დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე მოთხოვნადი ნატურალური თხილია - IG Agro

საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე მოთხოვნადი ნატურალური თხილია - IG Agro

2023-07-12 19:10:31

„აწარმოე საქართველოს“ პროდუქტებით სარგებლობის შემდეგ კომპანია IG Agro პროგრამის „დანერგე მომავალი“ ხარჯზე გაფართოებას აპირებს.

როგორც „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ IG Agro-ს დამფუძნებელმა მერაბ ჭითანავამ განუცხადა, გადამამუშავებელი საწარმოს გარდა კომპანია 550 ჰა-ზე გაშენებულ თხილის პლანტაციებს ფლობს და გეგმაშია, რომ წელს პლანტაცია კიდევ 100 ჰა-თი გააფართოოს.

პროექტის განსახორციელებლად კომპანიას მიწა უკვე აქვს და საკუთარი ფინანსების გარდა „დანერგე მომავლის“ ფარგლებშიც ვარაუდობს დაფინანსების მოპოვებას. 

როგორც IG Agro-ს დამფუძნებელი აცხადებს, პროექტის განსახორციელებლად 2 მლნ ლარია საჭირო. 

„დღეის მდგომარეობით თხილი 550 ჰა-ზე გვაქვს გაშენებული და წელს ვაპირეთ, რომ დამატებით 100 ჰა-ზე გავაშენოთ. პლანტაციები პერიოდულად შედის მსხმოიარობაში და წელს დაახლოებით 100 ტონამდე მოსავალს ველოდებით. უკვე მეორე სეზონზე ველით მოსავალს. შარშან მივიღეთ პრემიუმ ხარისხის 50 ტონა პროდუქცია, წელს კი გაორმაგებულ მოსავალს ველოდებით.

რაც შეეხება მოსავლის პროგნოზს წლევანდელ წელზე ნორმალური მოლოდინი გაქვს, წვიმები გვიშლის ხელს ბუნებრივია, თუმცა დიდი დანაკარგები არ გაქვს, სამუშაოების ჩატარება მეტ-ნაკლებად შევძელით“, - აცხადებს მერაბ ჭითანავა.

მისი თქმით,  IG Agro თხილის პლანტაციისთვის ნერგებს კომპანია „აგრი ჯორჯიას“ სანერგეში ყიდულობს. 

რაც შეეხება IG Agro-ს საწარმოს, ის ექსპლუატაციაში 2022 წელს შევიდა და 1500 ტონა თხილი გადაამუშავა. წარმოებისთვის საჭირო თხილი კი ჩაიბარა. 

„ვიბარებთ თხილს თხილის მწარმოებელთა ასოციაციიდან და თხილის საშრობებიდან. შარშან შევიძინეთ დაახლოებით 1500 ტონამდე თხილი. ეს იყო სატესტო წელი და პირველი სამუშაო სეზონი. წელს ბევრად მეტის შეძენას ვაპირებთ“, - ამბობს მერაბ ჭითანავა.

საწარმო ნატურალურ თხილს, მოხალულ თხილს, თხილის გრანულას, თხილის ფქვილს  და თხილის პასტას აწარმოებს და პროდუქციის დიდი ნაწილს ექსპორტზე ყიდის. IG Agro-ს საექსპორტო ბაზრები ამ დროისათვის გერმანია და იტალიაა, თუმცა მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელთანაც. 

კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციიდან საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე მოთხოვნადი ნატურალური თხილია. ასევე დიდი მოთხოვნაა მოხალულ თხილზე.

მერაბ ჭითანავას თქმით, თხილის პასტის ბაზარი ჯერჯერობით ძალიან ნელა ვითარდება.

„2022-2023 წლის სეზონზე 22 კონტეინერის ექსპორტის განვახორციელეთ, ხოლო მომავალ სეზონისთვის უფრო მეტის გეგმები გვაქვს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. 

ცნობისთვის, ზუგდიდში მდებარე IG Agro-ს საწარმოს დღიურად 80 ტონა გაუტეხავი თხილის გადამუშავება შეუძლია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები