დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში საწვავის გაძვირება ნაწილობრივ რუსეთში შექმნილ დეფიციტს უკავშირდება - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

საქართველოში საწვავის გაძვირება ნაწილობრივ რუსეთში შექმნილ დეფიციტს უკავშირდება - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

2023-09-16 00:25:55

საქართველოში საწვავის გაძვირება ნაწილობრივ რუსეთში შექმნილ დეფიციტს უკავშირდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა. 

იობაშვილის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთში საწვავი გაძვირდა და დეფიციტიც კი შეიქმნა, ნავთობის მოპოვების შემცირებას უკავშირდება. 

„თავის დროზე, როცა რუსული საწვავი იაფდებოდა, ვისარგებლეთ და ფასის ლავირების საშუალება მოგვეცა. კარგია, რომ ფასი წამოვიდა ქვემოთ, მაგრამ  მერყეობდა ფასები, ევროპულ პროდუქტთან თუ გათანაბრდება, მაშინ აზრს დაკარგავს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა.

ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ,,პლატცის" პოლიტიკით არ შემოგვაქვს რუსული საწვავი, არამედ ხელსაყრელი ფასის გამო. თუკი ფასები მოიმატებს, შესაბამისად, ჩვენც შედარებით მაღალ ფასს მივიღებთ და დავკარგავთ რუსულ ბაზარს", - აცხადებს იობაშვილი Business Insider Georgia- თან.

მისივე პროგნოზით, თუ რუსეთში საწვავის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოში ფასები კიდევ 10 თეთრით გაიზრდება. 

„არამარტო საერთაშორისო ბაზრებზე გაიზარდა ნავთობის ფასი, არამედ რუსეთმა  შექმნა პრობლემა. კერძოდ, თავად ამ ბაზარზე შეიქმნა საწვავის დეფიციტი. საქმე იმაშია, რომ  როცა საუდის არაბეთმა ნედლი ნავთობის მოპოვება შეამცირა, იგივე ქმედება გაიმეორა რუსეთმა. შესაბამისად დაიწყო ნედლეულზე ფასების ზრდა, რადგან ცნობილია, რომ პროდუქტს აძვირებს დეფიციტი.

საქართველოშიც უკვე შეიქმნა საწვავის მოწოდების პრობლემები რუსეთიდან. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთმა გააძვირა ტრანსპორტირების საფასური. საქართველო თითქმის 90%-ით იყო დამოკიდებულ რუსულ საწვავზე. ეს მაჩვენებელი უკვე დაბლა წამოვიდა. რუსეთი არასოდეს არ იყო სტაბილური ბაზარი, ეს მიმდინარე ტენდენციამაც აჩვენა“, - ამბობს იობაშვილი. 

2023-ის პირველ 6 თვეში ბენზინისა და დიზელის 81.1% საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტირებული საწვავის ყველაზე დიდი, 81%-იანი წილი რუსეთზე მოდიოდა. .

იანვარ-ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 554.2 ათასი ტონა, რაც 32.5 ათასი ტონით ანუ 6.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (521.7 ათასი ტონა).

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა რუსეთიდან – 449.5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 81.1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან:

  • რუმინეთი – 77.6 ათასი ტონა – 14%;
  • თურქმენეთი – 11.4 ათასი ტონა – 2%;
  • აზერბაიჯანი – 9,5 ათასი ტონა – 1.7%;  
  • ბელარუსი – 5 ათასი ტონა – 0.9%;
  • არაბთა გაერთ.ემ. – 1 ათასი ტონა – 0.2%;
  • უკრაინა – 0.1 ათასი ტონა – 0.02%;
  • ბულგარეთი – 0.1 ათასი ტონა – 0.02%.

2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 273.7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 280.5 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 166.6 ათასი ტონა (60.9%);  A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი –101.6 ათასი ტონა (37.1%);  A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 5.5 ათასი ტონა (2.0%);

რატომ ძვირდება ნავთობი რუსეთსა და მსოფლიოში

აგვისტოში რუსული ურალის ნავთობი გლობალურ ბაზარზე საშუალოდ ბარელზე 70 დოლარით ივაჭრებოდა. ამრიგად, ამ მაჩვენებელმა დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ ლიმიტს 10 დოლარით გადააჭარბა, ნათქვამია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშში.

G7-ის ქვეყნებმა და ავსტრალიამ  დაადგინეს ზღვით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე ფასი, რამაც ბარელზე  $60  შეადგინა. სექტემბრის დასაწყისში ურალის საშუალო ფასმა ამ მაჩვენებელს 15 დოლარით გადააჭარბა და ბარელზე 75 დოლარს მიაღწია.

ანალიტიკოსებმა ეს ტენდენცია მაისის დონესთან შედარებით რუსული ნავთობის ექსპორტის შემცირებით ახსნეს. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე.

ურალის ღირებულების ზრდამ რუსეთს საშუალება მისცა აგვისტოში ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 17,1 მილიარდ დოლარამდე გაეზარდა. ივლისის მაჩვენებელთან შედარებით ზრდამ 1,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მანამდე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა გაზარდა 2023 და 2024 წლებში ჩრდილოეთ ზღვის Brent ნავთობის ფასების პროგნოზი. ბარელზე საშუალო ფასი წელს 84,46 დოლარია, მომავალ წელს კი 88,22 დოლარი. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წინა პროგნოზი შესაბამისად 82,62 და 86,48 დოლარს გულისხმობდა.

როგორც ამერიკის დეპარტამენტში განმარტავენ, ფასების დინამიკაზე გავლენას მოახდენს, სხვა საკითხებთან ერთად, გლობალური ნედლეულის მარაგის კლება 0,2 მილიონი ბარელით დღეში 2023 წლის მეოთხე კვარტალში. კლება გამოწვეული იქნება უმსხვილესი ექსპორტიორის, საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობითი შემცირებით და რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის მოცულობის შემცირებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები