დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი, მოწყვლად ჯგუფებს ტექ განათლების მიღებაში დაეხმარება

რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი, მოწყვლად ჯგუფებს ტექ განათლების მიღებაში დაეხმარება

2024-03-14 10:00:00

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, სქილვილის ინიციატივით, რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა.

„ფონდის მიზანია, რომ დავაფინანსოთ ტექ განათლება იმ ადამიანებისთვის რომლებიც არიან მოწყვლადი ჯგუფები და არ აქვთ საშუალება გადაიხადონ თანხა და მიიღონ განათლება.

ფონდში თანხების აკუმულირება მოხდება როგორც კერძო პირების ისე ბიზნესების შენატანების საფუძველზე და სტუდენტების შერჩევა მოხდება მათი მოწყვლადობის შესაბამისად. ეს იქნება განგრძობადი პროცესი და დამოკიდებულია თანხების მოცულობაზე. ფონდში შემოსული თანხების 100% მოხმარდება ტექ პროფესიების შესწავლას“, - ამბობს სქილვილის დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე. 

„საქართველოში შემოსვლის დღიდან, ჩვენ ყურადღებით ვართ იმ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რაც უკავშირდება ახალგაზრდების ტექ განათლებას. დღევანდელ ინიციატივას ეს შედეგი უნდა მოჰყვეს და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ფონდის შექმნასთან მიმართებით ინტერესი დიდია და გვიხარია, რომ ინდუსტრიაში ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელი იზრდება. ფონდის ფარგლებში მოხდება გადამზადება, ჩვენ მუდმივად გვჭირდება ახალი კადრები და ეს ხალხი გვეყოლება პრიორიტეტში სამსახურში აყვანის დროს“, - განაცხადა Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ. 

„არქი უკვე წელიწადზე მეტია თანამშრომლობს სქილვილთან. ჩვენს თანამშრომლებს აქვთ 50%-იანი ფასდაკლება სქილვილში სწავლის დაწყების შემთხვევაში. დღეს ვუერთდებით სქილვილის ახალ ინიციატივას, რომელიც ეხება რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდის დაარსებას. საინტერესოა და მნიშვნელოვანია, რომ სქილვილი ამ ახალი წამოწყებით და ფონდის შექმნით მისცემს საშუალებას რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ამ მიმართულებით მიიღონ განათლება, ფონდი ხელს შეუწყობს, რათა ამ ადამიანებმა მიღონ შესაბამისი ცოდნა, კარიერული გზა გაიარონ და წარმატებას მიაღწიონ“, - განაცხადა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა. 

13 მარტს, სასტუმრო პულმანში, ოფიციალურად დაანონსდა ფონდის დაფუძნება, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები გაწევრიანდნენ. კომპანიებმა ხელმოწერით დაადასტურეს ფონდში გაწევრიანება და თავიანთი წვლილი ამ საქმეში.

რეზო თურნავა (1960 - 2024) პროფესიით ექიმი იყო. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანების დახმარებას და ქველმოქმედებას ეწეოდა, მის სახელს უკავშირდება არაერთი ადამიანისთვის ხელის გამართვა და გზაზე დაყენება, მათ შორის სწავლის დაფინანსება.

მისი გარდაცვალების შემდეგაც, ოჯახის გადაწყვეტილებით, გაგრძელდება ის საქმე, რომელსაც ის ისედაც ემსახურებოდა. რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი, ახალგაზრდების განათლებას სრულად დააფინანსებს. ფონდს ბიზნესის წარმომადგენლები და კერძო პირები შემოუერთდებიან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები