დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო სააგენტო სებ-ის სრულ ზედამხედველობას დაექვემდებარება, რაც გააუმჯობესებს სტანდარტს - ლევან დავითაშვილი

საპენსიო სააგენტო სებ-ის სრულ ზედამხედველობას დაექვემდებარება, რაც გააუმჯობესებს სტანდარტს - ლევან დავითაშვილი

2024-04-04 13:27:00

შემდეგი ამოცანა ჩვენთვის არის კიდევ უფრო ეფექტურობით გამოყენება იმ დანაზოგების ჩვენი ეკონომიკისთვის და პირველ რიგში ისევ და ისევ პენსიონერების ინტერესების გათვალისწინებით, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საპენსიო სააგენტოს 5 წლიანი საქმიანობის შეჯამების შემდეგ გააკეთა, რომელიც დღეს სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა.

მინისტრის განმარტებით, დაზღვევის მექანიზმები კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც შემდეგი რეფორმის ნაწილია. 

„მთავარია, რომ პენსიონერებმა სტაბილურად მიიღონ დანაზოგებზე მეტი შემოსავალი, და მეორე, ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, როგორც გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი, მაგრამ აქაც არის კონკრეტული პირობები და მინდა განვმარტო, რომ როცა იყო საუბარი, რომ დანაზოგები გამოიყენება საინვესტიციო რესურსების სახით პროექტებში, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ საინვესტიციო სააგენტო აიღებს დანაზოგებს და სადმე ინვესტირებას მოახდენს. ეს მოხდება კონკრეტული საფინანსო ინსტრუმენტების გზით და ეს არ იქნება პირდაპირ კაპიტალში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში არის კონკრეტული დათქმები.

ამაზე ვმუშაობდით გასულ წელს და 2023 წელს ჩვენ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღეთ, რომელმაც განმარტა თუ როგორი უნდა იყოს ინვესტირების პროცედურები, რათა დავაზღვიოთ გარკვეული საკითხები. რათა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოხდეს ამ დანაზოგების განთავსება.

საუბარია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით პროექტებში თანამონაწილეობაზე, ან საუბარია ისეთ ობლიგაციებზე, რომელსაც მაქსიმალურად მაღალი რეიტინგი აქვს. ასევე საუბარია იმაზე, რომ მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება ზედამხედველობის სტანდარტი და სებ-ის სრულ ზედამხედველობას დაექვემდებარება საპენსიო სააგენტოს საქმიანობა. ამიტომ ეს დაზღვევის მექანიზმები მნიშვნელოვანია კრიტიკულად, იმისათვის, რომ ჩვენ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი გავზარდოთ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის შემდეგი ეტაპი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი საპენსიო სააგენტოს 5 წლიანი მუშაობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მლრდ ლარზე მეტი ამონაგებით OECD-ის კვლევებში საპენსიო სააგენტო ლიდერია. 

„5 წელია საპენსიო სააგენტოს საქმიანობის, და ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ წარმატებული 5 წელი. უმნიშვნელოვანესი და ძალიან მგრძნობიარე რეფორმა. ჩვენმა ხელისუფლებამ  ძალიან წარმატებით დაიწყო საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი, რათა ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მეორე საფეხური საპენსიო სისტემა, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ წელს ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემის კანონმდებლობა მივიღეთ და საშუალებას ვაძლევთ მოსახლეობას, რომ ე.წ. მესამე პილარშიც ანუ მესამე ბლოკშიც მიიღონ მონაწილეობა, კონკრეტულმა დასაქმებულებმა, იმისთვის, რომ მეტი შედეგი მიიღონ და უფრო მეტი იყოს მათი დანაზოგი საპენსიო ასაკისთვის.

თუმცა ქვაკუთხედი და ხერხემალი და დაგროვებითი საპენსიო სისტემის არის სავალდებულო საპენსიო სისტემა, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ. ამიტომ ჩვენი მიდგომა იყო საკმაოდ ფრთხილი და დაბალანსებული. ჩვენ ვნახეთ, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული, მილიარდ ლარზე მეტია ამონაგები. რეალური მოგებაც ძალიან მნიშვნელოვანია და OECD-ის მონაცემებით საქართველო პირველ ადგილზეა ნომინალური შემოსავლებით და საინვესტიციო შემოსავლებით. ასევე ნომინალური შემოსავლებითაც საქართველო ერთ-ერთი ლიდერია. შესაბამისად ის დანაზოგები, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ გადაიხადა საპენსიო სააგენტოში არის ყველაზე უფრო ეფექტიანად მართული დღევანდელ პირობებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები