დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რის ხარჯზე მცირდება ინფლაცია - ნათია თურნავას პასუხი

რის ხარჯზე მცირდება ინფლაცია - ნათია თურნავას პასუხი

2023-08-02 14:41:10

როდესაც ვაკეთებთ ინფლაციის ზრდის ტემპის შენელების დეკომპოზიციას, მნიშვნელოვანი წილი აქვს მედიკამენტების ფასების შემცირებას, აცხადებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.

მისი თქმით, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია წლიური ინფლაცია, რომელიც არის კლებისკენ. 

„ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად საყურადღებოა წლიური ინფლაციის მონაცემი, რომელიც არის კლებადი და ჩვენს ტარგეტზე, მიზნობრივ 3%-ზე ბევრად ნაკლები. მოგეხსენებათ 0,6% არის ივნისის მაჩვენებელი. ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში არის წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ასევე იმპორტირებული პროდუქციაც და ჩვენ ვართ ღია ეკონომიკის ქვეყანა და ვაჭრობა ძალიან აქტიურია და მათ შორის იმპორტირებული საქონლის ფასებს აქვს მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი როლი მნიშვნელოვანია, რომ იგივე მყარი ლარის ფონზე იმპორტული ინფლაცია არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ანუ არა თუ არ იზრდება, არამედ ფასები ფიზიკურადაც მცირდება. ჩვენი მოქალაქეებისთვის შეიძლება რამდენიმე ჯგუფი ვახსენო: მაგალითად საწვავზე ამ თვეების განმავლობაში პერიოდულად იყო ფასების შემცირება. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ორ ფაქტორთან. ესაა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობპროდუქტებზე ფასების შედარებით შემცირება, იმ შოკის შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ იყო და ეს არის ასევე, ისევ და ისევ მყარი ეროვნული ვალუტა.

ასევე მთელ რიგ საკვებ პროდუქტებზე მაგალითად ზეთზე, რომელიც ჩვენი კალათის მნიშვნელოვანი ნაწილია და სხვა საკვებ პროდუქტებზე, სეზონურზე და არასეზონურზე, ასევე ხდებოდა ფასების შემცირება. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ინფლაციის ზრდის ტემპის შენელების დეკომპოზიციას, სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, მნიშვნელოვანი წილი აქ აქვს მედიკამენტების ფასების შემცირებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ბაზრის გახსნის შემდეგ მედიკამენტებზე ფასები საკმაოდაა დაწეული. 

"პროგნოზი არის საკმაოდ დამაიმედებელი. ჩვენი მოლოდინი წლის ბოლომდე არის, რომ ინფლაცია კვლავაც იქნება მიზნობრივზე დაბალი. ეს ტენდენცია გაგრძელდება და მიზნობრივ 3%-ს 2024 წლის ბოლოს მიუახლოვდება, ან ამის ირგვლივ დაკონცენტრირდება. ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ტემპებზე. იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ადგილობრივი საქონლის ინფლაცია ასევე მოჰყვება იმპორტირებული საქონლის ფასების ტემპების შემცირებას. უბრალოდ გვინდა დავინახოთ, რომ ეს შემცირება უფრო სწრაფი ტემპთ მიდის. აქედან გამომდინარე ჩვენ ნაბიჯებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ის სტატუსკვო რაც დღეს არსებობს ეკონომიკაში", - აღნიშნა თურნავამ. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები