარა 4 სეზონის ტურისტულ მიმართულებად იქცეს - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი

რეგიონის გეგმაა, რომ აჭარა 4 სეზონის ტურისტულ მიმართულებად იქცეს - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი

2023-10-26 18:00:58

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და რეგიონის გეგმაა, რომ აჭარა 4 სეზონის ტურისტულ მიმართულებად იქცეს, - ამის Business Insider Georgia-სთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ზოიძემ განაცხადა.

2024 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 2 322 300 ლარით იზრდება და 19 918 000 ლარს შეადგენს. ზრდა 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 11.49%-ია. 

„ამ მიზანს მოერგო მთელი მარკეტინგული კამპანიები და ყველა პროგრამა დაიგეგმა ისე, რომ აქცენტი გაკეთდა ერთის მხრივ საერთაშორისო მარკეტინგის გაძლიერებაზე და იმავდროულად სამიზნე ბაზრების გაძლიერებაზე. მეორეს მხრივ, 2024 წელს განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება შიდა ტურიზმის მხარდაჭერა და სტიმულირება.

რაც შეეხება საერთაშორისო მარკეტინგს, ამ მიზნით მომავალი წლისთვის 7 მლნ ლარია განსაზღვრული და შესაბამისად ვამატებთ და ვიწყებთ მუშაობას ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ცენტრალური ევროპის, სკანდინავიის, აზიის ქვეყნები.

საერთაშორისო მარკეტინგის ნაწილში 2023 წელთან შედარებით 15%-ითაა ბიუჯეტი გაზრდილი. აქცენტს გავაკეთებთ, როგორც საერთაშორისო ღონისძიებებზე, ასევე ისეთ პროექტებზე, რომელიც მხარს დაუჭერს ინდივიდუალური ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებას, როგორიცაა ღვინო, კულინარია, ტრადიციები, კულტურა.

შესაბამისად, როგორც გამოცდილებითი გაზიარების ტურიზმის ნაწილი შევეცდებით, რომ ემოციებზე მორგებული კამპანიები ვაწარმოოთ. ასევე აჭარის რეგიონი წარმოდგენილი იქნება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც ტურისტული მიმართულების პოზიციონირება აქტიურად ხდება და ეფექტურ მარკეტინგულ კამპანიას განვახორციელებთ. ასევე დაგეგმილია საერთაშორისო მედიის, ბლოგერების მოპატიჟება აჭარის რეგიონში და ოთხ სეზონზე გათვლილი ინდივიდუალური ტურისტული პროდუქტების წარმოჩენა. საერთო ჯამში დაგეგმილია 500-მდე ტუროპერატორის, ბლოგერის, თუ ჟურნალისტის მოწვევა რეგიონში.

შიდა ბაზარს რაც შეეხება, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა ითქვას, რომ ბათუმი თანაბრად საინტერესოა შიდა ვიზიტორებისთვისაც. თითქმის 2,2 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავს და 2 მლნ-მდე შიდა ვიზიტორი. შესაბამისად უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა ბათუმის პოპულარიზაციაზე შიდა ვიზიტორებისთვის, ოღონდ აჭარის სხვადასხვა მარშრუტებზე გადამისამართების და სტიმულირების ნაწილში.

ძალიან აქტიურად ვახორციელებთ უკვე კამპანიას და განსაკუთრებული პრიორიტეტი მომავალ წელს შიდა ტურიზმის სტიმულირება იქნება. შიდა ტურიზმის ნაწილში 50%-ით გაქვს გაზრდილი ბიუჯეტი, რითაც შევეცდებით, რომ ბათუმში ჩამოსული ვიზიტორი დავაინტერესოთ მთაში მოგზაურობით. ამ მიმართულებით უკვე გაქვს 25 მარკირებული მიმართულება და შესაბამისად, აქტიურად მოვახდენთ მათ პოპულარიზაციას.

გვექნება საინტერესო თავისუფალი პროექტები, როგორც ბლოგერებისთვის, ისე ფოტოგრაფებისთვის და გვექნება ძალიან საინტერესო ტურისტული პროექტები, რომლითაც ერთის მხრივ როგორც აჭარაში არსებულ კულინარიას, ასევე კულტურის, ტრადიციების, ძველი თამაშობების აღდგენაზე ვიმუშავებთ, რომელსაც ტურისტულ პროდუქტებად ვაქცევთ და შესაბამისად მოვახდენთ მათ კომერციალიზაციას.

ასევე განსაკუთრებული პრიორიტეტია ტურისტული ინფრასტრუქტურის და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია“, - აცხადებს თინათინ ზოიძე.
 

2024 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად დაგეგმილია:

 

  • ხიხანის ციხეზე დამატებით ინფრასტრუქტურის მოწყობა - 300 000 ლარი,
  • 18 სამიზნე ქვეყანაში და შიდა ბაზარზე აჭარის პოპულარიზაცია - 9 970 000 ლარი, ზრდა 3,35%,
  • მთიან აჭარაში ახალი და უკვე არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარება 4 860 000 ლარი, ზრდა 23,4%,
  • ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა - 500 000 ლარი,
  • ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ბილიკის მოწყობა, კოშკურის მშენებლობა -   500 000 ლარი,
  • 5 ახალ ლოკაციაზე ახალი საპიკნიკე სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა  - 500 000 ლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები