დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ნედლეული გაიაფდა მაისში მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მეტად -  გალტ & თაგარტი

რომელი ნედლეული გაიაფდა მაისში მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მეტად - გალტ & თაგარტი

2023-05-31 17:30:21

გალტ & თაგარტი მსოფლიო ნედლეულის ბაზარზე მაისში, ფასების დინამიკის კვლევას აქვეყნებს. კერძოდ, როგორ იცვლებოდა ნავთობის, ბუნებრივი აირის, ამონიუმის ნიტრატის, ხორბლის, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ფეროსილიკონისა და ოქროს ფასები. 

ნავთობი

2023 წლის მაისში, ნავთობის ფასი თვიურად 0.9%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც ფასები მკვეთრად გაიზარდა 2023 წლის აპრილში OPEC-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო. თუმცა, ფასები სწრაფად დაუბრუნდა საწყის მაჩვენებლებს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე. განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის უარყოფითი მოლოდინების გამო, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ნავთობის (Brent) საშუალოწლიური ფასი 2023 წელს $84.0-ს გაუტოლდება (-15.9% წ/წ) და $86.0-ს (+2.4% წ/წ) 2024 წელს.

ბუნებრივი აირი

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. ამასთან, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო. ფასების თანდათანობითი ვარდნა სავარაუდოდ უკავშირდება ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს, გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ევროპაში გაზის დაზოგვის ტენდენციას. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბუნებრივი აირის (ევროპა) საშუალოწლიური ფასი 2023 წელს $19.0-ს გაუტოლდება (-52.9% წ/წ) და $17.0-ს (-10.5% წ/წ) 2024 წელს.

ამონიუმის ნიტრატი

2023 წლის მაისში ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 19.2%-ით შემცირდა. სასუქების ფასებმა შემცირება დაიწყო 2021 წლის ბოლოდან, რაც ძირითადად გამოწვეულია ბუნებრივი აირის ფასების დაცემით (სასუქის წარმოება საჭიროებს გაზის დიდი რაოდენობით მოხმარებას), მიწოდების გაუმჯობესებული პერსპექტივით და ვაჭრობის გადამისამართებით: რუსეთზე სანქციების გამო დეფიციტის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, ბოლო პერიოდში ფასი ეცემა, რადგან რუსულმა ექსპორტმა ევროპიდან (ძირითადად) ჩინეთსა და ინდოეთში გადაინაცვლა. ხორბალი 2023 წლის მაისში

ხორბალი

ხორბლის ფასი თვიურად 9.1%-ით შემცირდა. მსოფლიო ბანკის თანახმად, უკრაინაში ომის შემდგომი შეფერხებები თავიდან აცილების და ხორბლის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნების კარგი მოსავლის მოლოდინების გათვალისწინებით, 2023 წელს ხორბლის (U.S., HRW) საშუალოწლიური ფასი $355.0-ს (-17.4% წ/წ), ხოლო 2024 წელს $335.0-ს (-5.6% წ/წ) გაუტოლდება.

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

2023 წლის მაისში სპილენძის ფასი თვიურად 5.0%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, სპილენძის ფასი 2023 წელს შედარებით სტაბილური იყო და მერყეობდა 8,500 აშშ დოლარიდან 9,000 აშშ დოლარამდე. ამასთან, ჩინეთის ეკონომიკის გახსნამ 2023 წლის პირველ კვარტალში არ შეუწყო ხელი სპილენძის ფასის ზრდას, რაც შეიძლება აიხსნას ზოგიერთ განვითარებულ ეკონომიკაში უძრავი ქონების სექტორების შენელებით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოსალოდნელია რომ სპილენძის საშუალოწლიური ფასი 2023 წელს $8,500.0-ს (-3.7% წ/წ), ხოლო 2024 წელს $8,000.0-ს (-5.9% წ/წ) გაუტოლდება.

ფეროსილიკონი

2023 წლის მაისში ჩინურ და ევროპულ ფეროსილიკონზე ფასები შემცირდა, შესაბამისად, 3.9%-ით თ/თ და 7.3%-ით თ/თ. ფეროშენადნობების ფასებმა პიკს მიაღწია 2021 წელს და, დროებითი შემცირების შემდეგ, კვლავ გაიზარდა რუსეთუკრაინის ომის დაწყების დროს. თუმცა, ერთის მხრივ ჩინეთის უძრავი ქონების სექტორის კრიზისისა და ნულოვანი COVID-ის პოლიტიკის, ხოლო მეორე მხრივ ევროპაში ნეგატიური განწყობების გამო, ფასებმა 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო შემცირება. ჩინეთის ეკონომიკის აღდგენას 2023 წელს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა არ მოუხდენია ფასების ზრდაზე.

ოქრო

2023 წლის მაისში ოქროს ფასი თვიურად 2.1%-ით შემცირდა. გაურკვევლობისა და მაღალი ინფლაციის პერიოდებში, ოქრო ითვლება ე.წ. safe-haven აქტივად. ამის გამო, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა 2023 წლის აშშ/ევროპის საბანკო კრიზისის ფონზე, რამაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას ბოლო თვეებში და ოქროს ფასმა 2023 წლის აპრილში 2,000 აშშ დოლარს მიაღწია. საპროცენტო განაკვეთებთან და, შესაბამისად, აშშ დოლართან უარყოფითი კორელაციის გამო, 2023 წელს მოსალოდნელია ოქროს ფასის ზრდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოსალოდნელია რომ 2023 წელს ოქროს საშუალოწლიური ფასი გაუტოლდება $1,900.0-ს (+5.5% წ/წ), ხოლო 2024 წელს $1,750.0-ს (-7.9% წ/წ).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 საათის წინ

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები