დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ დაცულ ტერიტორიებს ირჩევენ უცხოელი ვიზიტორები - დავით იოსებაშვილის შეფასება

რომელ დაცულ ტერიტორიებს ირჩევენ უცხოელი ვიზიტორები - დავით იოსებაშვილის შეფასება

2024-01-28 15:00:00

საქართველოში ეკოტურიზმი დღითიდღე ვითარდება და პოპულარული ხდება. ამ მიმართულებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაგეგმილი. გასული წლის მიღწევებსა და მიმდინარე წლის გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეს დავით იოსებაშვილს ესაუბრა.

- რამდენი ვიზიტორი მიიღო დაცულმა ტერიტორიებმა 2023 წლებში და როგორია 2022 წელთან ზრდის დინამიკა

- 2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ით - არის გაზრდილი.

ბოლო წლების ტენდენცია არც ახლა დარღვეულა და გასულ წელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწყია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკს, წალკის კანიონს, ოკაცეს კანიონს, თბილისის ეროვნულ პარკს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერს.

- არსებული სტატისტიკური მაჩვენებლიდან 2023 წელს როგორი იყო უცხოელებისა და ადგილობრივი ვიზიტორების გადანაწილება? ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

- გასული წლის ვიზიტორთა შორის 42% ქართველია (449312 ვიზიტორი), ხოლო 58% უცხოელი (627 262 ვიზიტორი). 2023 წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 2022 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია 28% - ით. უცხოელებს შორის ყველაზე მეტად ჭარბობენ ვიზიტორები ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან და პოლონეთიდან.

- რომელ დაცულ ტერიტორიებს ირჩევენ უმეტესად უცხოელი ვიზიტორები და რომელს ადგილობრივები და რატომ?

- როგორც სტატისტიკა აჩვენებს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ჰყავს 2 ტიპის ვიზიტორი. ერთი, რომელსაც უყვარს ბუნებაში ლაშქრობა. ასეთ ვიზიტორებს დაცული ტერიტორიების სააგენტო სთავაზობს ერთ და რამდენიმე დღიან სალაშქრო მიმართულებებს, სადაც ღამის გათევა სირთულეს არ წარმოადგენს, არამედ კეთილმოწყობილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. მეორე ტიპის ვიზიტორებს კი ურჩევნიათ აღმოაჩინონ 1 დღიანი ტურისტული ობიექტები, ძირითადად ბუნების ძეგლები, იგულისხმება მღვიმეები, კანიონები და სხვა. მოგეხსენებათ, აღნიშნული მიმართულებითაც ვიზიტორებს მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.

- 2023 წელს რა სიახლეები დახვდათ ვიზიტორებს დაცულ ტერიტორიებზე და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით 2024 წელს?

ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ მიმართულებით გვქონდა მნიშვნელოვანი სიახლეები. 2023 წელს, საქართველოში პირველად, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერზე მოეწყო 3D განათების სისტემები, რამაც ვიზიტორებს ღამის საათებში მოგზაურობის საშუალება მისცა და კიდევ უფრო პოპულარული გახადა აღნიშნული დაცული ტერიტორიები.

განახლდა და განვითარდა სხვადასხვა ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები: აშენდა 32 ახალი ეკოტურისტული კოტეჯი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფლიას და პროემთეს მღვიმის ინფრასტრუქტურას, შეიცვალა გარე განათების სისტემები, სათაფლიაში მოეწყო დინოზავრების ახალი პარკი, განახლდა პანორამული გადასახედი და მუზეუმი, დასრულების ეტაპზეა უპრეცედენტო, 1 200 კმ-მდე სიგრძის, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები 15 დაცულ ტერიტორიაზე, საიდანაც 750 კმ-ზე მეტი სიგრძის ბილიკები უკვე დასრულებულია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯუთა-როშკა- ომალოს დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც მოიცავს: 220 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის, 64 საფეხმავლო ხიდისა და 7 სამთო თავშესაფრის (მთის ქოხები) მოწყობას..

დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობას განაგრძობს და, მიმდინარე წელს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს შესთავაზებს ვიზიტორებს.

ასეთი მაგალითია ბალდის კანიონი, რომელიც მიმდინარე ეტაპზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტია.

ბალდის კანიონი, ესაა ჯერ კიდევ აღმოუჩენელი სილამაზე საზოგადოებისთვის, რომელიც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ერთეული ადამიანისთვისაა ცნობილი, ძირითადად ადგილობრივისთვის.

ბალდის კანიონის შემთხვევაში, ვფიქრობთ, მოხდეს იმ მინიმალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც სრულ ჰარმონიაშია ეკოტურიზმის განვითარებასთან, ასევე, საზოგადოებას მივცეთ საშუალება წვდომა ჰქონდეს ამ ტერიტორიასთან: მოვაწყოთ საინტერესო ატრაქცია, რომელიც, ერთი მხრივ, მოგზაურობის, მეორე მხრივ, კი ახალი შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობას მისცემთ, რაც სწორედ საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს.

ბალდის კანიონზე შეიქმნება პირველი როლერი, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის და უკვე საზოგადოების უფრო ფართო მასებს მიეცემა საშუალება ბუნებით დატკბნენ, შეიქმნება ბილიკები.

ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, მოვახდინოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ საიტის შესახებ და პოპულარიზაცია, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობას მივცეთ ახალი შესაძლებლობები განავითარონ ეს ტერიტორიები, სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებითა და გაწევით. ჩვენ მზად ვართ მათთან ერთად ვიმუშაოთ ტრენინგების კუთხით, მცირე გრანტების მოზიდვის შესაძლებლობებზე რათა მცირე ბიზნესის განვითარება დაიწყონ და ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც მარტვილის კანიონზე, მტირალას ეროვნულ პარკში და სხვა დაცულ ტერიტორიებზეა, მოხდეს ბალდის კანიონზეც.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი, ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო აქტიური იქნება. საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს დაუვიწყარი და მრავალფეროვანი სერვისებით უმასპინძლებს

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები