დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება წლიურად 30.1%- ით შემცირდა

საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება წლიურად 30.1%- ით შემცირდა

2024-04-10 19:00:00

საქართვეოში ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება წლიურად 30.1%- ით შემცირდა 2024 წელის 2 თვეში, რაც დაბალი საიმპორტო ფასის შედეგია, რადგან მოცულობა ბევრად ნაკლებად 17.9%-ით შემცირდა წლიურ ჭრილში, - ამის შეახებ Galt & Taggart -ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

„2024 წლის მარტში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 14.7%-ით გაიზარდა (+0.1% 1კვ24-ში). მიუხედავად თვიური ზრდისა, ფასი წლის დასაწყისიდან თითქმის არ შეცვლილა, რაც ენერგოკრიზისამდელ დონეზე დასტაბილურებას მიუთითებს.

დაბალი ფასების გამო განვითარებადი აზიის ქვეყნებმა გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვები გაზარდეს, რამაც მარტში 24 მლნ ტონას მიაღწია (+12% წ/წ). ზრდა ძირითადად ჩინეთის, ინდოეთისა და ტაილანდის დამსახურება იყო. LNG-ს ვაჭრობა, სავარაუდოდ, აზიის მიმართულებით განაგრძობს აქტიურობას, რადგან ევროპული მარაგები სეზონურ პიკზეა.

როგორც წინა მიმოხილვაში აღვნიშნეთ, კატარი, აზიის უმსხვილესი მომმარაგებელი, 2030 წლამდე საკუთარი წარმოების თითქმის გაორმაგებას აპირებს. მარტში კატარმა აზიურ კომპანიებთან ხელშეკრულება გააფორმა და 19 LNG გადამზიდი დაიმატა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ სექტორში დომინაციის სურვილს. მოთხოვნის მხარეს, ბუნებრივი აირი ახალ მომხმარებელ სექტორს იძენს ხელოვნური ინტელექტის (AI) სახით. დატა ცენტრებისგან მზარდია ბუნებრივი აირის მეშვეობით წარმოებული ელექტროენერგიის მოთხოვნა, რათა შეძლონ „AI რევოლუციისთვის“ საჭირო ენერგორესურსების მოძიება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბუნებრივ აირს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ტექნოლოგიური ენერგოსაჭიროებების დაკმაყოფილებაში და ამ მიზნისთვის უფრო სანდო წყაროს წარმოადგენს ვიდრე განახლებადი ენერგია.

მიუხედავად სუფთა ენერგიაზე გადასვლის მცდელობებისა, სავარაუდოა რომ ეს სფერო ბუნებრივი აირის მოთხოვნაზე იმოქმედებს. მაგალითისთვის მხოლოდ Microsoft გლობალურად სამ დღეში ერთხელ ხსნის დატა ცენტრს. ამ ტენდენციის გამო გარემოს დამცველები შეშფოთებულები არიან, რადგან შიშობენ რომ ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხებს გლობალურად კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ დაგეგმილ აქტივობებს.

ერთის მხრივ, Google-სა და Microsoft-ს გაცხადებული მიზანი აქვთ რომ საკუთარი ოპერაციები მწვანე ელექტროენერგიით წარმართონ. მეორეს მხრივ, ECP-ს (Energy Capital Partners) მიხედვით, გაზი ერთადერთი ეფექტური და სანდო ენერგიაა, რომელსაც შეუძლია მსხვილი ტექნოლოგიური და AI კომპანიები დააკმაყოფილოს.

შესაბამისად, ჯერ კვლავ უცნობია რამდენად ინტენსიური იქნება ამ ინდუსტრიაში ბუნებრივი აირის გამოყენება. ზოგადად, IEA-ს მიხედვით, გლობალურად დატა ცენტრების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 1,000 ტვტ.სთ-ს მიაღწევს 2026 წელს, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე ორჯერ დიდია და გერმანიის ჯამურ მოხმარებას უტოლდება“ - ნათქვამია მიმოხილვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები