დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სები საჯარო კონსულტაციისთვის მწვანე, სოციალური, მდგრადი და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემისიის მარეგულირებელ ჩარჩოს აქვეყნებს

სები საჯარო კონსულტაციისთვის მწვანე, სოციალური, მდგრადი და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემისიის მარეგულირებელ ჩარჩოს აქვეყნებს

2024-02-27 15:26:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო კონსულტაციისათვის "მწვანე, სოციალური, მდგრადი და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების" წესის პროექტი გამოაქვეყნა. ახალი ჩარჩო მიზნად ისახავს წაახალისოს და გააძლიეროს პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრაქტიკა კაპიტალის ბაზარზე და დანერგოს მარეგულირებელი მექანიზმები გარემოსდაცვითი და სოციალური მიზნობრიობის მქონე საჯაროდ შეთავაზებული კორპორაციული ობლიგაციებისთვის. ახალი ჩარჩო ორიენტირებულია აღნიშნული ობლიგაციების მიმართ ინვესტორთა ნდობისა და ინტერესის ზრდაზე,  ასევე შეცდომაში შემყვანი სარეკლამო პრაქტიკის  (ე.წ. "Greenwashing") პრევენციასა და აღმოფხვრაზე.

ახალი წესი კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის (ICMA) პრინციპებს და მდგრადი დაფინანსების სფეროში მოქმედ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, მათ შორის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს მიერ 2023 წლის 22 ნოემბერს დამტკიცებულ ევროპის მწვანე ობლიგაციის სტატუსის მომწესრიგებელ რეგულაციას. ობლიგაციისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელი იქნება ექსპერტის მიერ განხორციელებული შეფასება. აღსანიშნავია, რომ "მწვანე", "სოციალური", მათ შორის, "გენდერული" ან "მდგრადი" სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ საჯაროდ შეთავაზებული კორპორაციული ობლიგაციებისთვის, რომლიდან მოზიდული სახსრებითაც დაფინანსდება ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიით ან ეკვივალენტური საერთაშორისო ტაქსონომიით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობა.

პროექტი შემუშავდა ისეთ საერთაშორისო  ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, როგორებიც არის საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელი  (Sustainable Banking and Finance Network).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროექტთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს წარუდგინონ თავიანთი შენიშვნები არაუგვიანეს 2024 წლის 31 მარტისა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები