დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა, რა გავლენა ექნება ამას საქართველოს ბაზარზე

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა, რა გავლენა ექნება ამას საქართველოს ბაზარზე

2023-11-18 15:00:39

რუსეთის მთავრობამ 17 ნოემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან საავტომობილო ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა გააუქმა. ამის შესახებ რუსული მედია ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. .

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვა შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის მიზნით 21 სექტემბერს დაწესდა. სექტემბრის მონაცემებით, გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი 30%-ით, 1.7 მილიონ ტონამდე შეამცირა. 

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ორ თვეში „უზრუნველყოფილია შიდა ბაზრის გაჯერება და შეიქმნა საავტომობილო ბენზინის ჭარბი რაოდენობა, მათ შორის ბირჟის გაყიდვების არხში“.

დეპარტამენტის ცნობით, ექსპორტის აკრძალვის დაწყებიდან მოყოლებული, საბირჟო საბითუმო ფასები „მნიშვნელოვნად შემცირდა“, ხოლო ავტომობილების საწვავის მარაგი დაახლოებით ორ მილიონ ტონას შეადგენს.

მთავრობის დადგენილებაში ბენზინისა და საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების შემოღების შესახებ ნათქვამია, რომ დროებითი შეზღუდვები „ხელს შეუწყობს საწვავის ბაზრის გაჯერებას, რაც თავის მხრივ შეამცირებს ფასებს მომხმარებლებისთვის“.

როსსტატის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 3,35 რუბლით და 54,3 რუბლს შეადგენს.

სააგენტომ აღნიშნა, რომ საწვავის ფასების ამჟამინდელი ზრდა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ზაფხულის ბოლოს ბაზრის მონაწილეებმა განაცხადეს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტის შესახებ. ეს პრობლემა შეიქმნა სარატოვის, ნოვოსიბირსკის, რიაზანის რეგიონებში, ასევე კრასნოდარის მხარეში, ადიღეასა და ასტრახანის რეგიონში.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის 8 თვის მონაცემებით, სწორედ რუსეთის ფედერაციაა.

საქართველოში ამ პერიოდში ჯამში 716 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი შემოიტანეს. რუსეთზე კი სრული იმპორტის ღირებულების 61% მოდის, ხოლო იმპორტის მოცულობის (ტონებში) - 67%.

მეორე ადგილზე რუმინეთია - ღირებულების 14%-ით.

რუსეთი საწვავის იმპორტიორებს შორის შესამჩნევად დომინანტი 2022 წლიდან გახდა - თუკი ამ ქვეყნიდან 2021 წელს ნ $135 მლნ-ის ღირებულების ნავთობი შემოვიდა, 2022 წელს იმპორტი $621 მლნ-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ,რომ რუსეთის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებას საქართველოს საწვავის ბაზარზე რეაქცია მოჰყვა და ქსელში კომპანიებმა რეგულარისა და პრემიუმის საწვავი გააძვირეს.

გადაეწყობიან თუ არა ქართველი ნავთობიმპორტიორები კვლავ რუსული საწვავის იმპორტზე, Business Insider Georgia-მ ამ კითხვით ნავთობიმპორტიორ კომპანიებს მიმართა. მათ კომენტარებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

სუპერისა და რეგულარის ტიპის საწვავის ფასი (1 ლიტრი ) 18 ნოემბრის მონაცემები: 

lukoil - ლუკოილი

სუპერი - ₾3.77; რეგულარი- ₾3.13; 

Wissol

სუპერი - ₾3.78; რეგულარი - ₾3,22;

Rompetrol

სუპერი ₾3.78; რეგულარი -₾ 3,20;

socar - სოკარი

სუპერი - ₾3.78; რეგულარი - ₾3,17;

Gulf

სუპერი - ₾3.79, რეგულარი -₾3,17;

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები