დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ნედლეულის ფასები მსოფლიოში და როგორია პროგნოზი - Galt & Taggart

როგორ იცვლებოდა ნედლეულის ფასები მსოფლიოში და როგორია პროგნოზი - Galt & Taggart

2024-03-07 14:00:00

Galt & Taggart მსოფლიო ნედლეულის ბაზარზე თებერვალში, ფასების დინამიკის კვლევას აქვეყნებს. კერძოდ, როგორ იცვლებოდა ნავთობის, ბუნებრივი აირის, ამონიუმის ნიტრატის, ხორბლის, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ფეროსილიკონისა და ოქროს ფასები. 

ნავთობი

2024 წლის თებერვალში ნავთობის ფასი თვიურად 2.3%-ით შემცირდა. იანვარში ჩრდილოეთ ამერიკის წარმოების შეფერხებებმა (განხილულია ჩვენს წინა მიმოხილვაში) ბაზარი მცირედით დაძაბა. შემცირებულმა მარაგებმა ფასი გაზარდეს, თუმცა წინა თვისგან განსხვავებით, ეს არ იყო ფასის ერთადერთი მამოძრავებელი.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე, მოსალოდნელი მოთხოვნა-მიწოდების დინამიკა და OPEC+-ის შეხვედრა თებერვლის ნავთობის ვაჭრობის განმსაზღვრელი ფაქტორები იყო. თებერვლის პირველ დღეებში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო. ჩართული მხარეების განცხადებით, შეთანხმებას „რეალური შანსი ჰქონდა და შეეძლო ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის ინიცირება“.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, 7 თებერვალს ჰამასის ეს შეთავაზება უარყო და ისრაელმა ქალაქი რაფაჰის დაბომბვა განაგრძო, რაც მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციაა. მოვლენების ამ განვითარებას ნავთობის ფასის 3.1%-იანი ზრდა მოჰყვა 8 თვებერვალს. მიწოდების მხარეს, ანალიტიკოსების მოლოდინების შესაბამისად, OPEC+-მა საკუთარი წარმოების ნებაყოფლობითი შემცირება (დღეში დაახლ. 2 მლნ ბარელი) 2024 წლის ივლისამდე გააგრძელა. წლის დასაწყისიდან ერთი ბარელი ნავთობის ფასი $80-ის ირგვლივ მერყეობს, რაც OPEC-ის უმსხვილესი მწარმოებელი საუდის არაბეთისთვის მნიშვნელოვნად დაბალია. Fitch Ratings-ის მიხედვით, საუდის არაბეთს ნავთობი $90-100 ფარგლებში სჭირდება რათა შეძლოს საკუთარი ამბიციური პროექტების დაფინანსება - ეკონომიკური რეფორმები, ფუტურისტული ქალაქები, სპორტული ტურნირები და ა.შ. OPEC-ის შეხვედრის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, შესაბამისად - ფასებში უკვე მეტ-ნაკლებად ასახული. ჯგუფის წევრებს, სავარაუდოდ, უფრო რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ ივნისის შეხვედრისას, როცა 2024 წლის მეორე ნახევარში სამოქმედო გეგმას დასახავენ. მეორეს მხრივ, OPEC-ის არაწევრი ქვეყნების ლიდერს, აშშ-ს ნავთობის მაღალი ფასები არ აწყობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბაიდენის ადმინისტრაციას საარჩევნო წელი უდგას და ინფლაციის წნეხი მის ელექტორალურ რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს.

ამ ეტაპზე, ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების დინამიკა დაბალი ფასის შენარჩუნებაზე მეტყველებს. საერთაშორისო ენერგეტიკული ასოციაციის (IEA) მიხედვით, არსებული მიწოდება საკმარისია მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდის დასაკმაყოფილებლად (+1.2 მლნ ბარელი დღეში). OPEC-ის მიხედვით კი მოთხოვნა უფრო მეტად, დღეში 2.2 მილიონი ბარელით გაიზრდება 2024 წელს, თუმცა, ამ ეტაპზე, არც ეს მაჩვენებელია საკმარისი ფასების მნიშვნელოვნად გასაზრდელად.

ბუნებრივი აირი

2024 წლის თებერვალში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 16.4%-ით შემცირდა. ევროპული გაზის ფასები ენერგოკრიზისამდელ მაჩვენებლებამდე დაეცა და თებერვლის მიწურულს ერთ მეგავატ საათზე $24.5-მდეც შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ფასებზე უარყოფითი გავლენა როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის ფაქტორებს აქვთ და ისინი მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდებში კვლავ რელევანტური იქნება. მსხვილი საინვესტიციო ბანკების მედიანური პროგნოზის მიხედვით, ბუნებრივი აირის საშუალო ფასი ევროპაში 9.7%-ით შემცირდება 2024 წელს. ჩვენი წინა მიმოხილვის შემდეგ მოთხოვნის დინამიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. GIE-ს (Gas Infrastructure Europe) მიხედვით, ბუნებრივი აირის მარაგები 62.5%-ზე იყო ევროკავშირში 29 თებერვალს, რაც რეკორდული მაჩვენებელია (61.1% 2023 წლის 28 თებერვალს).

ზამთარი თითქმის დასრულებულია, ევროკავშირს მალე მარაგების შევსებაზე მოუწევს ზრუნვა. შესაბამისად, მომდევნო თვეების განმავლობაში ევროპაში მოთხოვნის ზრდა მოსალოდნელია, თუმცა არსებული მარაგების გათვალისწინებით, ეს მოთხოვნა საკმარისი არ იქნება ფასების მნიშვნელოვანი ზრდისათვის. ზოგი ანალიტიკოსი ენერგო-კრიზისის დასრულების (და შესაბამისად ფასების მერყეობის) გამოცხადებისგან თავს იკავებს, რადგან ჯერ საჭიროა ევროპამ და აზიამ ერთდროულად გამოსცადონ ცივი ზამთარი, ხოლო მიმწოდებლებმა შეძლონ ორივე კონტინენტის სათანადოდ მომარაგება. მიწოდების მხარეს, კატარი - LNG-ის (გათხევადებული ბუნებრივი აირი) უმსხვილესი ექსპორტიორი, ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდას ელის და LNG ინვესტიციებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ბოლო განცხადების მიხედვით, მიმდინარე დეკადის დასრულებამდე ახლანდელი წარმოების (77 მლნ ტონა წელიწადში) 85%-ით ზრდა აქვთ დაგეგმილი. Shellის პროგნოზით, LNG-ზე მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება 2040 წლამდე, ძირითადად ჩინეთის და განვითარებადი აზიის ხარჯზე. რუსეთი, დასავლური სანქციების გვერდის ავლით, ცდილობს LNG ინფრასტრუქტურის განვითარებას. მათი სტრატეგიული პროექტი, Arctic LNG 2, სავარაუდოდ, თავის პირველ პროდუქციას უახლოეს კვირებში გაგზავნის აზიელი მომხმარებლების მიმართულებით. პროექტის წარმატება ან წარუმატებლობა განსაზღვრავს რუსეთში ამ ინდუსტრიის განვითარების ბედსა და სამომავლო ინვესტიციებს.

რადგან ამ ეტაპზე მოთხოვნა დაბალია, ხოლო მიწოდების მოლოდინები იზრდება, ზოგი ანალიტიკოსის აზრით, ბაზარი უკვე შეეგუა 2024 წელს აღმასვლის პოტენციალის არქონას. ფასები, სავარაუდოდ, დაბალ დონეზე შენარჩუნდება, რაც თავის მხრივ ჭარბი მიწოდების აღმოფხვრას დაეხმარება.

ოქრო

2024 წლის თებერვალში ოქროს ფასი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა. თებერვლის პირველ ნახევარში ოქრო მიმდინარე წელს პირველად ჩამოცდა $2,000 ნიშნულს, გლობალური მაკროეკონომიკური ფაქტორების შედეგად. აშშ-ს ინფლაცია 3.1% დაფიქსირდა, მოსალოდნელ 2.9%-ზე მეტი, რაც ახლო პერიოდში განაკვეთების კლების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

საპირწონედ, აშშ-ში საცალო ვაჭრობის აქტივობა შენელდა, რაც პოტენციურად სუსტ დოლარზე მეტყველებს, ეს კი ოქროს $2,000-ზე მაღლა დაბრუნებაში დაეხმარა. მსოფლიოში მიმდინარე ომები და უმეტეს ქვეყნებში დაგეგმილი არჩევნები ოქროს ფასზე დადებითად იმოქმედებს, რადგან ინვესტორები გეოპოლიტიკური რისკების ჰეჯირებას ახდენენ. დამატებით, ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 1,000 ტონაზე მეტით გაზარდეს 2023 წელს. ყველაზე მეტი - 225 ტონა ჩინეთმა შეიძინა, მას მოჰყვება პოლონეთი 130 ტონით. ორივე სტაბილური მყიდველები იყვნენ გასული წლის მანძილზე და ცენტრალური ბანკების ეს ტრენდი მოსალოდნელია რომ გაგრძელდება, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მხრიდან.

ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთი პირველი გამომწვევი მიზეზი 2023 წელს აშშ-ს რეგიონული ბანკების კრიზისი იყო, როცა სამი პატარა და საშუალო ზომის ბანკი გაკოტრდა, რამაც თავის მხრივ მსოფლიოს მასშტაბით ბანკების აქციების კლება, ხოლო ოქროზე მოთხოვნის ზრდა გამოწვია. აშშ-ს საბანკო სექტორის რყევის შიშის დაბრუნებამ 2024 წლის მარტის პირველ დღეებში ოქრო კიდევ ერთხელ გაზარდა რეკორდულ ნიშნულამდე. New York Community Bancorp-მა (NYCB) საკუთარი სასესხო პორტფელის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმებში „მნიშვნელოვანი სისუსტე“ აღმოაჩინა. Fitch Ratings-მა და Moody’s-მა ბანკის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა საინვესტიციო ქულაზე დაბალ ნიშნულამდე. აშშ-ს სხვა რეგიონულმა ბანკმა, Republic First Bancorp-მა ასევე გამოაცხადა რომ აუდიტორმა მის შიდა კონტროლის მექანიზმებში „მნიშვნელოვანი სისუსტე“ აღმოაჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბანკი გასული წლის კრიზისის დროს გაკოტრებულ ბანკებთან შედარებით საკმაოდ პატარაა, რეგულატორები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ მოვლენამ შესაძლოა კიდევ გამოიწვიოს რეგიონული ბანკების მიმართ უნდობლობა აშშ-ში. პოტენციური ახალი საბანკო კრიზისის ბედი და მისი გავლენა ოქროზე მარტის თვის განმავლობაში გამოიკვეთება, რასაც ჩვენს შემდეგ მიმოხილვაში განვავრცობთ. მანამდე კი, საინვესტიციო ბანკების მედიანური მოლოდინის თანახმად, ოქროს საშუალო ფასი 5.1%-ით გაიზრდება 2024 წელს.

ამონიუმის ნიტრატი

2024 წლის თებერვალში ამონიუმის ნიტრატის ფასი ერთ ტონაზე $215 შენარჩუნდა. წითელ ზღვაში 18 თებერვალს ჰუსიტების თავდასხმის შედეგად გადამზიდი ჩაიძირა, რომელსაც საუდის არაბეთიდან ბულგარეთისკენ 18,000 ტონა ამონიუმის ფოსფატი გადაჰქონდა. გარემოზე ზიანის გარდა, ინციდენტმა მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის პოტენციური რღვევის რისკები გააჩინა. მეორეს მხრივ, მოთხოვნის მხარეც ტრადიციულ გაზაფხულის სეზონებთან შედარებით სუსტია, რადგან ფერმერები ევროპის მასშტაბით განგრძობენ მაღალი გადასახადების, რეგულაციებისა და უსამართლო კონკურენციის პროტესტს. მანამ, სანამ ბრიუსელში, მადრიდში, ვარშავასა და სხვა ქალაქებში გამოსვლები გრძელდება, სასუქების სამომავლო მოთხოვნის პროგნოზი ბუნდოვანია.

ხორბალი

2024 წლის თებერვალში ხორბლის ფასი თვიურად 9.8%-ით შემცირდა. ფასების კლება მსხვილ მწარმოებლებში (ბრაზილია, რუსეთი, აშშ) პროდუქციის ზრდას უკავშირდება. მიმდინარე დაღმავალი ტრენდი იმ სწრაფი ზრდის საპირისპიროა, რაც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში (მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი) შეჭრას მოჰყვა. ომის გამო გაზრდილმა ფასებმა ფერმერებს უბიძგეს მეტი ფართობის ნათესებისკენ. ახალმა მოსავალმა და უკრაინის მხრიდან მიწოდების გაგრძელებამ კი მარცვლოვან კულტურებზე ფასი მკვეთრად შეამცირა 2023-24 წლებში. ციკლის შესაბამისად, დაბალი ფასების გამო ფერმერები ახლა ნათესი ფართობების შემცირებას იწყებენ. შესაბამისად, პოტენციურად შემცირებულმა მოსავალმა ფასები მომავალში უნდა გაზარდოს, თუმცა მოკლე ვადაში დაბალი ფასის შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

2024 წლის თებერვალში სპილენძის ფასი თვიურად 1.2%-ით შემცირდა. სპილენძის კონცენტრატების შეზღუდული ბაზარი სპილენძის ფასზე დადებითად მოქმედებს. Hernan Videla-ს, ჩილეურ მწარმოებელს, ოპერაციების დროებით შეჩერება მოუხდა, რადგან მომპოვებელ კომპანიებს აღარ შეეძლოთ ქარხნის მომარაგება. გადაზიდვის პრობლემებმა წითელ ზღვასა და პანამის არხში ლონდონის მეტალურგიული ბირჟის მარაგები ექვსთვიან მინიმუმამდე შეამცირა. საპირწონედ, მზარდია ჩინური მარაგები, თუმცა მისი კლებაა მოსალოდნელი მარტიდან, ადგილობრივი მოთხოვნის გამოცოცხლების ფონზე. ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების კლების გადავადებას სპილენძზე უარყოფითი გავლენა აქვს (სესხის დაბალი პროცენტი ეკონომიკაში სპილენძის მოთხოვნაზე დადებითად მოქმედებს).

მიუხედავად ამისა, S&P Global-ის მიხედვით, ბაზარზე 292,000 ტონა სპილენძის დეფიციტი იქნება 2024 წელს.

ფეროსილიკონი

2024 წლის თებერვალში ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 3.9%-ით, ხოლო ჩინურის 3.7%-ით შემცირდა. მიუხედავად თვიური კლებისა, ევროპული ფასი წლის დასაწყისიდან 9.3%-ითაა გაზრდილი. სამომავლო ფასის პროგნოზი ბუნდოვანია, რადგან რკინისა და ფოლადის ინდუსტრიებში დაბრკოლებები კვლავ არსებობს. თუმცა, წლის განმავლობაში კლებადი განაკვეთები გაზრდის მოთხოვნას უძრავი ქონებისა და ინდუსტრიული სექტორის მხრიდან

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები